in

როგორ ცდილობს Starbucks ძველი ხასიათის დაბრუნებას?

ბრაიან ნიკოლი Starbucks-ში 2024 წელს მივიდა, მას შემდეგ, რაც Taco Bell-სა და Chipotle-ში წარმატებული გარდაქმნების გამოცდილება დააგროვა. Starbucks-ში კი სხვა ტიპის პრობლემა დახვდა: ბრენდი, რომელიც წლების განმავლობაში ადამიანების შეხვედრისა და დროის გატარების ადგილად აღიქმებოდა, სულ უფრო მეტად სწრაფი ტრანზაქციის სივრცედ იქცა. მობილურმა შეკვეთებმა, წასაღებმა სასმელებმა და ათასობით შესაძლო პერსონალიზაციამ მომხმარებელს მეტი კომფორტი მისცა, მაგრამ ბარისტასთან ურთიერთობა და ყავის სახლის გამოცდილება შეამცირა.

ნიკოლის პასუხი იყო Back to Starbucks, სტრატეგია, რომლის მიზანიც იმ გამოცდილების დაბრუნებაა, რომლითაც ბრენდი განსაკუთრებით 1990-იან წლებში გამოირჩეოდა. მისი ხედვით, Starbucks ისევ უნდა გახდეს „მესამე ადგილი“, სივრცე სახლსა და სამსახურს შორის, სადაც ადამიანები მეგობრებთან, საზოგადოებასთან ან უბრალოდ საკუთარ თავთან დროის გასატარებლად მიდიან.

ორი წლის შემდეგ კომპანია უკვე გარკვეულ შედეგებს ხედავს. Starbucks-მა დაახლოებით 1000 ობიექტი განაახლა, მენიუ შეამცირა, ლოიალობის პროგრამა გადააწყო და 500 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა ცვლების უკეთ დაგეგმვასა და პიკის საათებში მეტი თანამშრომლის დამატებაზე. კომპანიამ ზედიზედ ოთხი კვარტალი ზრდით დაასრულა, გლობალური შედარებადი გაყიდვები 7.9%-ით გაიზარდა, ხოლო Starbucks-ის აქციების ფასი ნიკოლის მოსვლის შემდეგ დაახლოებით 30%-ით არის მომატებული.

მაგრამ რთული ნაწილი ახლა იწყება. ნიკოლს უნდა დაამტკიცოს, რომ უფრო თბილი, ადამიანური გამოცდილება არა მხოლოდ ბრენდის იმიჯს გააუმჯობესებს, არამედ გაყიდვებსაც გაზრდის. იანვარში მან ინვესტორებს უთხრა, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში არსებული ობიექტების გაყიდვების მინიმუმ 3%-იანი წლიური ზრდა სურს.

კომფორტის ნაცვლად ფსონი გამოცდილებაზე 

Starbucks-ის კონკურენტები ყავის ბაზარზე სხვადასხვა მიმართულებით იზრდებიან. Dunkin ქსელს აფართოებს, 7 Brew და Dutch Bros სისწრაფესა და კომფორტზე აკეთებენ აქცენტს, Blue Bottle და Blank Street კი ახალგაზრდა პრემიუმ მომხმარებელს ეძებენ. ნიკოლი სხვა მიმართულებას ირჩევს: მისი აზრით, Starbucks-ის მთავარი უპირატესობა სწრაფი ყავის ყიდვა არასოდეს ყოფილა.

Back to Starbucks-ის ფარგლებში დაბრუნდა ჭიქებზე ხელით წერა, უფრო კომფორტული დასაჯდომი ადგილები და დამატებითი დენის წყაროები, უფასო ყავის შევსება და ალტერნატიული რძისთვის დამატებითი გადასახადი გაუქმდა. პიკის საათებში მაღაზიებში მეტი თანამშრომელიც მუშაობს. ნიკოლი ამას „ცოტა არაინტუიციურ“ მიდგომას უწოდებს, განსაკუთრებით ინდუსტრიაში, სადაც ბოლო წლების მთავარი მიზანი ხარჯების შემცირება და მაქსიმალური ეფექტიანობა იყო.

ამ ცვლილებებს ფასი აქვს. თანამშრომლებში დამატებულმა ინვესტიციებმა და ყავისა და ტარიფების გაძვირებამ საოპერაციო მარჟაზე იმოქმედა. 2026 წლისთვის ის დაახლოებით 11%-ზე ოდნავ მაღლა იყო მოსალოდნელი, მაშინ როცა 2023 წელს Starbucks დაახლოებით 16%-ს აღწევდა. ნიკოლი ამ ხარჯს შეგნებულად იღებს, რადგან სურს კომპანია მომხმარებელთა მომსახურების ერთ-ერთ მთავარ ბრენდად აქციოს.

