in

როგორ უნდა შეწყვიტონ ლიდერებმა შაბათ-კვირას მუშაობა?

უიკენდებზე ბევრ მენეჯერს უწევს სამსახურის საქმეებს მიხედოს. ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ აღმასრულებელი დირექტორი კვირაში საშუალოდ 62,5 საათს მუშაობს, მათგან 79% კი ამას შაბათ-კვირასაც აკეთებს. Samsung-მა ცოტა ხნის წინ ლიდერებს კვირაში ექვსი დღის განმავლობაში დაავალა სამსახურში ყოფნა, რათა ბოლო დეკადაში ყველაზე სუსტი ფინანსური წლის შედეგები გამოესწორებინათ.

Samsung-ის ნაბიჯი ეფექტური ლიდერობის სრულიად არასწორ გაგებას ასახავს. ეს იგივეა, რომ დაზიანებული სახურავის შეკეთების ნაცვლად მის ქვემოთ ვედრო მოათავსოთ ჩამოჟონილი წყლის დასაგუბებლად, რაც, სავარაუდოდ, სახლს უფრო დააზიანებს და პრობლემას ვერ გადაჭრის. სამსუნგის გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ ლიდერები ბიზნეს გამოწვევების დაძლევას საკუთარი გონებრივი და ფიზიკური ჯანმრთელობის ფასად ცდილობენ. 

ბევრ კომპანიაში არ ესმით, რომ ლიდერების გადაჭარბებულმა მუშაობამ, შესაძლოა, არასწორი გადაწყვეტილებების მომრავლება გამოიწვიოს. დროის ეფექტური მენეჯმენტი, ადეკვატური დასვენება და ხელშეუხებელი პირადი დრო, გადამწყვეტი ფაქტორია მაღალი ეფექტურობის მისაღწევად.

აი, როგორ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ეს პრობლემა, შეწყვიტოთ მუშაობა შაბათ-კვირას, შეინარჩუნოთ 40-საათიანი კვირა და, ამასთანავე, კომპანიამ წარმატებული სვლა განაგრძოს.

შაბათ-კვირას მუშაობის უარყოფითი მხარეები

ჩამოვთვალოთ, რატომ მოჰყვება შაბათ-კვირის განმავლობაში მუშაობას საზიანო შედეგები:

  • შემცირებული გამძლეობა: უწყვეტი მუშაობა ადეკვატური დასვენების გარეშე ამცირებს ადამიანის გამძლეობას. დროთა განმავლობაში ნაკლებად ეფექტური გახდებით და ვერ შეძლებთ გამოწვევებთან გამკლავებას.
  • შემცირებული პროდუქტიულობა: მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტი საათით მუშაობა თითქოს პროდუქტიულობას უნდა ზრდიდეს, სინამდვილეში საპირისპირო ეფექტი აქვს — ეს იწვევს შემოსავლის შემცირებას. დაღლილობა აფერხებს გადაწყვეტილების მიღების უნარს და კრეატიულობას.
  • ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის რისკები: გახანგრძლივებული სამუშაო პერიოდები ზრდის სტრესის დონეს, რაც იწვევს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს, როგორიცაა შფოთვა და დეპრესია.
  • დაძაბული ურთიერთობები: შაბათ-კვირას მუშაობა ნიშნავს, რომ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან დროს ვერ ატარებთ, რაც ხშირად პირადი ურთიერთობების დაძაბვასა და იზოლაციის განცდას იწვევს.
  • ცუდი ბალანსი სამსახურსა და ცხოვრებას შორის: ბალანსის დარღვევა ამცირებს კმაყოფილებას და დასაქმებულის პროდუქტიულობას.

შაბათ-კვირას მუშაობისა და ზეგანაკვეთური გრაფიკის მაპროვოცირებელი მიზეზები

მოვალეობა: მიგაჩნიათ, რომ ყოველთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოთ.

თვითშეფასება: თქვენი თვითშეფასება საქმესთან დააკავშირეთ და გჯერათ, რომ ღირებული ხართ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყოველთვის მუშაობთ.

ნდობა: ვერ იჯერებთ, რომ თქვენ გარეშე თანამშრომლები მიკრომენეჯმენტს თავს გაართმევენ.

თანაგრძნობა: ფიქრობთ, რომ თუ სამსახურში გვიანობამდე დარჩებით თქვენი გუნდის მხარდასაჭერად, ეს უკეთეს ლიდერად გაქცევთ.

სასწრაფოობა: განცდა, რომ ყველაფერი გადაუდებელია და საჭიროებს თქვენს დაუყოვნებლივ ყურადღებას. 

ღირებულება: სახსრების დაზოგვის მცდელობა დავალებების საკუთარ თავზე აღებით ან უკვე საკმაოდ დაკავებული თანამშრომლებისთვის გადანაწილებით, იმის ნაცვლად, რომ დამხმარე აიყვანოთ. 

