in

როგორ უნდა დაეხმარონ დამსაქმებლები Gen Z თანამშრომლებს?

კვლევები ამჯერად იმას ადასტურებს, რომ პანდემიის დროს ახალგაზრდა თაობებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები გაიზარდა. მეტიც, გამოკითხულთა თითქმის ნახევარს ურთიერთობების დამყარების სურვილიც აღარ აქვს…

pasha-statiebi
pasha-statiebi

რეალურად კი თანამშრომლობის გაძლიერებისა და თანამედროვე მსოფლიოს ასაშენებლად ადამიანებისთვის სხვებთან ეფექტური ურთიერთქმედება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ისინი სწორედ განმეორებითი ურთიერთობებით იმკვიდრებენ თავს სოციუმში და სამეგობრო კავშირებსაც ამყარებენ. ხოლო რეალობისგან განცალკევებულად ყოფნა და სუიციდური ფიქრები არის სწორედ ის, რაც სოციალურ გათიშვას იწვევს. ახალგაზრდებში „სოციალური მე“-ს დაშლა კი ხელმძღვანელებისთვის გამოღვიძების ზარი უნდა იყოს. 

ამიტომ, აუცილებელია, დღევანდელ არასტაბილურ გარემოში ლიდერებმა და მენეჯერებმა ახალგაზრდა თანამშრომლებს მხარი დაუჭირონ… ეს იქნება არა მხოლოდ თანამშრომლების ახალი თაობის ჩართვა სამუშაო პროცესებში, არამედ ინვესტიცია ერთობლივ მომავალში. აქ კი იმ 4 საკითხს განვიხილავთ, რომლებიც კომპანიებს ახალგაზრდა თაობების მხარდაჭერაში დაეხმარება. 

1. აქციეთ მენტალური ჯანმრთელობა პრიორიტეტულ და მთავარ საკითხად

LinkedIn-ის თანახმად, Gen Z-ის 66%-ს სურს, რომ კომპანიის კულტურა ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე იყოს აგებული. კარგი კი ის არის, რომ Wellable Labs-ის 2022 წლის მონაცემების მიხედვით, დამსაქმებელთა 90%-მა ფსიქიკური ჯანმრთელობის პროცესებში ინვესტიციები გაზარდა, სტრესის მენეჯმენტსა და მდგრადობის პროგრამებში ეს მაჩვენებელი 76%-ით, გონებრივი ჯანმრთელობისა და მედიტაციის პროგრამებში კი 71%-ით გაუმჯობესდა. 

თუმცა, კულტურა, რომელიც ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზეა აგებული, მედიტაციის შეთავაზებებსაც სცილდება… კლინიკური ფსიქოლოგი ანჰალტი გირჩევთ, დარწმუნდეთ, რომ თქვენი გეგმის სარგებელი ფარავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა, თერაპია ან ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების დაფინანსება. იგი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრების გამოცდილების გაზიარებასა და ხშირი გამოხმაურების შეგროვებისკენაც მოგიწოდებთ, იმის შესახებ, თუ რა სჭირდებათ თანამშრომლებს თავიანთი ყველაზე ჯანსაღი ვერსიის წარმოსაჩენად. 

შესაძლოა, მენტალური ჯანმრთელობის პრიორიტეტად და მთავარ საკითხად ქცევა კონკურენტული ანაზღაურების, გაუმჯობესებული საოჯახო პოლიტიკის, ბავშვთა თუ მოხუცთა მოვლის სუბსიდიებისა და სერვისების, მშობელთა მხარდაჭერის ჯგუფების, ანაზღაურებადი დასვენების დღეების ან დამატებითი კომპენსაციის შეთავაზებას ჰგავდეს. ეს შეიძლება თანამშრომლების გადაღლილობისა და გამოფიტვის თავიდან ასაცილებლად უფრო მეტის გაკეთებასაც ნიშნავდეს. ამის მაგალითად, მოქნილი სამუშაო პოლიტიკის გაორმაგება, ოთხდღიანი საპილოტე პროგრამის ტესტირება, პარასკევის დასვენების დღედ ქცევა, შეხვედრებისგან თავისუფალი დღეებისა და იმ საათების დაწესება ითვლება, როცა მათ შეწუხებას ვერავინ შეძლებს. მსგავსად კი თანამშრომლების დასვენებისა და განტვირთვის უზრუნველყოფასაც მოახერხებთ.

