კერმიტის პირველი ვერსია ჯიმ ჰენსონის დედის ძველი პალტოს ქსოვილისგან შეიკერა, თვალებისთვის კი პინგპონგის ბურთის ნახევრები გამოიყენეს. თოჯინას შიგთავსიც არ ჰქონდა: ქსოვილსა და მსახიობის ხელს შორის არაფერი უნდა მოქცეულიყო, რათა თითების უმცირესი მოძრაობაც მის სახეზე ასახულიყო. ასე ჩამოყალიბდა პერსონაჟის გამომსახველობა, რომელსაც მოგვიანებით მილიონობით მაყურებელი გაიცნობდა.
ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში, თანამედროვე ხელოვნების გალერეა GOMA-ში გახსნილი გამოფენა „Make, Believe, Magic: The Worlds of The Jim Henson Company“ სწორედ ასეთ ისტორიებს აერთიანებს. კომპანიის 70-წლიანი საქმიანობა თოჯინებით, ესკიზებით, დეკორაციებითა და საარქივო მასალებითაა წარმოდგენილი. გამოფენა აჩვენებს, როგორ იქმნებოდა ეკრანზე ბუნებრივად მოძრავი პერსონაჟები და რამდენი ადამიანის შრომა იდგა მათი თითოეული ჟესტის უკან.
პროექტზე კურატორმა ამანდა სლეკ-სმითმა კომპანიის არქივისტ და ისტორიკოს კარენ ფალკთან და ბრენდინგის მიმართულების ხელმძღვანელ ნიკოლ გოლდმანთან ერთად იმუშავა. ექსპოზიცია სამ ნაწილადაა დაყოფილი: თოჯინების დამზადება, მათი მართვა და შესრულება, შემდეგ კი ციფრული ტექნოლოგიების გავლენა ამ ხელოვნებაზე. დამთვალიერებელი ხედავს როგორც დასრულებულ პერსონაჟებს, ისე კონსტრუქციებსა და სამუშაო პროცესს, რომლებიც ჩვეულებრივ კადრს მიღმა რჩება.

მაპეტების ნაცნობი იერსახეც თანამშრომლობის შედეგია. 1962 წელს ჯიმ ჰენსონმა გამოცდილი თოჯინების ოსტატი დონ სალინი დაიქირავა, რათა ძაღლის საკვების რეკლამისთვის ფორტეპიანოზე დამკვრელი პერსონაჟი, როულფი შეექმნა. ჯიმ ჰენსონის ჩანახატებზე დაყრდნობით დონ სალინმა ფორმები დახვეწა და ფლისის შეკერვის მეთოდი შეიმუშავა, რომელიც ნაკერს თითქმის უხილავს ხდიდა. არქივში ამ ტექნიკას დღემდე „ჰენსონის ნაკერს“ უწოდებენ, თუმცა თავად ჯიმ ჰენსონი მაპეტების ვიზუალური ხასიათის ჩამოყალიბებაში დონ სალინის განსაკუთრებულ წვლილს ყოველთვის აღიარებდა.
კომპანიაში ხშირად იმეორებდნენ პრინციპს: „სიმარტივე კარგია“. ამ სიმარტივის მიღწევას ზოგჯერ თვეების ტექნიკური ექსპერიმენტები სჭირდებოდა. ფილმ „ლაბირინთისთვის“ შექმნილი, დაახლოებით ოთხნახევარი მეტრის სიმაღლის გიგანტის შემთხვევაში დავალება თითქოს მარტივად ჟღერდა: პერსონაჟს უნდა ევლო და ხელები ემოძრავებინა. თავდაპირველი მინაბოჭკოვანი სხეული საკმარისად მოქნილი არ აღმოჩნდა, ამიტომ გუნდმა მისთვის ახალი პოლიურეთანის საფარი შეიმუშავა.
მოძრაობის ბუნებრიობაზე ზრუნვა ზოგჯერ ისეთ იდეებამდეც მიდიოდა, რომელთა განხორციელება მსახიობისთვის მეტისმეტად რთული იქნებოდა. არქივში ინახება Big Bird-ის ერთ-ერთი კონსტრუქციის ნახაზი, რომლის მიხედვითაც შემსრულებელი კოსტიუმში ზურგშექცევით, ხელებაწეული უნდა მდგარიყო, რათა პერსონაჟის მუხლები ფრინველისას დამსგავსებოდა. ეს ვერსია საბოლოოდ არ დაუმზადებიათ.
