მარტოობას ხშირად ემოციურ მდგომარეობად აღვიქვამთ, თუმცა სულ უფრო მეტი კვლევა აჩვენებს, რომ სოციალური კავშირების ნაკლებობა ჯანმრთელობასთანაც შეიძლება იყოს დაკავშირებული. ახალი მასშტაბური კვლევის მიხედვით, მარტოობასა და სოციალურ იზოლაციასთან ერთად მცხოვრები ადამიანები საშუალოდ ნაკლებ წელს ატარებენ რამდენიმე სერიოზული დაავადების გარეშე.
კვლევაში 277 489 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა ასაკი 40-დან 69 წლამდე იყო. მონაცემები UK Biobank-იდან აიღეს, ხოლო კვლევის დასაწყისში მონაწილეებს არ ჰქონდათ მეორე ტიპის დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა, ქრონიკული რესპირატორული ან ნეიროდეგენერაციული დაავადებები, კიბო, დეპრესია და შფოთვითი აშლილობა.
მკვლევრებმა შეაფასეს, საშუალოდ რამდენ წელს იცხოვრებდა ადამიანი 50 წლის ასაკიდან ამ მდგომარეობების განვითარების გარეშე და შედეგები მათ სოციალურ კავშირებს შეადარეს.
ქალებში, რომლებიც ერთდროულად განიცდიდნენ მარტოობასაც და სოციალურ იზოლაციასაც, ფიზიკური დაავადებების გარეშე ცხოვრების პერიოდი საშუალოდ 2.4 წლით ნაკლები იყო, ხოლო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გარეშე ცხოვრების პერიოდი 3.7 წლით ნაკლები, იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც არც მარტოობას და არც სოციალურ იზოლაციას არ განიცდიდნენ.
კაცებში განსხვავება ფიზიკური ჯანმრთელობის შემთხვევაში 1.7 წელი იყო, ხოლო ფსიქიკური ჯანმრთელობის შემთხვევაში 5.8 წელი.
ამ ორ ცნებას შორის განსხვავებაც მნიშვნელოვანია. სოციალური იზოლაცია ადამიანთან სოციალური კონტაქტებისა და ურთიერთობების ნაკლებობას აღწერს. მარტოობა კი სუბიექტური განცდაა, როცა არსებული ურთიერთობები იმ სიახლოვესა და კავშირს ვერ გვაძლევს, რომელიც გვსურს. ადამიანი შეიძლება სოციალურად აქტიური იყოს და მაინც მარტოსულად გრძნობდეს თავს, ან პირიქით.
მონაცემები აჩვენებს, რომ მარტოობა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. 2024 წლის მონაცემებზე დაფუძნებული კვლევის მიხედვით, 50 900 ზრდასრულიდან 12.7% ამბობდა, რომ თავს ხშირად ან ყოველთვის მარტოსულად გრძნობდა. 18-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში ეს მაჩვენებელი 23.3%-ს აღწევდა.
AARP-ის მონაცემებით, 45 წლის და უფროს ადამიანებში მარტოობის მაჩვენებელი 2010 და 2018 წლებში 35% იყო, 2025 წელს კი 40%-მდე გაიზარდა. Gallup-ის 2026 წლის მონაცემებით, დასაქმებულთა 22% მსოფლიოში ამბობდა, რომ წინა დღის მნიშვნელოვანი ნაწილი მარტოობის განცდით გაატარა. დისტანციურ და ჰიბრიდულ რეჟიმში მომუშავეებში ეს მაჩვენებელი 24% იყო.
კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ლუ ცის თქმით, შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან წინა კვლევებშიც უკვე გამოვლენილი იყო კავშირი სოციალურ იზოლაციას, მარტოობასა და ნაადრევ სიკვდილიანობას შორის. ამასთან, ახალი კვლევის შედეგები მიზეზშედეგობრივ კავშირს პირდაპირ არ ამტკიცებს. მონაცემები აჩვენებს ასოციაციას: ადამიანები, რომლებიც მარტოობასა და სოციალურ იზოლაციას განიცდიან, საშუალოდ ნაკლებ წელს ატარებენ გარკვეული ფიზიკური და ფსიქიკური დაავადებების გარეშე. ამ კავშირის უკან კი შესაძლოა მრავალი ერთმანეთთან დაკავშირებული ფაქტორი იდგეს.
მკვლევრები წლების განმავლობაში მიუთითებენ, რომ ხარისხიანი ურთიერთობები ჯანმრთელ და ბედნიერ ცხოვრებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სოციალური კავშირების შენარჩუნება შეიძლება ნიშნავდეს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის დროის დათმობას, ახალ ადამიანებთან დაკავშირებას ან, მაგალითად, მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვას.
მარტოობის საკითხი მხოლოდ ინდივიდუალური კეთილდღეობის თემა აღარ არის. როცა მისი გავრცელება იზრდება და ჯანმრთელობის მაჩვენებლებთანაც იკვეთება კავშირი, სოციალური ურთიერთობები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ნაწილიც ხდება.












