in

როგორ შევწყვიტოთ ნერვიულობა?

ნერვიულობა თითქმის ყველასთვის ნაცნობი მდგომარეობაა. ზოგჯერ ერთი შეცდომა საკმარისია, რომ გონებაში ათობით შესაძლო შედეგი წარმოვიდგინოთ, გადავამოწმოთ უკვე მიღებული გადაწყვეტილება და საკუთარ თავს ისევ და ისევ იგივე კითხვა დავუსვათ: ხომ არ გავაფუჭე ყველაფერი?

მისი სრულად გაქრობა პრაქტიკულად შეუძლებელია. ნერვიულობა ადამიანის ბუნებრივი რეაქციაა და ზოგ შემთხვევაში სასარგებლოც შეიძლება იყოს. შესაძლოა, სწორედ მან გვიბიძგოს, დროულად მივმართოთ ექიმს, გადავხედოთ სარისკო ფინანსურ გადაწყვეტილებას ან პრობლემას მანამდე მივხედოთ, სანამ ის უფრო სერიოზულ სახეს მიიღებს.

სირთულე მაშინ იწყება, როცა ნერვიულობა მოქმედებისკენ აღარ გვიბიძგებს და მუდმივ ფიქრად იქცევა.

რატომ ნერვიულობს ზოგი ადამიანი სხვებზე მეტად?

ამაში პიროვნული თვისებებიც მონაწილეობს. ფსიქოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოდელი, ე.წ. Big Five, ხუთ ძირითად პიროვნულ მახასიათებელს გამოყოფს. მათ შორის ერთ-ერთია ნევროტიზმი, ანუ მიდრეკილება ნეგატიური ემოციების უფრო ხშირად და ინტენსიურად განცდისკენ.

თუ ადამიანს ამ თვისების მაღალი მაჩვენებელი აქვს, შესაძლოა მისი ნერვიულობის საწყისი დონეც საშუალოზე მაღალი იყოს. ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანი ემოციურად სუსტია ან საკუთარ თავზე კონტროლი არ აქვს. უბრალოდ მისი ემოციური სისტემა საფრთხეს, გაურკვევლობასა და შესაძლო შეცდომებს უფრო მგრძნობიარედ რეაგირებს.

ამიტომ, მიზანი ყოველთვის „ნერვიულობის შეწყვეტა“ ვერ იქნება. უფრო რეალისტურია ვისწავლოთ, როგორ ვმართოთ ის.

ნერვიულობა ემოციური ინტელექტის ნაკლებობას ნიშნავს?

არა, რადგან ემოციური ინტელექტი მხოლოდ სიმშვიდის შენარჩუნების უნარი არ არის. ის მოიცავს საკუთარი ემოციების ამოცნობას, მათ მართვას, სხვა ადამიანების ემოციების გაგებასა და ურთიერთობების მართვას.

თუ ადამიანი უკვე აცნობიერებს, რომ ზედმეტი ნერვიულობა მისთვის პრობლემაა, ეს თვითშეგნების მნიშვნელოვანი ნაწილია. შემდეგი ნაბიჯი იმის დანახვაა, როგორ მოქმედებს ეს ემოცია ქცევაზე. ნერვიულობა პრობლემად იქცევა მაშინ, როცა გვაპარალიზებს, გადაწყვეტილების მიღებას გვირთულებს ან გვაიძულებს, ისეთი რამ ვთქვათ და გავაკეთოთ, რასაც მოგვიანებით ვნანობთ.

ემოციური ინტელექტის მიზანიც სწორედ აქ არის: ემოციები მთლიანად არ გავაქროთ, არამედ ისე ვმართოთ, რომ ჩვენს მიზნებს ხელს არ უშლიდეს.

