Google-ის Androidify სახალისო აპლიკაცია იყო, რომლის საშუალებითაც Bugdroid-ის ინდივიდუალური მახასიათებლების მიხედვით გარდაქმნა შეიძლებოდა. უბრალოდ, ბოლოს 2016-ში განახლდა, ხოლო 2020-ში Play Store-დან წაიშალა. ახლა კი ტექნიკურმა გიგანტმა ახალი ვებგვერდი ჩაუშვა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, საკუთარი ანდროიდ ბოტი შევქმნათ.
მას შემდეგ, რაც გასულ წელს ანდროიდის ვიზუალური იდენტობა განახლდა, გუგლმაც გადაწყვიტა, მომხმარებლებისთვის ავატარის უფრო მრავალფეროვანი ხელსაწყო შეეთავაზებინა. ამისათვის უბრალოდ შესაბამის ვებგვერდს უნდა ვეწვიოთ, სადაც ანდროიდ ავატარს სასურველი მახასიათებლების მიხედვით ავაწყობთ. მაგალითად, აქ შესაძლებელია მასალის (კანის) შეცვლა, სხვადასხვა ტანსაცმლის მორგება, თავსაბურავების დახურვა და ამა თუ იმ აქსესუარის მოხდენაც — მათ შორის ჰალსტუხის, გიტარის ან თუნდაც Xbox-ის მსგავსი კონტროლერის. მარტივად რომ ვთქვათ, ზღვარი მხოლოდ ჩვენი ფანტაზიაა.
როგორც ვარაუდობენ, სამომავლოდ Google უფრო განავითარებს პლატფორმას — დანერგავს მეტ ტანსაცმელსა და კომბინაციებს. ერთადერთი, რისი შეცვლაც შეუძლებელია, ანდროიდის თვალები, ანტენა-ყურები და სხეულის მთლიანი სტრუქტურაა.