რამდენიმე საუკუნის წინ ფილადელფიის ლეგენდარული შეხვედრების დარბაზში რომ ყოფილიყავით, სადაც საკონსტიტუციო კონვენციის დელეგატები იკრიბებოდნენ, საკმაოდ უცნაურ რამეს აღმოაჩენდით — დარბაზის წინ არსებული ქუჩა გიგანტური ბორცვით იყო დაფარული. ეს კი იმისათვის, რომ ცხენებისა და ვაგონების, ქუჩის მოვაჭრეებისა და გარე ხმები ჩაეხშოთ, რათა სამუშაოზე კონცენტრირება უფრო მარტივადაც მოეხდინათ. დღეს კი ჩვენი გარემო სავსეა უამრავი ხმით და ამისთვის ბორცვებს უკვე აღარავინ აშენებს. აქ კი ერთი მარტივი ფაქტი იკვეთება, ორგანიზაციული კულტურა შეიძლება ხმაურიანი ან მშვიდი იყოს.
ხმაურით სავსე სამყარო
უამრავი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ სამყარო ახლა იმაზე უფრო ხმაურიანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ეს, შესაძლოა, ტელევიზორებს, დინამიკებს ან თუნდაც, ელექტრონული მოწყობილობების შეტყობინებებს დავაბრალოთ. ამ მხრივ საინტერესო სტატისტიკური მაჩვენებლებიც არსებობს, ევროპაში მოსახლეობის დაახლოებით 65% ხმაურის იმ დონეში ცხოვრობს, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჯანმრთელობისთვის საშიშად მიიჩნევს. ამას კი შემოქმედებითი სამუშაოს უნარის გამომუშავებაზეც აქვს გავლენა.
თუმცა ხმაურის მნიშვნელობა ზოგჯერ სუბიექტურიც შეიძლება იყოს — ის, რაც თქვენ გსიამოვნებთ, შესაძლოა, სხვისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს. აქ კი ხმაურს განვსაზღვრავთ, როგორც ყველა არასასურველ ხმოვან და გონებრივ სტიმულაციას, რომელიც მოქმედებაში ხელს გვიშლის. ამ შემთხვევაში უსიამოვნებაზე მეტიც კია, ეს არის უპირველესი ბარიერი, რათა იმ გამოწვევებთან გამკლავება შევძლოთ, რომლებსაც როგორც ინდივიდები, ორგანიზაციები თუ საზოგადოება ვაწყდებით…
მაგრამ როგორ შევძლებთ ჩვენს გუნდებსა და ორგანიზაციებში ისეთი კულტურის ჩამოყალიბებას, სადაც დიდ მნიშვნელობას დუმილს მიანიჭებენ? მსგავსი ტრანსფორმაციისთვის რამდენიმე ზოგადი პრინციპი არსებობს. ამაზე საუბარი გამიზნულად უნდა დავიწყოთ და ჩვენი მოლოდინები მკაფიოდ განვსაზღვროთ. ეს ისეთ სიღრმისეულ კითხვებსაც შეიძლება მოიცავდეს, როგორიცაა, შევძლებთ თუ არა ერთად სიჩუმეში ყოფნას? ან კარგია თუ არა მრავალი საქმის ერთად შესრულება მაშინ, როცა სხვა ადამიანი რაღაცას გიზიარებთ? კვლევით კი დადგინდა, რომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა გუნდებს მშვიდი გარემოს დაფასებაში დაეხმარება.
როგორ ვქმნით ხმაურს, რომელიც სხვებზე უარყოფითად მოქმედებს?
საერთო სიმშვიდის შესახებ საუბრის დაწყება თქვენი თანამშრომლების ხმაურიან ჩვევებსა თუ ქმედებებზე თითის მიშვერას არ ნიშნავს. თუ ერთობლივი შედეგის მიღწევა გსურთ, ამ კუთხით ჯერ საკუთარი თავი უნდა შეამოწმოთ.
შესაძლოა, თქვენ „ხმამაღლა ფიქრობდეთ“ და სხვებს მუშაობაში უშლიდეთ ხელს, ან ჩართული დაგრჩეთ შეტყობინებები, რომლებიც არასდროს ჩერდება. შესაძლოა, მუსიკასა და პოდკასტებს სხვისი აზრის გათვალისწინების გარეშეც რთავდეთ ან იწყებდეთ სამსახურისთვის მნიშვნელოვანი ზარების განხორციელებას მაშინ, როცა თქვენი შვილი საშინაო დავალებებს წერს…
ამიტომ, მნიშვნელოვანია, თქვენ თავს ჰკითხოთ, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა იმ ქმედების განხორციელება, რომელიც ხმაურს იწვევს? ეს უბრალოდ იმპულსური ქმედება ხომ არ არის? ხოლო თუ ფიქრობთ, რომ ამაზე ნათელ წარმოდგენას თქვენი დაკვირვებით ვერ შეიქმნით, მაშინ ეს სხვა ადამიანებს უნდა ჰკითხოთ.
რა ტიპის ხმაური მაწუხებს ყველაზე მეტად?