მოლოდინი: გჯერათ, რომ სტრესისა და გადატვირთულობის შეგრძნება ნორმალურია.

JFDI: ამაყობთ, რომ ხართ შემსრულებელიც და ყველაფრის მმართველიც.

დატვირთვის დაბალანსება: გუნდის გადაღლილობის დროს თავად ავსებთ ნაკლოვან ადგილებს.

როგორ მივაღწიოთ 40-საათიან სამუშაო კვირას?

დაფიქრდით იმაზე, თუ რა იწვევს თქვენს ემოციურ ოვერდრაფტს. ეს ეხმარება ლიდერებს უკეთ გაიცნონ საკუთარი თავი და საბოლოოდ გააკეთონ უკეთესი არჩევანი სამუშაოსა და ცხოვრებას შორის ჯანსაღი ბალანსის დასაბრუნებლად. ხანდახან ყველას სჭირდება ცოტა მეტი დრო მოვალეობის შესასრულებლად, მაგრამ შაბათ-კვირას მუდმივად მუშაობა უარყოფითი შედეგების მომტანია.

პრიორიტეტიზაცია და დელეგირება: განსაზღვრეთ ამოცანები, რომელთა შესრულებაც მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ და დანარჩენის დელეგირება მოახდინეთ. ენდეთ თქვენს თანამშრომლებს და მიეცით მათ ავტონომია წარმატების მისაღწევად. ეს ამსუბუქებს თქვენს დატვირთვას, ხოლო გუნდს კი აძლიერებს.

ფოკუსირება მაღალი ზემოქმედების მქონე აქტივობებზე: აღმასრულებელი დირექტორების უმეტესობა დროის 20%-ს ხარჯავს სამუშაოზე, რომელთანაც გამკლავება ნებისმიერს შეუძლია, მაგრამ, რატომღაც მაინც თავად აკეთებენ. ფოკუსირება მოახდინეთ მაღალი გავლენის მქონე აქტივობებზე და არ დაკავდეთ საქმით, რომელიც არ საჭიროებს თქვენს გამოცდილებას.

უარი თქვით მითზე, რომ ეს რთული უნდა იყოს: განსაკუთრებით მავნე მითი ლიდერობის შესახებ არის გაბატონებული რწმენა, რომ თქვენ ყოველთვის ბევრი უნდა იმუშაოთ. Work smarter, not harder: მიიღეთ დახმარება. არსებობს ათასობით გზა, ნაკლები ძალისხმევით სასურველი შედეგის მისაღებად.

გაზომეთ ეფექტი: თქვენი ქცევა ქმნის პრეცედენტს. თუ შაბათ-კვირას მუშაობთ, თქვენი გუნდის წევრებისთვის ეს შეტყობინებაა, რომ შესაძლოა თავადაც მოუწიოთ დასვენების დღეების სამუშაოსთვის შეწირვა, რაც მათ განწყობაზე უარყოფითად იმოქმედებს. 

დააფასეთ საკუთარი ჯანმრთელობა: ჩვენ ყველას გვაქვს გამძლეობის სხვადასხვა დონე. ის, რაც ერთი ადამიანისთვის ამაღელვებელი და ენერგიულია, მეორისთვის შეიძლება დამღლელი და მოსაბეზრებელი იყოს. დაიწყეთ ძილის, დასვენებისა და თამაშის დაფასება.

გამოიჩინეთ თანაგრძნობა, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად: მიუხედავად იმისა, რომ თანაგრძნობა მნიშვნელოვანია, ეს არ უნდა მოხდეს თქვენი კეთილდღეობის ხარჯზე. მხარი დაუჭირეთ თქვენს გუნდს, მაგრამ დააწესეთ მკაფიო საზღვრები საკუთარი დროისა და ჯანმრთელობის დასაცავად.

Samsung-ის ექვსდღიანი სამუშაო კვირა მკვეთრად ეწინააღმდეგება გლობალურ ტენდენციებს. ოთხდღიანი სამუშაო კვირის ტესტებმა დიდ ბრიტანეთში, ისლანდიასა და ახალ ზელანდიაში მნიშვნელოვანი სარგებელი აჩვენა, მათ შორის გაიზარდა პროდუქტიულობა და თანამშრომლების კმაყოფილების დონე.

ლიდერებს შეუძლიათ ღირებულ წარმატებას მიაღწიონ შაბათ-კვირას მუშაობის გარეშე. უნდა ისიამოვნოთ დაბალანსებული სამუშაო კვირით, რაც ხელს უწყობს თქვენს პირად კეთილდღეობას, აძლიერებს თქვენი, როგორც ლიდერის ეფექტურობას და ზრდის ბიზნესის წარმატებას.

Human creativity vs AI creativity – თემო დიდებაშვილი, საქართველოს ბანკის უფროსი გრაფიკოსდიზაინერი

Samsung ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის ახალ ფუნქციებს გვთავაზობს