in

როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა?

„არ არსებობს ბავშვი, რომელსაც კითხვა სძულს; არსებობენ ბავშვები, რომლებსაც ჯერ არ აღმოუჩენიათ სწორი წიგნი“, — ამბობს მწერალი ფრენკ სერაფინი, რომელსაც ბავშვთა ლიტერატურაში უდიდესი წვლილი მიუძღვის და კარგადაც ესმის, რა სჭირდებათ პატარებს.

შეუძლებელია, მას არ დავეთანხმო, რადგან თითოეული ჩვენგანი სხვადასხვაგვარად აღიქვამს როგორც ცხოვრებას და ნებისმიერ საკითხს, ისე ნაწარმოებებსაც. ის, რაც ერთს აინტერესებს, მეორისთვის შეიძლება სრულიად უინტერესო იყოს. თუმცა არის წიგნები, რომლებიც უმეტესობა ჩვენგანს უყვარს და, ალბათ, სწორედ ასე განისაზღვრება „აღიარებულობაც“.

აქვე საგულისხმოა, რომ ზოგიერთ ადამიანს წიგნისადმი სიყვარული პატარაობიდანვე დაჰყვება, ზოგიერთი კი გვიან აღმოაჩენს, რომ „თურმე კითხვა სიამოვნებას ანიჭებს“. უბრალოდ, ყველასათვის საყვარელ მწერალ ჯოან როულინგს თუ დავუჯერებთ, ადრეულ ასაკში წაკითხული ნაწარმოებები მუდამ ჩვენთან რჩება და შესაბამისი გავლენაც აქვს ჩვენს შინაგან სამყაროზე.

მეთოდები, რომლებიც დაგეხმარებათ, ბავშვებს კითხვა შეაყვაროთ:

  • ჩამოაყალიბეთ კითხვის ქცევა: თუ ბავშვები ხედავენ, რომ თავადაც კითხულობთ, მეტად მოწადინებულნი იქნებიან, რომ მათთვის შესაფერისი ზღაპრები თუ მოთხრობები წაიკითხონ.
  • ძილის წინ ერთად წაიკითხეთ: ეს იდეალური დროა, რათა დღის ბოლოს, თამაშითა და სწავლით დაღლილებს ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობაში დაეხმაროთ. აქვე, ხმამაღლა კითხვა მათ სიტყვების გაცოცხლებაში ეხმარება. ერთად ისაუბრეთ ამბავზე, დასვით კითხვები: „როგორ ფიქრობ, რა მოხდება შემდეგ?“
  • ერთად წაიკითხეთ ის, რაც პატარებს აინტერესებთ: მიჰყევით მათ ინტერესებს და ისაუბრეთ, რა მოსწონთ კონკრეტულ ზღაპარში თუ მოთხრობაში ყველაზე მეტად. ეს უფრო სახალისოს გახდის მთელ პროცესს და უფრო მჭიდრო კავშირის დამყარებაშიც დაგეხმარებათ.
  • ყველა წიგნი საინტერესოა: დროთა განმავლობაში ინდივიდუალური გემოვნება გვიყალიბდება და მარტივად ვხვდებით, როგორი წიგნები გვიზიდავს. თუმცა ბავშვებმა თავად უნდა გაარკვიონ ეს: შთააგონეთ, რომ ნებისმიერი ნაწარმოები რაღაც საინტერესოს გვასწავლის. ჟანრობრივადაც ნუ შეზღუდავთ — მხატვრული ლიტერატურა, ბიოგრაფიები, საბავშვო ჟურნალები, კომიქსები ან თუნდაც კულინარიული წიგნები.
  • მოაწყვეთ საკითხავი კუთხე: სახლში მყუდრო, კომფორტული ადგილი შეიძლება „კითხვის ზონად“ გადაიქცეს. ხშირად შესაბამისი ატმოსფერო გვჭირდება მოტივაციისა და განწყობის შესაქმნელად.
  • მეგობრებთან ერთად წააკითხეთ: ერთგვარი წიგნის კლუბის ჩამოყალიბება ბავშვებს საშუალებას მისცემს, მეგობრებს სხვადასხვა შეხედულება თუ აზრი გაუზიარონ. ბავშვებს შეუძლიათ ისაუბრონ წიგნზე, მათ საყვარელ გმირებზე ან იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა ამბის სხვაგვარად განვითარება.
  • ნუ „დამალავთ“ წიგნებს: თუ წიგნები ყოველთვის ხელმისაწვდომია, მეტი შანსია, რომ ბავშვებს მათი წაკითხვის ან დათვალიერების სურვილი გაუჩნდებათ, თუნდაც რამდენიმე წუთის განმავლობაში.

