ISS-ზე მყოფ ნებისმიერ ასტრონავტს რომ ჰკითხოთ, რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა კოსმოსში, ოჯახისა და მეგობრების მონატრებაო, გიპასუხებთ. თუმცა, ამის უკან უნიკალური გამოცდილებები და გამოწვევები იმალება — მაგალითად მათთვის მზე დღეში 16-ჯერ ამოდის, ერთი ტანსაცმელი კვირების მანძილზე აცვიათ, არც ქიმწმენდა აქვთ და საკუთარ ოფლსაც კი სპეციალური დანადგარით სუფთა წყლად აქცევენ… თუმცა, ნასა ცდილობს, კომფორტი შეუქმნას მათ და კოსმოსიდან არჩევნებში მონაწილეობის უფლებასაც კი აძლევს.
დედამიწის გარშემო საათში 28 ათასზე მეტ კილომეტრს გადიან, ამ დროს კი კაცობრიობისთვის სასარგებლო ექსპერიმენტებს უთმობენ… თუმცა, ექსპერიმენტებსა და მათ მიღწევებზე აქამდეც ბევრჯერ გვისაუბრია, ახლა კი დროა, გავიგოთ, როგორია ასტრონავტების კოსმოსური ცხოვრება. 1998 წლიდან ISS-ს 280 ასტრონავტი ესტუმრა, ამიტომ, ფაქტებთან ერთად, არც ფოტოებს დავიშურებთ.
ISS-ზე არ არის ბევრი ოთახი
NASA-ს თქმით, ფეხბურთის მოედანზე პატარა სივრცეს 5 სააგენტო იზიარებს — სულ 6 საძინებელი აქვს, ერთი სავარჯიშო ოთახი და ორი აბაზანა. სამყოფი ოთახის მსგავს დიდ სივრცეს კი აქ ვერ იპოვით.
საკვები არ არის გაყინული, გამომშრალი ან უგემური
კოსმოსური საკვები რამდენიმე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს, თვეების მანძილზე უნდა ინარჩუნებდეს სიჯანსაღეს და გემრიელიც უნდა იყოს. ასტრონავტების უმეტესობას ცხარე საკვები მოსწონს, რადგან გრავიტაციის ნაკლებობა სხვა საკვებს გემოს უცვლის ხოლმე… საინტერესოა, რომ ასტრონავტებსა და კოსმონავტებს სადგურზე მათი საყვარელი ხემსიც მოაქვთ, რომელიც სახლს აგონებთ.
ყოველდღიური ვარჯიში ძვლის სიჯანსაღეში ეხმარებათ
კოსმოსში დიდი დროის გატარების შემდეგ, ასტრონავტები უწონადობის გამო ძვლის სიმკვრივეს კარგავენ, ამის თავიდან ასარიდებლად კი ISS-ის მცხოვრებლები ყოველდღიურად რამდენიმე საათით ვარჯიშობენ, რაც კარდიოსაც მოიცავს და ფეხების ვარჯიშებსაც.
არსებობს კბილების გამოხეხვის ტექნიკა, რომლითაც წყალი არ დაიღვრება:
ISS-ზე არსებული საპირფარეშოები ჰაერის ნაკადს ეყრდნობა
მილები, ძაბრები და გამწოვი მოწყობილობები აქ ყველაზე მთავარია. რაც შეეხება ტუალეტის ქაღალდს, ასტრონავტები მას წყალგაუმტარ ჩანთებში ათავსებენ და ეს მყარი ნარჩენი შემდგომ დედამიწის ატმოსფეროში დასაწვავად იგზავნება. შარდი კი სულ სხვა ამბავია…
წყლის უმეტესობა მრავალჯერადად გამოიყენება
უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანები ბევრ თხევად ნივთიერებას გამოყოფენ, იქნება ეს ოფლი, შარდი თუ სუნთქვისას გამოყოფილი ორთქლის წვეთები. მათი უმეტესობა კი ISS-ზე სულაც არ იკარგება. სპეციალური დანადგარი აქვთ, რომელიც მიღებულ სითხეს სუფთა სასმელ წყლად აქცევს. რამდენიმე წლის წინ სააგენტომ განაცხადა, რომ ასტრონავტების მიერ გამოდევნილი წყლის 98%-ის გადამუშავებაზე მუშაობს.
ქიმწმენდა ISS-ზე არ არსებობს
მისიის დროს ასტრონავტებს კოსმოსში ძალიან ცოტა ტანსაცმელი მიაქვთ, ერთი სამოსი კვირის მანძილზე აცვიათ. ტანსაცმლის გარეცხვას ბევრი წყალი სჭირდება, ამიტომაც გამოყენებულ სამოსს ზუსტად ისე წვავენ, როგორც სხვა ნარჩენს. თუმცა, ასტრონავტებს უწევთ მტვერსასრუტის მსგავსი მილები გამოიყენონ ნატეხების ან მცირე ნარჩენების მოსაშორებლად, რათა შემდგომში რაიმე ინსტრუმენტი არ დააზიანონ.
