in

როგორ უმკლავდება შფოთვას ლიონელ მესი?

M2
M2

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე საუბრები ძირითადად გატანილი გოლების ბრწყინვალების, ოქროს ბურთისა და მისი ნიჭის ირგვლივ კი ტრიალებს და ეს ბუნებრივიცაა, თუმცა აქ ერთი საინტერესო ფაქტიც იმალება — მესი „სახელგანთქმული“ თავისი შფოთვითაც არის. როგორც ამბობენ, წლების მანძილზე დიდი მატჩების წინ ღებინება ჰქონდა… ერთ-ერთი წაგებული თამაშის შემდეგ კი დიეგო მარადონას გაუკრიტიკებია და უთქვამს: უშედეგო იქნება ლიდერის გამოყვანა კაცისგან, რომელიც ტუალეტში თამაშამდე 20-ჯერ მიდის.

გამოდის, ძალიან დიდი ნიჭიც კი არ გიცავთ შფოთვისგან… მსოფლიოში საუკეთესოები კი შფოთვას ზუსტად იმიტომ განიცდიან, რომ მათგან ძალიან ბევრს ელიან. მიუხედავად ამისა, ფაქტია, მესიმ არ მისცა შფოთვას უფლება, თავისი ბრწყინვალება გადაეფარა, რადგან მასთან გამკლავების მექანიზმს დაეუფლა. მართალია, ფეხბურთი 90 წუთი გრძელდება და მოთამაშეთა უმეტესობა პირველივე წუთებიდან აქტიურადაა მასში ჩართული, მაგრამ მესი — არა. იგი თანაგუნდელებს კი არ უერთდება, რომლებიც ვარჯიშობენ, არამედ დროის უმეტეს ნაწილს სიარულს უთმობს, იშვიათად კი ნელა სირბილს.

პირველ წუთებში მესი ორ რამეს აკეთებს. პირველი, თავს იწყნარებს და აშკარაა, რომ ღებინებაზე უკეთესი გზა ისწავლა დასამშვიდებლად და მეორე, ამ დროს მოწინააღმდეგე მხარეს აკვირდება — მისი ფეხები კი ნელა მოძრაობს, მაგრამ თვალები მოთამაშიდან მოთამაშეზე გადადის, იგი აფასებს მოწინააღმდეგის ძლიერ და სუსტ მხარეებს, ტაქტიკას, თავისივე გუნდის მოქმედების მონიტორინგს აკეთებს…. მართალია, მესი თამაშის დასაწყისში გუნდისთვის ნაკლებად ღირებულია, მაგრამ მისივე ტაქტიკური პაუზა ზრდის ამ ღირებულებას დარჩენილ 95%-ში.

ხოლო, თუ ფეხბურთს მომზადებისა და თამაშში ჩართვის ფაზებად დავყოფთ, მესისთვის საყვარელი სწორედ პირველი აღმოჩნდება. მაგალითად, ბარსელონასა და რეალს შორის გამართულ მატჩში 2017 წელს მან დაახლოებით 4 წუთი ირბინა და თითქმის 80 წუთი იარა. თუმცა როცა თამაშში ჩაერთო, ის დინამიკური იყო, 9 საგოლე მომენტი შემოგვთავაზა, ერთი გოლი თავად გაიტანა და ერთიც საგოლე გადაცემა გააკეთა. ამგვარად, მომზადების ფაზა მესისთვის ჩვეულებრივი ამბავია, ეს მას ეხმარება, სწორ დროსა და სწორ ადგილს მიაგნოს. 

და რისი სწავლა შეიძლება ამისგან? როცა შფოთავთ, იქნება ეს სპორტი თუ რეალური ცხოვრება, უბრალოდ შეჩერდით, შეანელეთ სვლა და მოემზადეთ. თუმცა შეჩერება იმაზე რთულია, ვიდრე ჟღერს. სიჩუმისა და შფოთვის პირისპირ ჩვენი ინსტინქტი ხომ მოქმედებაა… სწორედ ამიტომ, ფსიქიატრმა და ნეირომეცნიერმა კადსონ ბრევერმა თავისი კარიერის დიდი ნაწილი იმაზე ფიქრს დაუთმო, თუ როგორ გაეკეთებინა არაფერი. ცოტა უცნაურად ან სასაცილოდაც კი შეიძლება ჟღერდეს ეს, მაგრამ ახლა გეტყვით, რას ვგულისხმობთ — დაახლოებით 15 წლის წინ ბრევერმა 4-ეტაპიანი მიდგომა RAIN შემოგვთავაზა, რომლითაც გვასწავლის, თუ როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა შფოთვას:

  • შეამჩნიეთ, რა წარმოიქმნება.
  • ნება მიეცით იყოს იქ.
  • გამოიკვლიეთ თქვენი ემოციები და აზრები.
  • ჩაინიშნეთ, რა ხდება მომენტიდან მომენტამდე.

თუმცა ამ მიდგომის ჯერ საკუთარ თავზე გამოცდა სურდა. ამიტომ 2-საათიან მედიტაციას მიმართა, რა დროსაც საერთოდ არ უნდა ემოძრავა. ხოლო თუ ამ პირობას დაარღვევდა, პროცესი სულ თავიდან იწყებოდა. 2 საათი უმოძრაოდ ყოფნა კი, თანაც გართობის გარეშე, არც ისეთი მარტივი ამბავი იყო — შესაბამისად, ბუნებრივია, ამ შედეგის მისაღწევად თვეები დასჭირდა. საინტერესოა ისიც, რომ წარმატების მიზეზად თავდაჯერებას ასახელებს — დარწმუნებით იცოდა, ეს შესაძლებელი იყო. 

ჩატარებული ექსპერიმენტებით დამტკიცდა, რომ ბრევერის მიდგომა მწეველებზე, სხვა მეთოდებთან შედარებით, ორჯერ ეფექტურად მუშაობს… RAIN-ში ყველაზე მნიშვნელოვანი კი მეორე ეტაპია, რომ რაღაცას ნება მისცეთ, უბრალოდ იყოს. ერთი შეხედვით, ეს არაფრის კეთებას მოითხოვს თქვენგან, მაგრამ სწორედ ეს არის ყველაზე რთული, ვინაიდან ეს ჩვენს ინსტინქტებზე წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. 

დაბოლოს, მიუხედავად ყველაფრისა, ზოგჯერ არც გეგმების მიხედვით მიდის ყველაფერი. მესიმაც ბევრი მატჩი წააგო, ბევრი მწეველიც დაუბრუნდა სიგარეტს, თუმცა სწორედ ამას მოჰყვა შედეგად შფოთვასა და დისკომფორტზე დაუფლების მეთოდის დასწავლა…

„მიდი მოდი” – ქართული დუქანი, ევროპული ბარი თუ ორივე ერთად?

Illusion Diffusion — ახალი AI მოდელი სიმეტრიული კომპოზიციების შესაქმნელად