in

როგორ შევასრულოთ მოსაწყენი საქმეები? — კვლევა

დროის საინტერესოდ გატარებას ყოველთვის ვცდილობთ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ბევრ უინტერესო საქმესაც სჭირდება შესრულება. იქნება ეს ჭურჭლის რეცხვა, მონაცემების შეყვანა, საბუთების შევსება თუ სხვა რამ. 2000-ზე მეტ მონაწილეზე დაკვირვებით კი მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ადამიანები მსგავს დავალებებს თავს მალევე ანებებენ, რადგან ეს ნაკლებ ყურადღებას მოითხოვს. ამას მხოლოდ მაშინ ახერხებენ, როცა პროგრესს ხედავენ, დადებით უკუკავშირს იღებენ ან დავალება მათთვის უფრო სახალისო ხდება… აქ კი უკვე ტანგენსურ იმერსიაზე საუბრობენ — აქტივობები იმ ამოცანებთან უნდა დააწყვილოთ, რომლებიც მეტ ყურადღებას მოითხოვს. ასეთი, შესაძლოა, ჭურჭლის რეცხვისას პოდკასტის მოსმენაც იყოს…

ტანგენსური იმერსია ამცირებს მოწყენილობას და ზრდის გამძლეობას

სანამ ამ დასკვნამდე მივიდოდნენ, მკვლევრებმა რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარეს. მაგალითად, მონაწილეების ორ ჯგუფს კბილის გახეხვისას განსხვავებული ვიდეოები აჩვენეს. პირველ ვიდეოში ბუნების ლამაზი პეიზაჟები იყო ნაჩვენები, მეორეში კი უფრო საინტერესო დოკუმენტური ფილმი დათვებისა და მგლების შესახებ. ამ უკანასკნელის ყურებისას მონაწილეები, პირველ ჯგუფთან შედარებით, კბილებს 30%-ით მეტ ხანს ისუფთავებდნენ.

შემდეგ ექსპერიმენტში კი დააკვირდნენ, რამდენად გამძლეები იყვნენ მონაწილეები. აქ უკვე 3 ჯგუფი მონაწილეობდა, მათ მარტივი ფიზიკური ვარჯიშის გაკეთება დაავალეს, იმ აქტივობასთან ერთად, რაც პირველი ჯგუფის შემთხვევაში ეკრანზე მოძრავი წერტილის ყურება იყო; მეორისთვის წყალქვეშა სამყაროს სურათის ნახვა და მუსიკის მოსმენა, ხოლო მესამისთვის საინტერესო ამბის წაკითხვა. აქ კი დადგინდა, რომ მესამე ჯგუფის მონაწილეები 10%-ით მეტხანს ვარჯიშობდნენ, რაც მათი გამძლეობის გაზრდად შეგვიძლია ჩავთვალოთ.

რაც შეეხება ტანგენსური იმერსიისა და პროგრესის მონიტორინგის საკითხს, დადგინდა, რომ ადამიანები, რომელთაც ბეჭდვისას ტაიმერი ჰქონდათ დაყენებული და შეეძლოთ საკუთარი პროგრესისთვის თვალყურის დევნება, მეტად პროდუქტიულები იყვნენ.

დაბოლოს, კვლევის თანახმად, ადამიანებს მხოლოდ მაშინ შეუძლიათ ორი საქმის ერთდროულად კეთება, როცა მათი ყურადღება უმეტესწილად, მაგრამ არა სრულად, ჩართულია ამ პროცესში. მაგალითად, მონაწილეები ფიზიკურ ვარჯიშთან ერთად მარტივად გააგრძელებდნენ კითხვას, მაგრამ არითმეტიკული ამოცანების შესრულებას ვერ შეძლებდნენ…

როგორ ჩავრთოთ ტანგენსური იმერსია ჩვენს სამუშაო სივრცეში?

სავარჯიშო დარბაზში ყოფნისას მუსიკის ან პოდკასტის მოსმენა ტანგენსური იმერსიის მარტივი მაგალითია. თუმცა ეს მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, შესაძლოა, სამუშაო სივრცეში უფრო დიდი სარგებლის მომტანიც იყოს.

მაგალითად, საოფისე საქმეების შესრულებისას ბევრი თანამშრომელი მონიტორინგისთვის ტაიმერს იყენებს, რათა კონკრეტული დავალების შესრულება უკეთ მოახერხოს. მენეჯერები კი ხშირად მათ მოტივაციის ასამაღლებლად დამატებით დასვენების საათებს ან ბონუსებს აძლევენ. ეს მეთოდი კიდევ უფრო ეფექტურადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ — თანამშრომლებს სამუშაოს შესრულებისას მუსიკის მოსმენა, ვიდეოების ყურება თუ ახალი ამბების წაკითხვა უნდა შეეძლოთ, თუმცა, ბუნებრივია, ეს ხელს პირველ აუცილებელ დავალებას არ უნდა უშლიდეს.

ტანგენსურ იმერსიას დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გაზრდისთვისაც იყენებენ. მაგალითად, იმისათვის, რომ ხელები უფრო დიდხანს დაიბანონ, სარკესთან ახალი ამბები უნდა განათავსოთ…

ეს მიდგომა წარმატებული მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებითაც კი შეიძლება იყოს. ამოცანა ორი აქტივობის ისე შეფუთვაა, რომ ისინი ყურადღების უმეტეს ნაწილს იპყრობდეს. მაგალითად, თუ ფიტნეს აპლიკაციას პოდკასტს დაამატებენ, თქვენ უფრო მეტს ივარჯიშებთ, აპლიკაციას უფრო დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებთ, რაც ორმხრივი სარგებლის მომტანი იქნება.

გამოდის, ტანგენსური იმერსიანებისმიერი საქმის შესრულებისას მარტივ და ეფექტურ სტრატეგიას გთავაზობთ და ამასთან ერთად, თქვენს ეფექტურობასა და სოციალური კეთილდღეობის მაჩვენებელს ზრდის. ეს კი კარგი არგუმენტი იქნება იმ ადამიანებთან გასამკლავებლად, რომლებიც თვლიან, რომ სამსახურში მუსიკის მოსმენა ნაკლებ პროდუქტიულს გხდით…

წყარო: HBR



დიზაინერები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ბიზნესის წარმატებაში

გვჭირდება თუ არა ხელოვნური ვიტამინების მიღება?