ბევრი ჩვენგანისთვის დღის განმავლობაში სმარტფონის გამოყენების დრო საკმაოდ დიდია, როგორც სამსახურის, ისე გართობისა და მეგობრებთან კონტაქტის მიზნით. ამიტომაც ნამდვილად ყველა ჩვენგანის ინტერესში შედის მობილური ტელეფონის ელემენტის ნაადრევად გაფუჭების თავიდან აცილება. სტატიაში სწორედ ამასთან დაკავშირებით გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას.
მოერიდეთ ექსტრემალურ ტემპერატურას
ტელეფონის ბატარეა მგრძნობიარეა სიცხისა და სიცივის მიმართ. ასე რომ, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებამ შეიძლება მისი ფუნქციონირების ხანგრძლივობა შეამციროს. მაგალითად, Apple-ის თანახმად, აიფონის ან აიპადის -20 გრადუსიდან 45 გრადუსამდე ტემპერატურაზე გამოყენება უსაფრთხოა. მსგავსი დიაპაზონი მოქმედებს ანდროიდ მოწყობილობების შემთხვევაშიც.
ჭკვიანური დამუხტვა
აუცილებელი არ არის, სმარტფონი მხოლოდ მაშინ დამუხტოთ, როცა ბატარეის მაჩვენებელი 0-ს მიუახლოვდება, შემდეგ კი 100%-მდე აიყვანოთ. ზუსტად იმდენი ხნით დატოვეთ დასამუხტად, რამდენიც შეიძლება დაგჭირდეთ — თითოეულ ბატარეას დამუხტვის ციკლების შეზღუდული რაოდენობა აქვს და მათი ამოწურვის შემდეგ ფუნქციონირება გაუარესდება ან სრულად შეწყვეტს მუშაობას.
ხშირმა ბოლომდე დაცლამ ან დატენვამ შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ციკლებზე… ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა „ოპტიმიზებული დატენვა“, „ადაპტური დამუხტვა“ და სხვა.
განაახლეთ პროგრამული უზრუნველყოფა
ყოველთვის დარწმუნდით, რომ სმარტფონი პროგრამული უზრუნველყოფის უახლეს ვერსიაზე მუშაობს — იქნება ეს Android თუ iOS. ხშირად განახლებები ოპტიმიზაციას უზრუნველყოფს, მობილური ტელეფონის კომპონენტებისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად — აქ ახალ ფუნქციებთან ერთად უსაფრთხოების გაუმჯობესებაც იგულისხმება.
გამოიყენეთ ბატარეის „ჯანმრთელობის“ აპლიკაცია
ბატარეის ჯანმრთელობის აპლიკაციები საკმაოდ სასარგებლოა თქვენი ტელეფონის ბატარეის მდგომარეობის დასადგენად. მათ შეუძლიათ გითხრათ მისი მაქსიმალური სიმძლავრე, შესრულების მაქსიმალური დონე და ზოგადი სიჯანსაღე. ეს ინფორმაცია შეიძლება სასარგებლო იყოს ბატარეის გამოყენების შაბლონების შეცვლაში, რათა გაზარდოს მისი ხანგრძლივობა…
მაშინ, როცა Apple მოიცავს iPhone-ის ბატარეის ჯანმრთელობის ფუნქციას iOS-ში, Android-ის მომხმარებლებს შეუძლიათ დააინსტალირონ მესამე მხარის აპლიკაციები, როგორიცაა AccuBattery.
გამოიყენეთ ბატარეის დაზოგვის რეჟიმი
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული კომპრომისები ბატარეის დამზოგის ან დაბალი ენერგიის რეჟიმის გამოყენებასთან დაკავშირებით, ის შესანიშნავია თქვენი ტელეფონის ენერგიის საერთო მოხმარების შესამცირებლად.
ეს არა მხოლოდ ზრდის სარეზერვო დროს ერთი დამუხტვით, არამედ სასარგებლოა გრძელვადიან პერსპექტივაში. თითქმის ყველა ტელეფონი მოგთხოვთ ჩართოთ ერთ-ერთი ასეთი რეჟიმი, როდესაც ბატარეის მაჩვენებელი 20%-ს მიაღწევს — თუმცა მისით სარგებლობა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
შეცვალეთ ტელეფონის პარამეტრები ბატარეის ნაკლები გამოყენებისთვის
აქამდე ნახსენები ყველა რჩევის პარალელურად, შეგიძლიათ ქვემოთ მოცემული დეტალებიც გაითვალისწინოთ, რათა სმარტფონის დამუხტვა დღეში ორჯერ არ მოგიწიოთ:
- გამოიყენეთ ეკრანის ავტომატური დაბლოკვის ფუნქცია და დროის ინტერვალი მინიმუმამდე დაიყვანეთ;
- აირჩიეთ ავტომატური სიკაშკაშის ფუნქცია;
- გამორთეთ „ყოველთვის ჩართული“ ეკრანის ფუნქცია;
- გამოიყენეთ მუქი რეჟიმი ტელეფონებზე, რომლებსაც OLED ეკრანი აქვს;
- შეზღუდეთ აპლიკაციები, რომლებიც ძალიან მოქმედებს ბატარეაზე;
- გამორთეთ კლავიატურის ხმები ან ვიბრაციები;
- გამოიყენეთ Lite ვერსიები ან აპლიკაციების ვებ ვერსიები;
- გამორთეთ Bluetooth, GPS, NFC და Wi-Fi, როდესაც არ იყენებთ.
რა თქმა უნდა, აქ ჩამოთვლილი ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება არ გჭირდებათ — შეგიძლიათ, მხოლოდ რამდენიმე მათგანი ამოარჩიოთ და თქვენს კომფორტს მოარგოთ.