Bloomberg-ის ანგარიშს თუ დავეყრდნობით, მაყურებლები პოპულარულ შოუებს მეორე სეზონამდე სულ უფრო ხშირად ტოვებენ. მიზეზების მიხვედრა არ არის რთული. პლატფორმა ხშირად აუქმებს პროექტებს, სეზონებს შორის ლოდინის დრო ძალიან დიდია, კონტენტის უმეტესობა კი ხელოვნების ნაცვლად ალგორითმებზეა მორგებული. თუმცა, ეს ყველაფერი გასართობი ინდუსტრიის მოხმარების კულტურაში ბევრად უფრო გლობალურ ტრანსფორმაციაზე მიუთითებს. ნეტფლიქსის მთავარი ინოვაცია, სერიალების ერთიანად ყურება შეიქმნა იმ ეპოქაში, როდესაც სტრიმინგი ტრადიციულ ტელევიზიას ეჯიბრებოდა. დღეს, კი მისი კონკურენტები TikTok, YouTube, Reels და მიკროდრამის აპლიკაციებია, რაც ძველ მოდელს სხვა დროის გადმონაშთად აქცევს.
როგორ დაამარცხა სტრიმინგმა ტრადიციული ტელევიზია
Netflix-მა 2013 წლის თებერვალში სერიალის „ბანქოს სახლი“ მთელი სეზონი ერთდროულად გამოუშვა. ეს ნამდვილი რევოლუცია იყო. ინტერნეტთან დაკავშირებულმა პლატფორმამ მაყურებელი ყოველკვირეული ლოდინის რეჟიმისგან გაათავისუფლა. ერთიანი ყურების ფორმატმა ადამიანებს საშუალება მისცა, საათობით დამტკბარიყვნენ კონტენტით და პერსონაჟებთან ისეთი მყარი კავშირი დაემყარებინათ, რასაც ადრე წლები დასჭირდებოდა.
2025 წლის ივნისში Nielsen-მა გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა მიხედვითაც სტრიმინგის ფორმატმა ისტორიაში პირველად გადაუსწრო სამაუწყებლო და საკაბელო ტელევიზიების ყურების მაჩვენებელს. დღეს Netflix-ის მთავარი გამოწვევა არა ძველი ტელევიზია, არამედ თანამედროვე ვიდეო პლატფორმებია.
TikTok და YouTube
მოკლე ფორმატის ვიდეო პლატფორმების პოპულარობის ფონზე, მომხმარებელს თავისუფალი დროის შესავსებად ნეტფლიქსის ჩართვა აღარ სჭირდება, რადგან ინტერნეტში უფასო კონტენტის უსასრულო ნაკადია. eMarketer-ის ანალიტიკოსების ცნობით, 2024 წელს ამერიკელი ზრდასრულები დღეში საშუალოდ 62.1 წუთს ატარებდნენ Netflix-ზე, ხოლო 58.4 წუთს – TikTok-ზე. Financial Times-ის მონაცემებით კი, გლობალურად ტიქტოკის მომხმარებლები აპლიკაციაში დღეში საშუალოდ 95 წუთს ხარჯავდნენ, რაც სოციალურ ქსელებს შორის ჩართულობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.
ამას ემატება YouTube, რომელიც როგორც მოკლე, ისე გრძელი ფორმატის კონტენტს აერთიანებს. Digital i-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, იუთუბმა ყოველდღიური ყურების საშუალო მაჩვენებლით 2025 წელს პირველად გადაუსწრო ნეტფლიქსს – დღეში 99.1 წუთით, ნეტფლიქსის 93.4 წუთის წინააღმდეგ.
Netflix-მა აპრილში პროდუქტის დიზაინი შეცვალა, სადაც TikTok-ის მსგავსი ვერტიკალური ფიდი დაამატა. თუმცა, კომპანიის შეცდომა ისაა, რომ ეს ფიდი კვლავ ახალი ფილმის საპოვნელად გამოიყენება და არა თავად საყურებელ კონტენტად.
საით ვითარდება Netflix-ის სტრატეგია
ამ რეალობაში Netflix-ს მოუწევს გადახედოს იმას, თუ როგორ აწარმოებს და უშვებს სატელევიზიო შოუებს. ეს არ ნიშნავს, რომ ბრენდმა სრულად მოკლე ფორმატზე უნდა გადაინაცვლოს, თუმცა აუცილებელია მომხმარებლის ახალი ჩვევების გათვალისწინება. მაყურებელს აღარ სურს კვირებისა და საათების დახარჯვა სერიალის მრავალრიცხოვანი სეზონების საყურებლად. მათ სურთ პროდუქტი, რომელიც ადვილად დასრულებადია, ისევე როგორც იუთუბის ვიდეო ან ტიქტოკის სერია.
მარტივი გამოსავალი მინი-სერიალების პრიორიტეტულობად ქცევა იქნებოდა, რაც ადამიანებს საშუალება მისცემს, ნახონ დასრულებული ნამუშევარი და არ იფიქრონ იმაზე, გაგრძელდება თუ არა შოუ მოულოდნელი ფინალის შემდეგ. პლატფორმას შეუძლია ექსპერიმენტის სახით შოუები პატარა ნაწყვეტებად დაყოს, როგორც ამას თავის დროზე კვაბის მოდელი აკეთებდა, რომელმაც იწინასწარმეტყველა მოკლე სესიებზე გათვლილი სატელევიზიო კონტენტის პოპულარობა, თუმცა პანდემიის გამო პროექტი წარუმატებელი აღმოჩნდა. ბევრი მსუბუქი კონკურსის ტიპის შოუ, როგორიცაა „ეს ტორტია?“ ან „კალმარის თამაში: გამოწვევა“, მარტივად მოერგებოდა ამ ფორმატს. გარდა ამისა, კომპანიას ბაზარზე არსებულ დაბალხარისხიან მიკროდრამებზე ბევრად უკეთესი პროდუქტის შექმნა შეუძლია.
ინტერესის შესანარჩუნებლად ეფექტურია ყოველკვირეული გამოშვების მოდელიც, რაც რეალითი შოუს „სიყვარული ბრმაა“ შემთხვევაში კარგად მუშაობს და საზოგადოებრივი განხილვის საგნად აქცევს ახალ ეპიზოდებს. თუმცა, მოკლე ფორმატის კონტენტის ექსპერიმენტებისა თუ მინი-სერიალებზე ფოკუსირების ნაცვლად, კომპანია სხვა მიმართულებებით ცდილობს ძალების მოსინჯვას.
წყარო: Techcrunch