სტრატეგიის კიდევ ერთი ნაწილი ადამიანების მაღაზიაში უფრო დიდხანს დატოვებაა. Starbucks-ის ამერიკული გაყიდვების ნახევარზე მეტი დილის 11 საათამდე მოდის. თუ მომხმარებლები სივრცეში უფრო დიდხანს გაჩერდებიან, კომპანიას სურს მეორე პიკიც შექმნას, დაახლოებით 2 საათის შემდეგ, განსაკუთრებით ცივი სასმელებით, Refreshers-ითა და მატჩათი.

ნიკოლი არც drive-thru-ს უპირისპირდება. მხოლოდ აშშ-ში ეს არხი Starbucks-ს თითქმის 10 მილიარდ დოლარს აძლევს წელიწადში. თუმცა მას იქაც უფრო ადამიანური გამოცდილების დამატება სურს, მაგალითად, ტრადიციული ფანჯრების მოცურების კარით ჩანაცვლება, რათა ბარისტამ სასმელი მომხმარებელთან მიიტანოს, ან შეკვეთის წერტილების ისე მოწყობა, რომ პერსონალიზებული მისალმება უფრო მარტივი გახდეს.

ამ მიდგომის უკან ერთი მნიშვნელოვანი აზრია: ციფრული კომფორტი სულაც არ ნიშნავს, რომ მომხმარებელს ადამიანური მომსახურება აღარ სჭირდება. Starbucks ამტკიცებს, რომ ორივე ერთად შეიძლება არსებობდეს.

დაბრუნება ზრდის გარეშე ვერ იმუშავებს

ნოსტალგიური ხედვის მიუხედავად, გარდაქმნა მხოლოდ მომსახურების გაუმჯობესებას არ მოიცავს. Starbucks 2028 წლისთვის 2 მილიარდი დოლარის ხარჯების დაზოგვას გეგმავს. 2025 წელს კომპანიამ 627 მაღაზია დახურა, 2026 წლის სექტემბერში კიდევ 250, ხოლო 2025 წლის დასაწყისიდან დაახლოებით 2000 საოფისე პოზიცია შეამცირა. ამავე დროს Starbucks-ს პროფკავშირებში გაერთიანებულ თანამშრომლებთან მოუგვარებელი დავაც აქვს.

ნიკოლის განმარტებით, დახურული ობიექტები ან მოგებიანობისკენ რეალურ გზას ვერ ხედავდნენ, ან იმ „თბილ და მისასალმებელ“ გამოცდილებას ვერ ქმნიდნენ, რომელსაც ახალი Starbucks უნდა ეფუძნებოდეს. შემცირებებმა კომპანიას მეტი რესურსი დაუტოვა თანამშრომლებში, ტექნოლოგიებსა და მარკეტინგში ინვესტირებისთვის.

განსაკუთრებით გაიზარდა მარკეტინგის ბიუჯეტი. 2025 წელს Starbucks-ის სარეკლამო ხარჯებმა 869 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის 597 მილიონთან შედარებით 46%-იანი ზრდაა. ბრენდი ცდილობს კულტურულ სივრცეშიც უფრო აქტიურად დაბრუნდეს, იქნება ეს The Devil Wears Prada 2-ში გამოჩენა თუ Bearista-ს მსგავსი პროდუქტების გამოშვება.

პროდუქტების მიმართულებითაც იგივე ლოგიკა ჩანს. Unicorn Frappuccino-ს სამდღიანმა დაბრუნებამ აშშ-სა და კანადაში Starbucks-ის ისტორიაში ყველაზე მაღალი შაბათის გაყიდვები მოიტანა და ერთ უიკენდში 2 მილიონზე მეტი სასმელი გაიყიდა. სექტემბერში კი კომპანიამ Aerocano გამოუშვა, ჰაერით გაჯერებული ცივი ესპრესო, რომელიც თავდაპირველად სამხრეთ კორეაში გაეშვა.

