პერსონალიზებული ფონების შექმნის ხელოვნება ჩვენს ხელთაა, რასაც MidJourney უზრუნველყოფს. ტექსტური მოთხოვნის გამოყენებით, ვარიაციული ექსპერიმენტებითა და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, შეგიძლიათ, მოწყობილობის ეკრანი გენერირებული ნამუშევრების ტილოდ აქციოთ…
იმის ნაცვლად, რომ ვებგვერდებზე თქვენთვის იდეალური ფოტო შეარჩიოთ, AI სისტემა ზუსტად მოერგება თქვენს მოთხოვნებს. სტატიაში კი MidJourney-ის გამოყენების დეტალებს გაგაცნობთ:
პირველ რიგში, გამოთვალეთ ეკრანის თანაფარდობა, რათა ფონის დაყენებისას ფოტო არ გაიწელოს, შეინარჩუნოს ხარისხი, არ ჩამოიჭრას გვერდები და ა. შ. ამისათვის მოთხოვნის ტექსტს ამ პრინციპით მიამატეთ მინიშნება: „–ar 16:9“ (რიცხვები ცვალებადია).
როგორც წესი, სმარტფონებს 9:16 თანაფარდობა აქვს, ტაბლეტებს — 4:5; მონიტორების უმეტესობას კი — 16:0. თუმცა ვხვდებით ულტრაფართო მონიტორებსაც, რომლებიც 21:9 თანაფარდობით გამოირჩევიან. ზუსტი რიცხვების სანახავად კი მოწყობილობის პარამეტრებში შედით.
რჩევა: ტაბლეტის მსგავსი მოწყობილობისთვის, რომელიც გამოიყენება როგორც ლანდშაფტის, ისე პორტრეტის რეჟიმში, უმჯობესია საფუძვლად გამოიყენოთ მისი ლანდშაფტის ასპექტის თანაფარდობა.
რაც შეეხება უშუალოდ ტექსტურ ნაწილს, შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც დეტალური აღწერა, ისე ზოგადი მოთხოვნა — ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ბევრი ნიუანსის გათვალისწინება გსურთ მიღებულ შედეგში. რეალურად, ყველაფერი თქვენს სიტყვებზეა დამოკიდებული — აღწერეთ სცენა, განწყობა, სტილი და ა. შ. რაც უფრო კონკრეტული იქნებით, მით მეტად გაგიგებთ ხელოვნური ინტელექტიც.
ამასთან, ჩვეულებისამებრ, MidJourney ოთხ ვერსიას წარმოგიდგენთ. ქედან შეგიძლიათ გამოიყენოთ ღილაკები „U1“, „U2“ და ა. შ., რათა გააუმჯობესოთ ის ვერსია, რომელიც მოგწონთ.
შექმენით ვარიაციები
არ დაგავიწყდეთ გამოიყენოთ „V“ ღილაკები, რათა საწყისი გამოსახულების საფუძველზე ვარიაციები შექმნათ. ეს საშუალებას მოგცემთ, არჩევანი მრავალფეროვანი შედეგებიდან გააკეთოთ.
მიუხედავად იმისა, რომ MidJourney უკვე გვთავაზობს ხარისხის პარამეტრებს, რომლებიც საშუალო მომხმარებლის ამოცანას აკმაყოფილებს, თუ დეტალებზე მეტად ხართ ორიენტირებული, ერთგვარი გამაძლიერებელი უნდა გამოიყენოთ — AI Upscaler ვიზუალის გასაუმჯობესებლად მანქანურ სწავლებას იყენებს. ტიპური პიქსელაციის ან ბუნდოვანების ნაცვლად, ხელოვნური ინტელექტის ეს პროგრამა ჭკვიანურად ავსებს ხარვეზებს.