„როცა ვიღაც მესაუბრება, არასდროს უნდა ვიყო ტელეფონითა და კომპიუტერით დაკავებული, ხოლო როცა ვიღაც ჩემთან ერთადაა, მრავალი საქმის კეთება არ უნდა დავიწყო“, — ეს ის პირობაა, რომელიც საკუთარ თავთან სიუზან გრიფინ-ბლეკმა, EO Products-ის თანადამფუძნებელმა, დადო და ის ამ „ოქროს წესს“ ყოველთვის იცავს. მიუხედავად იმისა, რომ ასობით თანამშრომელი, ოჯახი და უამრავი ვალდებულება აქვს.
მსგავსად, ოღონდ უფრო მეტად ხმაურის შემცირებისა და მიზანმიმართული სიმშვიდის შესაქმნელად, თქვენც შეგიძლიათ საკუთარ თავს „ოქროს წესები“ დაუწესოთ. ამისთვის, უნდა ჩამოაყალიბოთ იმის მოდელი, თუ რისი ნახვა გსურთ უფრო მეტად მსოფლიოში… თუმცა როცა საქმე ხმაურის შემცირებას ეხება, თქვენთვის პრიორიტეტული ღირებულებების განსაზღვრა უნდა შეწყვიტოთ და უფრო მეტად იფიქროთ იმაზე, თუ რომელმა ოქროს წესმა შეიძლება ასახოს ეს. აქვე შეგიძლიათ განსაზღვროთ, რომელი ხმაურის გამომწვევი ჩვევები გაწუხებთ ყველაზე მეტად და რომელი ოქროს წესი მოერგებოდა მას?
როგორ შემიძლია დავეხმარო სხვებს მათთვის საჭირო სიმშვიდის პოვნაში?
მაშინ, როცა ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ ხმაური მათ მუშაობაში უშლიდათ ხელს, გადაწყვიტეს კონკრეტული ზომებისთვის მიემართათ. მაგალითად, ერთ-ერთ კომპანიაში „წითელი ლენტი“ შემოიღეს, რომლის გაკეთებაც იმას ნიშნავდა, რომ ეს ადამიანი არ უნდა შეგეწუხებინათ… მართალია, საუკეთესო შედეგი არ ჰქონია, მაგრამ ამის შემდეგ სხვა მრავალი ექსპერიმენტის განხორციელება დაიწყეს, რამაც კონკრეტულ საკითხზე საუბარი კიდევ უფრო აქტუალური გახადა.
დღეს კი მნიშვნელოვანია საკუთარ თავსა და სხვებს მათთვის საჭირო სიმშვიდის პოვნაში დაეხმაროთ. მაგალითად, თუ ხვდებით, რომ ქოფირაითერს სხვებთან ერთად ერთ ოთახში მუშაობით ხელი ეშლება, შეეცადეთ მისთვის ცალკე სივრცე გამოყოთ. ხოლო პირად ცხოვრებაში თუ შეამჩნევთ, მაგალითად, რომ თქვენს ძმისშვილს ოჯახისგან დასვენება სჭირდება, ეს საკითხი მის მშობლებთან თავისუფლად შეგიძლიათ წამოჭრათ.
ისიც მართალია, რომ ცალმხრივად და უბრალოდ იმიტომ, რომ თქვენ ასე მოგწონთ და მიგაჩნიათ სწორად, ჯგუფის ნორმებისა და კულტურის ჩამოყალიბებას ვერ მოახერხებთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, სხვებისთვის ახალი იდეებისა და შესაძლებლობების შეთავაზება, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც ეს ძალიან სჭირდება…
ხმაურის ნორმების ტრანსფორმირება
როგორც დასაწყისში განვიხილეთ, ფილადელფიის შეხვედრების დარბაზის წინ არსებული გროვა მონაწილეებისთვის იმის შეხსენება იყო, რომ მათ ყურადღება მხოლოდ საქმეზე უნდა გაემახვილებინათ. დღეს კი ამის მისაღებად უკვე სხვა გზები არსებობს. ოქროს წესებისა და წითელი ლენტების გარდა, თქვენ შეგიძლიათ დააწესოთ დღეები ელ.ფოსტების ან შეხვედრების გარეშე, არ იყოთ ხელმისაწვდომი სამსახურის საქმეებისთვის შაბათ-კვირას ან სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, შეცვალოთ ინტერიერი იმ მიზნით, რომ იგი თანამშრომლებისთვის მეტად მორგებული გახადოთ და ა. შ.
ხოლო, რადგან დღეს მუდმივად კავშირზე ყოფნისა და კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნება აქტუალურ საკითხად რჩება, საოფისე ხმაურის ნორმებიც საკმაოდ მაღალია. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რაც უნდა ხმაურიანი იყოს ეს სამყარო, მშვიდი გარემოს ჩამოყალიბება მაინც შესაძლებელია. მსგავსად, გადაღლილობის მაჩვენებელიც შემცირდება და პრობლემის გადაჭრის კრეატიული გზების პოვნასაც შევძლებთ.
წყარო: HBR