ამჯერად Starbucks ცდილობს, ხმაურიანი პროდუქტები ოპერაციულ ქაოსად აღარ გადაიქცეს. Unicorn Frappuccino-ს თავდაპირველი, 2017 წლის გამოშვება თანამშრომლებისთვის რთული აღმოჩნდა: ინგრედიენტები იწურებოდა და მომზადების პროცესი ზედმეტად კომპლექსური იყო. ახალი დაბრუნების წინ კომპანიამ თავად ბარისტებს ჰკითხა, როგორ გაემარტივებინათ პროცესი. მათი რჩევით, შემცირდა პერსონალიზაციის შესაძლებლობა, დარჩა მხოლოდ ერთი ზომა და ინგრედიენტების ნაწილი წინასწარ მომზადდა.

ტექნოლოგია უნდა მუშაობდეს ფონზე

ნიკოლის წინა გარდაქმნებში ტექნოლოგიას ყოველთვის დიდი ადგილი ეკავა, მაგრამ Starbucks-ში ის განსხვავებულად უდგება საკითხს. ტექნოლოგია მომხმარებლის გამოცდილებას უნდა ეხმარებოდეს, თუმცა თანამშრომელი ეკრანს მიღმა არ უნდა გაქრეს.

კომპანია მაღაზიებში ავრცელებს AI ასისტენტს Green Dot Assist, რომელსაც ბარისტების სამუშაო კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლია. მომხმარებლებისთვის კი მთავარი ციფრული ხიდი Starbucks-ის აპია. Starbucks Rewards-ს 35.8 მილიონი აქტიური წევრი ჰყავს და ისინი კომპანიის მიერ მართულ ამერიკულ ობიექტებში შემოსავლების თითქმის 60%-ს ქმნიან.

Starbucks ასევე ცდის ChatGPT-თან ინტეგრაციას, რომელიც მომხმარებელს განწყობის მიხედვით სასმელის შერჩევაში ეხმარება. სოციალური ქსელები კი პროდუქტის განვითარების წყაროდაც იქცა. თუ მომხმარებლების მიერ შექმნილი სასმლის კომბინაცია პოპულარობას იძენს, ის ჯერ აპის Trending განყოფილებაში ჩნდება, შემდეგ კი საკმარისი მოთხოვნის შემთხვევაში ძირითად მენიუშიც გადადის. სწორედ ასე მოხდა Iced Dubai Chocolate Mocha-ს შემთხვევაში.

მარკეტინგის ამ მიმართულებას Starbucks-ის ბრენდის დირექტორი ტრესი ლიბერმანი ხელმძღვანელობს, რომელიც ნიკოლთან Pizza Hut-ში, Taco Bell-სა და Chipotle-ში წლების განმავლობაში მუშაობდა. მისი თქმით, სოციალური ქსელების კომენტარებს თავადაც აქტიურად აკვირდება და მომხმარებლებისგან პროდუქტებისა და კამპანიებისთვის იდეებს ეძებს.

ნიკოლის Starbucks-ის მთავარი გამოცდა სწორედ ამ წინააღმდეგობების შეთავსებაა: კომპანიამ ერთდროულად უნდა შეამციროს ხარჯები და მეტი თანამშრომელი დააყენოს მაღაზიებში, დააჩქაროს ციფრული განვითარება და ეკრანები ნაკლებად შესამჩნევი გახადოს, შეინარჩუნოს drive-thru-ს მასშტაბი და მომხმარებლებს კაფეში დარჩენის მიზეზიც მისცეს.

დღეს Starbucks 40000-მდე ობიექტს მართავს, ამიტომ ცვლილების მასშტაბი თავად ნიკოლისთვისაც უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად ფიქრობდა. ის აღიარებს, რომ ციფრული პროდუქტებისა და მენიუს ცვლილებების უფრო სწრაფად განხორციელება სურდა. თუმცა ერთ სფეროში პროგრესს უკვე მკაფიოდ ხედავს: კომპანიის კულტურა უფრო მეტად საბოლოო შედეგზეა ორიენტირებული და ნაკლებად იმაზე, რამდენი აქტივობა შესრულდა.

Starbucks-ის შემდეგი ეტაპი საბოლოოდ ერთ კითხვაზეა დამოკიდებული: შეუძლია თუ არა უზარმაზარ გლობალურ ქსელს კვლავ შექმნას ის განცდა, რომელიც ოდესღაც პატარა ყავის სახლებში ჰქონდა, და ამავე დროს ბიზნესიც უფრო სწრაფად გაზარდოს.

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

8 რჩევა: როგორ გადავაგოროთ წლის ბოლო, ყველაზე დატვირთული პერიოდი