2. იზრუნეთ თანამშრომლების სამსახურში ჩართვაზე

ახალი თანამშრომლების სამსახურში ჩართვა არის შესაძლებლობა, რათა აჩვენოთ, როგორ გამოიყურება მათთვის ურთიერთდახმარებისა და კეთილდღეობის კულტურა. BambooHR-ის გამოკითხვის მიხედვით, თანამშრომლების 80%-ზე მეტი, რომლებიც საკუთარ სამუშაო გამოცდილებას მაღალ შეფასებას აძლევდნენ, ორგანიზაციის მიმართ დიდ პატივისცემას გამოხატავენ, თავიანთი მოვალეობები მეტად გაცნობიერებული აქვთ და სამსახურის მიმართ ერთგულებითაც გამოირჩევიან. 

ბევრი ახალგაზრდისთვის კი სამსახურში ჩართვა პროფესიულ გარემოში მათი პირველი ან მეორე გამოცდილებაც შეიძლება იყოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დისტანციური ან ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმის პირობებში, სამუშაოს გაცნობა ურთიერთდახმარების საფუძველიც უნდა გახდეს… თუმცა იგი თქვენი კომპანიის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ან სახელმძღვანელო წესების განხილვას ნაკლებად ეხება, ეს უფრო მეტად უსაფრთხო და კეთილგანწყობილ გარემოში ახალ თანამშრომლებს ერთმანეთის გაცნობის, დამეგობრებისა და შეკითხვების დასმის საშუალებას იძლევა.

სამსახურში ჩართვა ხშირად სხვადასხვა სავარჯიშოს შესრულებითაც ხდება, მათ შორისაა:

  • აჩრდილის სავარჯიშო — ახალ დაქირავებულებს საშუალება აქვთ, დააკვირდნენ თუ როგორ ასრულებენ მათი კოლეგები დაკისრებულ მოვალეობებს 
  • დაჩქარებული მეგობრობის სავარჯიშო — სადაც ახალწვეულები მენეჯერებს ორგანიზაციის მასშტაბით ხვდებიან 
  • პირადი მიზნების სავარჯიშო — აქ ისინი უკეთ იგებენ პირადი მიზნების შესახებ 
  • სათამაშო სავარჯიშო — ადამიანები ცდიან სიახლეებს და ერთად იცინიან კიდეც
  • Late Nite Art — ეს არატრადიციულ, მაგრამ ეფექტურ აქტივობად ითვლება, რომელსაც, როგორც პირადად, ისე ვირტუალურადაც შეგიძლიათ მიმართოთ. ხელოვნებისა და მუსიკის ერთობლივი სწავლის გამოცდილებაა, რაც გარისკვას, ღრმა საუბრებსა და პრობლემების ერთად გადაჭრას მოითხოვს. ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა Headspace, Southwest Airlines და Accenture, ეს მეთოდი გამოიყენეს, რათა თანამშრომლები კომფორტის ზონიდან გამოსულიყვნენ და თავიანთი კოლეგები სხვა გზითაც გაეცნოთ. 

ხოლო მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდების სამსახურში ჩართვა ვირტუალურადაც კარგად შეიძლება მოხერხდეს, ეს მაინც ადამიანთა კავშირზე უფრო მეტი ყურადღების მიქცევას მოითხოვს… საგანგაშო ახალი მონაცემების გათვალისწინებით, რაც ახალგაზრდა დასაქმებულების მარტოობასა და სოციალური მეს გაუარესებაზე მიგვითითებს, კომპანიებში ის სარგებელი უნდა განიხილონ, რაც თანამშრომლებისა და იმ ძირითადი ღირებულებიდან მომდინარეობს, რომელსაც Gen Z-ის წარმომადგენლებზე ძლიერი პირველი შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლია. 

3. დაუჭირეთ ახალგაზრდებს მხარი ქოუჩინგით

Glint 2021-ის მიხედვით ის, რაც დღეს სამუშაო გარემოს განსაკუთრებულად აქცევს, სწავლისა და ზრდის შესაძლებლობებია. სწავლისა და განვითარების აუცილებელი ინსტრუმენტი კი ორგანიზაციათაშორისი მენტორობა და სპონსორობაა, რაც მომავალ თაობას პირადი და პროფესიული განვითარების საშუალებასაც აძლევს. 

ამის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია DoorDash’s Elevate Program, კარიერის აქსელერატორი, რომელიც სპეციალურად ქალებისთვის შეიქმნა. მონაწილეები 6-თვიან გამოცდილებას იღებენ, ეს კარიერის აღმასრულებელ ქოუჩებთან ინდივიდუალურ სესიებს, სემინარებს, ხელმძღვანელებისა და სპონსორების შეხვედრებზე დასწრებას მოიცავს. პროგრამის დასრულების შემდეგ კი მონაწილეთა უმეტესობა დაწინაურების შეთავაზებებს იღებს.