ასტრონავტები ISS-ზე სამუშაოდ არიან
კოსმოსში ჩვეულებრივი სამუშაო დღე 12 საათი გრძელდება. თუმცა, შესვენებებიც აქვთ კვებისა და ვარჯიშისთვის.
დღეები რუტინად იქცევა
ასტრონავტ რუბიოს ISS-ზე თითქმის ერთი წელი აქვს გატარებული და ამბობს, რომ ყოველი დღე განსხვავებულიცაა და ერთნაირიც. 7-ის ნახევარზე იღვიძებს, საუზმობს და სამუშაოდ ემზადება, რომელიც 1 საათში ეწყება. ნახევარ საათს ლანჩს უთმობს, 2 საათს ვარჯიშს. სამუშაო დღე 7 საათზე მთავრდება. დატვირთვა კი ყოველდღიურად განსხვავებულია, გააჩნია რისი გაკეთება უწევს, ექსპერიმენტებს ატარებს სადგურზე თუ კოსმოსში უნდა გაისეირნოს.
ელ.ფოსტა, სატელეფონო ზარები და ვიდეოჩატები ასტრონავტებს ოჯახთან კავშირის შენარჩუნებაში ეხმარება
დღესასწაულები კოსმოსში განსხვავებულია
არც შამპანურია და, ალბათ, არც სადღეგრძელოები, რადგან ნასა ასტრონავტებს სამსახურში ალკოჰოლის მიღებას უკრძალავს. ამ დროს კი ოჯახის მონატრება ყველაზე მეტად იგრძნობა…
ასტრონავტებს აქვთ გასართობი საშუალებები
იმისათვის, რომ ასტრონავტების მენტალურ ჯანმრთელობაზე ეზრუნათ, მათ საშუალება მისცეს, სადგურზე სასურველი ნივთები წაეღოთ. მეტიც, პერსონალური ვებგვერდიც აქვთ, რომლებიც სავსეა სატელევიზიო შოუებით, კინოებით, პოდკასტებით, მუსიკითა და სხვა გასართობი საშუალებებით.
რამდენიმე ასტრონავტმა კოსმოსიდან არჩევნებში მიიღო მონაწილეობა
90-იან წლებში ნასამ გადაწყვიტა, რომ ასტრონავტებისთვის ამერიკის არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცა. ამიტომაც, დედამიწის დატოვებამდე ავსებდნენ ფორმას დაუსწრებელი ხმის მიცემის შესახებ, რის შემდეგაც კოსმოსში ელფოსტით ეგზავნებოდათ ბიულეტენი შესავსებად. მანამდე კი ჩვეულებრივ ჯიხურები ჰქონდათ კოსმოსში…
ნასას აინტერესებს, როგორ მოაშენებენ ბაღს ISS-ში
თუ მარსზე ცხოვრება გვინდა, კვებაც საჭიროა, ამიტომაც ატარებენ ექსპერიმენტებს იმაზე, თუ როგორ გაიხარებს მცენარეები ISS-ზე…
გაფრენამდე, მისიის დროს და შემდეგ ნასა ასტრონავტების ჯანმრთელობას აკვირდება
გრავიტაციის ნაკლებობა დიდად ზემოქმედებს ჩვენს სხეულზე, ბალანსსა და სიარულის უნარზე. ამიტომაც, ასტრონავტები ატარებენ მოწყობილობებს, რომლებიც მათი გულისცემის, ძილისა და ტემპერატურის მონაცემებს აკვირდება.
ISS-ზე თმის შეჭრა შესაძლებელია
6-დან 1 წლამდე პერიოდი დიდი დროა, ასტრონავტებს კი თმის შეჭრა ჩვეულებრივ შეუძლიათ, ოღონდ ერთი პირობით, ნარჩენები ვაკუუმით უნდა გაიწოვოს.
შესაძლოა, ძილი გამოწვევას წარმოადგენდეს მაშინ, როცა 16-ჯერ „თენდება“
გამომდინარე იქიდან, რომ ISS დედამიწის გარშემო ბრუნავს, მზის ჩასვლისა და ამოსვლის ყურება დღეში 16-ჯერ უწევთ, რის გამოც, ფიქრობენ, რომ, შესაძლოა, დაძინება მათთვის პრობლემას წარმოადგენდეს.
ზოგჯერ კოსმოსში „სუფთა ჰაერზე“ გასეირნებაც კარგია
როცა ISS-ს რაღაცების შეკეთება სჭირდება, ასტრონავტები კოსმოსური გასეირნებისთვის ემზადებიან და სპეციალურ სამოსს იცვამენ, რომელიც ჟანგბადითა და წყლითაა სავსე. კოსმოსში გასვლამდე ისინი სუფთა ჟანგბადს სუნთქავენ, რათა სხეული აზოტისგან გაათავისუფლონ.
ხედი მშვენიერია
მიუხედავად გამოწვევებისა, ISS-ზე ყოფნას შესანიშნავს არსებული ხედები აქცევს, იქნება ეს შტორმები, ნათებები თუ მოციმციმე ქალაქები.