სამი მარტივი მიდგომა ნერვიულობის სამართავად

ერთ-ერთი მეთოდია შემაწუხებელი აზრის უფრო პროდუქტიულით ჩანაცვლება. თუ გონებაში ერთი და იგივე სცენარი მუდმივად მეორდება, შეიძლება საკუთარ თავს ჰკითხო: ამ ფიქრიდან რეალურად რა მოქმედება შემიძლია გამოვიტანო? მაგალითად, „ალბათ ყველაფერი ცუდად დასრულდება“ შეიძლება შეიცვალოს კითხვით: „რის გაკეთება შემიძლია ახლა, რომ რისკი შევამცირო?“

მეორე მიდგომაა ყურადღების გადატანა იმაზე, რასაც აკონტროლებ. ხშირად ყველაზე დამღლელი ნერვიულობა სწორედ ისეთ საკითხებს ეხება, რომელთა შედეგიც მთლიანად ჩვენზე დამოკიდებული არ არის. შეგიძლია მოამზადო პრეზენტაცია, მაგრამ ვერ აკონტროლებ, როგორი განწყობით მოვა შეხვედრაზე მეორე ადამიანი. შეგიძლია კარგად მოემზადო გასაუბრებისთვის, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას შენ არ იღებ. ასეთ დროს სასარგებლოა ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ის, რაზეც გავლენა გაქვს და ის, რასაც ვერ ცვლი.

მესამე მეთოდი დროის პერსპექტივის შეცვლაა. შეგიძლია საკუთარ თავს ჰკითხო: რას ვიფიქრებ ამ საკითხზე ხუთ დღეში? ხუთ კვირაში? ხუთ თვეში? ხუთ წელიწადში? ეს ყველა პრობლემას უმნიშვნელოს არ ხდის, მაგრამ ხშირად გვეხმარება დავინახოთ, რომ ის, რაც კონკრეტულ მომენტში კატასტროფულად გვეჩვენება, მოგვიანებით გაცილებით ნაკლებ მნიშვნელობას იძენს.

ნერვიულობის მართვა რთულია იმიტომაც, რომ საკუთარ ფიქრებში ადვილად ვიკარგებით. ამიტომ, ზოგჯერ პარტნიორის, მენტორის, მეგობრის ან სპეციალისტის გარედან დანახული პერსპექტივა განსაკუთრებით სასარგებლოა. სხვა ადამიანი შეიძლება დაგეხმაროს იმის შემჩნევაში, რომ ერთსა და იმავე საფრთხეს ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებ, ან პირიქით, დაგანახოს კონკრეტული ნაბიჯი, რომლის გადადგმაც შეგიძლია.

გარე მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ნერვიულობა მუდმივი ხდება და უკვე ყოველდღიურ გადაწყვეტილებებზე, მუშაობაზე ან ურთიერთობებზე მოქმედებს.

როდის არის ნერვიულობა სასარგებლო?

მარტივი საზომი ასეთია: თუ ნერვიულობა მოქმედებაში გადადის, მას გარკვეული ფუნქცია აქვს. თუ შფოთვამ დაგანახა პრობლემა და მის მოსაგვარებლად ნაბიჯი გადადგი, მან თავისი საქმე შეასრულა.

თუ კი ერთსა და იმავე სცენარს ისევ და ისევ ატრიალებ, მაგრამ არაფერი იცვლება, ნერვიულობა უკვე აღარ გეხმარება. ასეთ დროს სასარგებლოა ყურადღების დაბრუნება იმაზე, რაც რეალურად შეგიძლია გააკეთო.

საბოლოოდ, ემოციური ინტელექტი არ ნიშნავს, რომ ადამიანი აღარ ნერვიულობს. უფრო მნიშვნელოვანია ის, რამდენად კარგად ამჩნევს საკუთარ ემოციას, რამდენად შეუძლია მისი მნიშვნელობის შეფასება და რამდენად აძლევს მას უფლებას, ქცევა მართოს.

ნერვიულობა ცხოვრების ნაწილია. მისი ღირებულება კი იქამდე გრძელდება, სანამ ის გადაწყვეტილების მიღებაში გვეხმარება. როცა მხოლოდ ერთსა და იმავე აზრთან გვაბრუნებს, უკვე დროა, ფოკუსი იმაზე გადავიტანოთ, რისი შეცვლაც რეალურად შეგვიძლია.

რამდენად მზად ვართ, ხელოვნურ ინტელექტს პირად ცხოვრებაზე წვდომა მივცეთ

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო