ძლიერი და უნიკალური პაროლი ერთ-ერთი ეფექტური გზაა პერსონალური ინფორმაციის უკეთ დასაცავად. თუმცა ხშირად გვეზარება გონების დაძაბვა და ახალ-ახალი ვერსიების მოფიქრება — განსაკუთრებით მაშინ, თუ დამახსოვრება გვიძნელდება და საქმის გამარტივების მიზნით, ყველგან ერთ მარტივ კომბინაციას ვირჩევთ. ამისგან თავის დასაღწევად, iPhone-ს საკმაოდ მოსახერხებელი ფუნქცია აქვს, ე. წ. პაროლის გენერატორი, რომელიც დაგენერირებულ პაროლს iCloud Keychain-ში ინახავს და საჭიროების შემთხვევაში ავტომატურად შეჰყავს შესაბამის ველში.
უბრალოდ, ყოველთვის არ შეგვიძლია iOS პაროლის გენერატორის გამოყენება. ის მხოლოდ მაშინ აქტიურდება, როდესაც ახალ ანგარიშს ქმნით ან ძველ პაროლს აღადგენთ — თანაც, ზოგიერთი ვებგვერდი და აპლიკაცია ბლოკავს ამ ფუნქციას.
აი, როგორ უნდა მოაგვაროთ ეს დაბრკოლება:
პირველ რიგში, ჩამოტვირთეთ Generate Password-ის მალსახმობი. ამ ბმულზე დაკლიკვის შემდეგ, სისტემა ავტომატურად გადაგამისამართებთ აპლიკაციების ჩამონათვალში — დააჭირეთ Add Shortcut-ს, რათა მობილურში გადმოიწეროთ და პროგრამის გამოყენება შეძლოთ.
მალსახმობის დაინსტალირების შემდეგ შეგიძლიათ, ის ეფლის სტილის პაროლების სწრაფად შესაქმნელად გამოიყენოთ. ეს უკანასკნელი 20 სიმბოლოსგან შექმნილ კომბინაციას გულისხმობს, რომელიც 2 დეფისს, ერთ დიდ ასოს და რიცხვს მოიცავს: მაგალითად, fevNaq-1zumki-gorfoc.
Generate Password-ის გამოყენების რამდენიმე გზა არსებობს:
- Siri: შეგიძლიათ, პირდაპირ ხმოვან ასისტენტ Siri-ს მიმართოთ მოთხოვნით, რომ პაროლი დააგენერიროს;
- მალსახმობი (Shortcuts): მასზე დაკლიკვით, მარტივად შეხვალთ აპლიკაციაში და პაროლს რამდენიმე წამში მიიღებთ;
- მიჰყევით ამ ნაბიჯებს: Settings > Accessibility > Touch > Back Tap და ამოირჩიეთ Generate Password-ის მალსახმობი.
ნებისმიერ შემთხვევაში, თავდაპირველად წვდომაზე თანხმობის მიცემაა საჭირო. მას შემდეგ, რაც პაროლი შეიქმნება, ავტომატურად დაკოპირდება თქვენს ბუფერში, სადაც 10 წუთის განმავლობაში შეინახება. ვინაიდან, ამ მეთოდით შექმნილი პაროლები უნიკალური და ერთჯერადია, მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაცვა გაცილებით მარტივი ხდება. მისი გამოყენება განსაკუთრებით ისეთ სიტუაციებში კარგი, როდესაც სხვისი ან საჯარო კომპიუტერებიდან შედიხართ სოციალურ ქსელებში…