სტატიაში იმ წიგნებზეც ვისაუბრებთ, რომელთა მეშვეობითაც შეგიძლიათ, თქვენს პატარებს მცირე ასაკიდან შეაყვაროთ კითხვა და ამ ჯადოსნურ სამყაროში შებიჯებაში დაეხმაროთ.

დათუნია დრუნჩა

თუ გინდათ, ბავშვებმა გაიცნონ ფეხბურთელი კნუტი კუსა, მომღერალი ყვავი, გამრჯე ბაჭია და მისი მეზობლები, ტია, წია, პეპელა და ლადო, ზოოპარკის ბინადრები, სამი კნუტი: ცეტა, ზანტა და ბუტია; ისწავლონ ანგარიში, ქართული ანბანი, მუსიკალური ნოტები, ტყუილი და მართალი. დათუნიასთან ერთად ითამაშონ ლახტით, მორთონ ნაძვის ხე და ყური უგდონ თოვლის პაპის ნათქვამს; გაიგონ, რა მისწერა კურდღელმა ციყვს, რას გვიამბობს ციყვი ცირა, როგორ აღნიშნეს ღრუტუნიას დღეობა, ვინ გაიმარჯვა კალიების შეჯიბრში, რატომ გახდა ავად ხუთიანი, სად დაიკარგა პატარა დათოს ქუდი, საით მიქრის უცნაური ორთქლმავალი და რატომ დადის დიდი სპილო მუდამ ფეხშიშველი — მაშინ სწორედ ამ წიგნთან უნდა დაამეგობროთ პატარები და ერთად წაიკითხოთ ისეთი ქართველი მწერლების ლექსები, როგორებიც არიან ესმა ონიანი, ოთარ ჭილაძე და გივი ჭიჭინაძე.

კაცი და მისი უცნაური პიანინ

თუკი გჯერათ სასწაულების ან უკვე აღარ გჯერათ; თუ ხშირად ფიქრობთ, როგორ უნდა გაუძლოს ობოლმა ბავშვმა სევდას; თუკი გაინტერესებთ, რატომ ხედავს ერთი იმას, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ, მაშინ გაიცანით მანათობელ პეპლებად გადაქცეული დედის კოცნები, აჩლაჩულა და აფლაფატო, ბრაზო და ღიმო, ცისტერნა, რომელიც ფერად წყალს ყიდის, მოღიმარი გრამოფონი, კეთილი კლოუნი, დაკარგული ქუდების ქვეყანა და ერთფეროვანი ყოველდღიურობა გაილამაზეთ.

გურამ პეტრიაშვილის ზღაპრები განსხვავებულ ადამიანებზეა. ისინი ჩვენ გვერდით ცხოვრობენ და იმაზე მეტს გრძნობენ და განიცდიან, ვიდრე — სხვები. ზოგჯერ ზღაპრის გმირების იმედები, გულწრფელობა, ოცნებები გაუგებარი ხდება, მაგრამ დარღვეულ ჰარმონიას ისევ თანადგომა, სიხარულის გაზიარება და კეთილი ღიმილი ავსებს.

წიგნი მასწავლებლებს საინტერესო გაკვეთილების ჩატარებისკენ უბიძგებს, მშობლებს დაეხმარება, ბავშვებს გულები გაუთბონ, მოზარდებს მშვენიერების შემჩნევას ასწავლის, ბავშვობამონატრებულ მკითხველს კი სევდიან ფიქრებს აუშლის, თუმცა „სევდაც უნდა გამოსცადო ხანდახან, რომ უკეთ იგრძნო, რა არის სიხარული…“