ახალგაზრდების მხარდაჭერის კიდევ ერთი გზა წყვილების ქოუჩინგია — პროცესი, რომლის დროსაც ორი კოლეგა ერთმანეთს გამოცდილების ასახვასა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში ეხმარება, მხარდაჭერას სთავაზობს და არსებულ სამუშაოს მიზანს უსადაგებს

თუმცა 2022 კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 46%-ს სამსახურში მეგობრების შეძენა უჭირდა, 57%-ს კი ამაში მენეჯერები ეხმარებოდნენ… ხოლო ექსპერიმენტმა, რომლის დროსაც თანამშრომლები ორ კვირაში ერთხელ ვიდეოზარის საშუალებით 1 საათის განმავლობაში საუბრობდნენ და ერთმანეთს გამოცდილებისა და კეთილდღეობის შესახებ ელაპარაკებოდნენ, აჩვენა, რომ მათმა უმეტესობამ სამსახურში მნიშვნელოვანი კავშირების დამყარება შეძლო. ეს კი წყვილების ქოუჩინგის კარგ ვერსიადაც შეგიძლიათ ჩათვალოთ.

4. ჩაანაცვლეთ ეკრანთან გატარებული დრო პირისპირ შეხვედრებით

პანდემიის გამო დისტანციური და ჰიბრიდული მუშაობის აუცილებლობა გაჩნდა, რაც ეკრანთან უფრო მეტი დროის გატარებასაც გულისხმობს. მართალია, ერთი მხრივ, Gen Z-ის თანამშრომლების უმრავლესობა (77%) უპირატესობას მოქნილ სამუშაო პოლიტიკას ანიჭებს, მაგრამ, მეორე მხრივ, მათ ნამდვილი ურთიერთობები ენატრებათ და გრძნობენ, რომ კარიერული განვითარების შესაძლებლობებს მხოლოდ იმის გამო კარგავენ, რომ მენეჯერებთან და თანამშრომლებთან ფიზიკური სიახლოვე არ აქვთ.

ამ საკითხების დაბალანსების მაგალითად შეგვიძლია, Airbnb-ის ბოლო განცხადება ჩავთვალოთ. კომპანია თანამშრომლებს ნებისმიერ ადგილზე მუშაობისა და ცხოვრების საშუალებას აძლევს, ამასთან, ისინი კვირაში ერთხელ ერთმანეთთან პირისპირ შეხვედრასაც შეძლებენ, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ახალი თანამშრომლების სამსახურში ჩასართავად და გუნდის მოქმედებისთვის. დიახ, ყოველთვიური, კვარტალური ან წლიური გუნდური შეხვედრები ერთიანი გუნდის შექმნასა და ადამიანებს შორის კავშირის გაღრმავებაში დაგეხმარებათ. 

ხოლო Cigna-ს მიხედვით, დასაქმებულები, რომლებიც კოლეგებთან ერთად საჭმელად ან ყავის დასალევად ხშირად გადიან და მათთან სატელეფონო ზარებსაც ახორციელებენ, სამსახურში ნაკლებად მარტოსულები არიან. ამიტომ, ლიდერებმა უნდა დაიმახსოვრონ, რომ მსგავსი საკითხებისთვის დროის გამოყოფა ძალიან მნიშვნელოვანია…

ამასთან, გუნდის ყოველკვირეული შეხვედრის დაწყებამდე, კარგი იქნება თუ 5 წუთს კეთილდღეობის შემოწმებას დაუთმობთ, მოუსმენთ, რას აკეთებენ ისინი და რა სჭირდებათ მათ. შედეგად, ადამიანები, რომლებიც გრძნობენ, რომ სამსახურის სამსახურში დატოვება შეუძლიათ, UCLA-ს მარტოობის სკალაზეც 7 ქულით ნაკლებს იღებენ. ხოლო, როცა ასე არ ხდება, უნდა დაფიქრდეთ, როგორ შეძლებთ თანამშრომლების დახმარებას, რათა მათ ნაკლები დრო გაატარონ ეკრანებთან და მეტი დრო დაუთმონ პირისპირ შეხვედრებს მეგობრებთან, ოჯახის წევრებსა თუ სხვა ადამიანებთან. 

დაბოლოს, დღეს თუ ახალგაზრდების ან თუნდაც, სხვა თაობის წარმომადგენლების მოზიდვა, შენარჩუნება და სამსახურში ჩართვა გსურთ, პირველ ადგილზე ადამიანური კავშირები უნდა დააყენოთ. 

​​წყარო: HBR



SEO-ს ტენდენციები, რომლებიც 2022 წლისთვის გამოგადგებათ

როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი საავტომობილო ინდუსტრიაში