თოჯინის ფორმა და მსახიობის შესაძლებლობები დეკორაციების მოწყობასაც განსაზღვრავს. ეკრანზე პატარა არსებებისთვის განკუთვნილი სორო შეიძლება სინამდვილეში ზრდასრული ადამიანის სამუშაო სივრცე იყოს. მსახიობი შიგნით დგას, თოჯინას თავს ზემოთ ამოძრავებს და მონიტორზე აკვირდება, როგორ ჩანს პერსონაჟი კადრში. ზოგიერთ გმირს რამდენიმე ადამიანი მართავს: მაგალითად, Snuffleupagus-ის წინა ნაწილზე, თავსა და თვალებზე ერთი შემსრულებელი მუშაობს, უკანა ფეხებსა და კუდზე კი მეორე.
გამოფენაზე „Fraggle Rock: Back to the Rock“-ის ნამდვილი დეკორაციებიცაა წარმოდგენილი. სტუმრებს შეუძლიათ იმ დერეფანში გავლა, რომელიც მაყურებლისთვის არასდროს ყოფილა განკუთვნილი და სადაც თოჯინების მსახიობები გადაღებებს შორის იცდიდნენ. კედლებზე მათი დატოვებული წარწერებიც შემორჩა. ეს სივრცე წარმოების იმ მხარეს აჩვენებს, რომელიც ეკრანზე არ ჩანს: ლოდინს, შეზღუდულ ადგილას მუშაობასა და ფიზიკურ დატვირთვას.

ასეთი ნამუშევრების შენახვას თავისი სირთულე აქვს. მასალებს, პირველ რიგში, იმის მიხედვით არჩევდნენ, რამდენად კარგად იმოძრავებდა თოჯინა და რამდენად გამომსახველი იქნებოდა მისი სახე. ათწლეულების გაძლება მთავარი მოთხოვნა არ ყოფილა. ამიტომ ზოგიერთი ძველი თოჯინის ქაფოვანი შიგთავსი დროთა განმავლობაში დაიშალა. სამუზეუმო ექსპონატების აღსადგენად ზოგჯერ უფრო მყარ მასალას იყენებენ, თუმცა ამის შემდეგ თოჯინა თავდაპირველი მოქნილობით ვეღარ მოძრაობს.
„ლაბირინთის“ ბევრი პერსონაჟი სწორედ ამ მიზეზით აღარ არსებობს. გამოფენაზე ფილმს, სხვა მასალებთან ერთად, დევიდ ბოუის კოსტიუმი წარმოადგენს, რომელიც მას „Magic Dance“-ის სცენაში აცვია. „The Dark Crystal“-ის სამყაროდან კი მეტი თოჯინის ჩვენება გახდა შესაძლებელი, მათ შორის სერიალ „Age of Resistance“-ისთვის შექმნილი ნამუშევრების.
ექსპოზიცია ჯეინ ჰენსონის როლსაც წარმოაჩენს. ის კომპანიის თანადამფუძნებელი, შემსრულებელი და თოჯინების შემქმნელი იყო, ახალ მსახიობებსაც ამზადებდა. ადრეულ ნამუშევრებში ხშირად იყენებდნენ სახლში აღმოჩენილ ნივთებს: ძველი ხელთათმანის თითები თოჯინის ხელებად იქცეოდა, ჯინსის ქსოვილი კი კოსტიუმის ნაწილად. შეზღუდული ბიუჯეტით დაწყებული მიდგომა თანდათან მათთვის დამახასიათებელ ესთეტიკად ჩამოყალიბდა. მოგვიანებით, ჯიმ ჰენსონის გარდაცვალების შემდეგ, მისი მემკვიდრეობის დაცვისა და არქივის ჩამოყალიბების საქმესაც ჯეინ ჰენსონმა ჩაუყარა საფუძველი.
გამოფენაზე დასრულებული თოჯინა და მისი შექმნის ისტორია ერთმანეთის გვერდითაა წარმოდგენილი. მაყურებელს შეუძლია დაინახოს ნაკერი, მექანიზმი და მასალა, შემდეგ კი გაიხსენოს, როგორ მოძრაობდა იგივე პერსონაჟი ეკრანზე.