რწყილი და ჭიანჭველა

რწყილი და ჭიანჭველა დაძმობილდნენ და გზას გაუდგნენ, ვინ იცის, სად მიდიოდნენ. გზად ხიფათი შეემთხვათ. რუს გადაკვეთისას რწყილმა ისკუპა და გადახტა, ჭიანჭველა კი წყალში ჩავარდა. აბა, რწყილი რა რწყილი იქნებოდა, თუკი მეგობარს არ გადაარჩენდა, მაგრამ შეძლებდა კი რამეს ერთი ციდა მწერი, თუკი მსუნაგი ღორი, ხელგაშლილი მუხა, მჩხავანა ყვავი, ბრაზიანი კრუხი, დიდი ორმო, ცელქი თაგვი, მოდარაჯე კატა და ზმუილა ძროხა არ დაეხმარებოდნენ. თან მათთვის სათითაოდ ძღვენი უნდა მიერთმია. ბევრი წვალებისა და ხტუნვის შემდეგ, ღორიდან მუხასთან, მუხიდან ყვავთან, ყვავიდან კრუხთან, კრუხიდან ორმოსთან, ორმოდან თაგვთან, თაგვიდან კატასთან, კატიდან ძროხასთან, რწყილმა მოიპოვა მთავარი, რაც ყველაზე ძალიან სჭირდებოდა: მეგობრის წყლიდან ამოსაყვანი საშუალება — ღორის ჯაგრისგან შექმნილი ბაწარი — და მეგობრის გადარჩენა შეძლო.

ზღაპარი განკუთვნილია 3-7 წლის ბავშვებისთვის და გვასწავლის, რომ ნამდვილი მეგობრობა ერთგულებას და თავდადებას მოითხოვს; მეგობრისთვის თავგანწირვას და შრომას კი ყოველთვის აქვს შედეგი. ზღაპარი, მართალია, ხალხურია, მაგრამ დღესაც აქტუალობას არ კარგავს, რადგან მეგობრობისთვის თავგანწირვაზეა და გვეუბნება, რომ მეგობრის კეთილდღეობისთვის ყველაფერი ასატანია.

მიმბო-ჯიმბო მეგობარს სტუმრობს


ვინ არიან საუკეთესო მეგობრები, რომლებსაც შეუძლიათ სტუმრად ეწვიონ პატარა გოგონას შორს, უცხო ქვეყანაში, შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს? ესენი არიან მიმბო-ჯიმბო და მუმბო-ჯუმბო!

ჩვენ უნდა წავიდეთ საცურაო აუზზე, შემდეგ მუზეუმში და ბოლოს შევაგროვოთ ველური წაბლი.

მიმბო-ჯიმბო ხელოვნების ნიმუშს ქმნის

დღეს მიმბო-ჯიმბომ ხელოვნების ნიმუში უნდა შექმნას. მან უნდა გამოიყენოს საღებავები, ჩოგბურთის ჩოგანი, ზარბაზანი და მუმბო-ჯუმბო. ეს ძალიან რთულია.

მოდი, დავითვალოთ

„მოდი, დავითვალოთ“ — სახალისო და თავშესაქცევი ფორმით გააცნობს პატარებს ციფრების სამყაროს. გარდა ძირითადი პერსონაჟებისა — ცხოველების, ფრინველების და სხვა ცოცხალი არსებების, რომელთა რაოდენობა თითოეულ რიცხვს უდრის, წიგნის ფურცლებზე უამრავი სხვა საგანი თუ ფერია წარმოდგენილი, რისი მეშვეობითაც, ბავშვი მთლიანად გარემოს აღქმას ეჩვევა და დამატებით ცოდნასაც იძენს.

აღსანიშნავია, რომ თითოეული წიგნი ბავშვების სიყვარულით და მათი ფანტასტიკური, ჯადოსნური ხედვითაა დაწერილი. მათში მოთხრობილი ამბები, მოცემული ლექსები, საოცარი ილუსტრაციები დაგეხმარებათ, პატარების ყოველდღიურობას მშვენიერება შესძინოთ, ბავშვური გულუბრყვილობით თუ რწმენით, რომ ცხოვრებაში ყოველთვის ყველაფერი შესაძლებელია.


რუბრიკის წარმდგენია გამომცემლობა ინტელექტი

#ვისაუბროთწიგნებზე

ავტორი: ქეთია ბელქანია

მეცნიერებმა მაიას კალენდრის საიდუმლო ამოხსნეს — კვლევა

Skoda Fabia – რატომ ირჩევენ მას ყველაზე ხშირად სუპერმინის მოყვარულები