არიან ადამიანები, რომლებიც გამუდმებით სხვას ადარებენ საკუთარ თავს — თუნდაც, წარმატების ინდივიდუალური საზომით. შესაძლოა, მათ კარგი სამსახური ჰქონდეთ, სადაც კოლეგები პატივს სცემენ და დაწინაურების მკაფიო გზასაც ადგნენ… თუმცა საკუთარ თავს მაინც სხვების პერსპექტივიდან აფასებდნენ: “ის უკეთეს მდგომარეობაშია. ჩემზე წინ არის”.
აღნიშნულ ტენდენციას “სოციალური შედარება” ეწოდება და, შეიძლება ითქვას, ეს ჩვენი მოქმედებების შეფასების ბუნებრივი გზაა. როდესაც საკუთარ თავს ჩვენზე უკეთეს მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ვადარებთ, ამას აღმავალი სოციალური შედარება ჰქვია. ეს უკანასკნელი კი გვაიძულებს, მუდმივ უკმაყოფილებას განვიცდიდეთ — და თუ ამის საწინააღმდეგოდ ვერაფერს ვაკეთებთ, უკმაყოფილება იმედგაცრუებაში გადაიზრდება.
ხოლო როდესაც ჩვენზე ცუდ მდგომარეობაში მყოფ ხალხს ვედრებით, ამას დაღმავალი სოციალური შედარება ეწოდება. ეს კი ერთგვარ კმაყოფილებას გვაგრძნობინებს (ანუ, თვითკმაყოფილებას), რაც ჩვენს მოტივაციას ძირს უთხრის… ვფიქრობთ, რომ ისედაც საკმარისს ვაკეთებთ, ისედაც ყველას ვჯობივართ და “რა საჭიროა მეტის მუშაობა?”.
ნებისმიერ შემთხვევაში, სოციალური შედარება ცუდია ჩვენთვის. გამონაკლისს მხოლოდ ჯანსაღი კონკურენცია წარმოადგენს, როდესაც ვცდილობთ, კოლეგებზე ნაკლებად არ ვიმუშაოთ, რათა საერთო დიდ მიზანს მივაღწიოთ.
თუ სტატიაში მოცემული პრობლემა გაწუხებთ, შეგიძლიათ, ყველაფერი ამ 3 გზით გამოასწოროთ:
ფოკუსირდით თქვენს გზაზე
სოციალური შედარებების ფუნდამენტური პრობლემა ის არის, რომ ჩვენს მიზნებს სხვა ადამიანებს ცხოვრება განსაზღვრავს. შესაბამისად, აღმავალი სოციალური შედარება იმედგამაცრუებელია, რადგან ვიღაც სხვამ მიაღწია იმას, რასაც ჩვენ — ვერ.
ამის ნაცვლად, იფიქრეთ იმაზე, რაც გაბედნიერებთ, როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში. ჩამოთვალეთ, რისი გაკეთება ან მიღწევა გსურთ. ამ პირად მიზნებთან შესაბამისობაში მყოფი ცხოვრებისკენ სწრაფვა კი ნამდვილად ღირებულია…
სხვა ადამიანების მიღწევებზე ფოკუსირებით, დიდი ალბათობით, უკმაყოფილების განცდა დაგეუფლებათ იმ საქმისადმი, რომელსაც ყოველდღიურად აკეთებთ. ამასთანავე, შესაძლოა, სხვების მიღწევებმა სულაც არ გაგხადოთ ბედნიერი — თქვენ “საკუთარი თავგადასავალი” უნდა აირჩიოთ.
ისიამოვნეთ სხვების წარმატებებით
როდესაც აღმოაჩენთ, რომ ირგვლივ მყოფთა მიღწევების გშურთ, ეცადეთ, ეს რეაქცია შეცვალოთ. ბუნებრივია, თუ კოლეგა იმ დაწინაურებას მიიღებს, რომელიც თავად გსურდათ, ერთგვარი ეჭვიანობის განცდა გეუფლებათ. თუმცა გახსოვდეთ, შურის გრძნობით მეტად გააფუჭებთ საქმეს — ვერ კონცენტრირდებით საქმეზე და ურთიერთობებსაც გაიფუჭებთ. ამიტომაც, უბრალოდ გაიზიარეთ კოლეგის წარმატება.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ ძალიან ცოტაა ისეთი გარემოება, როდესაც ერთი ადამიანის წარმატება ხელს უშლის მეორისას. თუ ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობთ, ოქროს მედალი ნამდვილად ერთია… მაგრამ პროფესიების უმეტესობაში ბევრს შეუძლია ინდივიდუალური წარმატების მიღწევა.
ასევე, ბევრი ჩვევა ერთი პატარა ქმედებით ყალიბდება. შეიძლება, თავიდან გაგიჭირდეთ კოლეგისთვის წარმატების მილოცვა… თუმცა დროთა განმავლობაში აღმოაჩენთ, რომ ეს პროცესი გაცილებით ადვილია და მათთან ერთად თქვენც ვითარდებით (თუნდაც, პიროვნულად).
ფოკუსირდით მადლიერებაზე
ჩვენ ხომ სოციალური არსებები ვართ… ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბუნებრივად ფოკუსირებულები ვართ იმაზე, თუ რას აკეთებენ სხვა ადამიანები, ძნელია, უბრალოდ უგულებელყო სხვების ქმედებები, განსაკუთრებით იმ ადამიანების, რომლებიც აკეთებენ იმას, რასაც შენ აკეთებ.
ალბათ, გაგიჭირდებათ სხვა ადამიანების იგნორირება. ასე რომ, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, სხვა ადამიანების მიმართ განწყობის ცვლილებაა. ამისათვის შესანიშნავ გზას წარმოადგენს “მადლიერების სიის” შედგენა. ეს ძალიან დაგეხმარებათ, რადგან უმეტესი ნაწილი, რისთვისაც მადლიერი ხართ, ირგვლივ მყოფ ადამიანებთან არის დაკავშირებული. ეს მადლიერებას ნეგატიური სოციალური შედარებების დიდ ანტიდოტად აქცევს — შეგახსენებთ, რომ ირგვლივ ბევრი ადამიანია, ვინც ხელს უწყობს თქვენს წარმატებას.