in

როგორ უნდა დაეხმარონ მენეჯერები გადაღლილ თანამშრომლებს?

ცვლილებები და ის გაურკვევლობები, რომლებიც მას ახლავს, საკმაოდ დამღლელია, სტატისტიკის მიხედვით კი ამასთან გამკლავება მხოლოდ დასაქმებულთა 50%-ს შეუძლია. ამიტომ, ჩნდება კითხვა — როგორ უნდა დაეხმარონ მენეჯერები თანამშრომლებს ისე, რომ კონკრეტული ცვლილებების მიმართ ნაკლებად მგრძნობიარეები იყვნენ. 

ძირითადად, მათ მეტი გამძლეობისკენ მოუწოდებენ და კონკრეტულ სიტუაციებთან გასამკლავებლად საჭირო გზების ძიებას ინდივიდუალურად აკისრებენ. თუმცა მენეჯერებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ გამოფიტვასთან გამკლავება კოლექტიური საკითხია და იგი გუნდის ან ორგანიზაციულ დონეზე უნდა განიხილებოდეს. აქ კი უკვე 4 მიდგომაზე საუბრობენ, რომელიც ლიდერებს თავიანთი გუნდების დასახმარებლად შეუძლიათ გამოიყენონ.

აღიარეთ ცვლილება და მისგან გამოწვეული დისკომფორტი

როცა რაღაცაზე ვწუხვართ, ჩვენ დაუყოვნებლივ ვმოქმედებთ… ფსიქოლოგები ამას სიტუაციის გამოსწორებადაც აღიქვამენ. თუმცა ეს მეთოდი ნაკლებად გვეხმარება, რადგან იმის ნაცვლად, რომ ძირეული მიზეზის დადგენა ვცადოთ, სწრაფ მოქმედებაზე გადავდივართ…

მაგალითად, მენეჯერები კონკრეტულ ცვლილებებს თანამშრომლებს ძირითადად ელ.ფოსტის დახმარებით აცნობენ და არ ფიქრობენ იმაზე, თუ რა ემოციურ დისბალანსს გამოიწვევს ეს… ამის თავიდან ასაცილებლად კი პრიორიტეტად თანამშრომლები უნდა აქციოთ და შემდეგი შეხვედრისთვის გამოყოთ დრო, სადაც მათ საკუთარ გრძნობებზე საუბრის, პრობლემების გაჟღერებისა და კითხვების დასმის საშუალება ექნებათ. 

ეს მეთოდი მაშინაც გამოგადგებათ, როცა გუნდს ახალი წევრი შეუერთდება. კვლევის მიხედვით, მცირე მასშტაბით, ისეთი პერსონალური ცვლილებები, როგორიცაა, ახალი მენეჯერის დანიშვნა ან ახალ გუნდში გადასვლა, 2.5-ჯერ უფრო დამღლელია, ვიდრე ბევრად დიდი ტრანსფორმაციული ცვლილებები. ნებისმიერ შემთხვევაში კი, თანამშრომლებს უნდა მისცეთ სივრცე, სადაც ისინი საკუთარი შეხედულებების შესახებ ისაუბრებენ.

გამოიყენეთ ფრაზა — მე ვარ ადამიანი, რომელიც სწავლობს…“ 

გაურკვეველ სიტუაციებში ყოფნა იმის დაშვების საშუალებასაც იძლევა, რომ ჩვენ ყველა კითხვაზე პასუხი არ გვაქვს. ამის გამო საკუთარი თავის განსჯა არ უნდა დაიწყოთ. იმისთვის, რომ გუნდს შფოთვიდან სწორ აზროვნებაში გადასვლაში დაეხმაროთ, შეცვალეთ სიტუაციები, „მე არ შემიძლია ამის გაკეთება“ ჩაანაცვლეთ ფრაზით — „მე ვარ ადამიანი, რომელიც სწავლობს…“ 

მაგალითად, თუ თქვენ დისტანციური მუშაობის დროს თანამშრომლების მართვა არ შეგიძლიათ, თქვით მე ვსწავლობ, როგორ გავხდე კარგი მენეჯერი დისტანციურ გარემოში“. ხოლო თუ პრეზენტაციის წარდგენის გამო ძალიან ნერვიულობთ, უთხარით საკუთარ თავს — მე ვსწავლობ, როგორ წარვდგე ცოცხალი აუდიტორიის წინაშე“.

ეს მეთოდი თქვენს გუნდსაც შეგიძლიათ შესთავაზოთ, დაასრულებინეთ ფრაზა — მე ვარ ადამიანი, რომელიც სწავლობს… ან ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც სწავლობს… მსგავსად, კონკრეტული ინდივიდებისა და მათი საჭიროებების შესახებაც უფრო მეტს გაიგებთ.

შეადგინეთ გეგმა, რომლიდანაც გადახვევას შეძლებთ

ჩვენი ტვინი ხშირად აქამდე არსებული სიტუაციების ამოცნობისკენ არის მიდრეკილი, როცა ნაცნობ გამოწვევას შეხვდებით, ფიქრობთ, რომ იგი ზუსტად ისე დაძლიოთ, როგორც ეს ადრე მოახერხეთ. თუმცა გაურკვეველ სიტუაციებში სწორი ნაბიჯების გადასადგმელად, უფრო ბევრი მუშაობა და ფიქრი გვიწევს.

თქვენ გრძნობთ, რომ ყველაფერს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან არ ხართ დარწმუნებული, რა უნდა გააკეთოთ… ამიტომ არის გაურკვევლობა ასე დამღლელი“, — განმარტავს მოლი სენდსი, ფსიქოლოგი.

ხშირად, პრობლემის ანალიზის ეტაპზეც რჩებით, სადაც მილიონი შესაძლებლობა ჩნდება, მაგრამ სწორი გზის პოვნა რთულდება. სწორედ ამიტომ, გუნდები გეგმებს განიხილავენ როგორც მოცემულობას, რომლიდანაც გადახვევა შესაძლებელია.

დაგეგმვის სარგებელი არის იმაზე ფიქრი, თუ რას გავაკეთებთ, როცა რაღაც მოხდება, აქ მთავარი ღირებულება პროცესია და არა კონკრეტული დღის წესრიგი“, — ამბობს ლორა გალაჰერი, ფსიქოლოგი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაგეგმვა მნიშვნელოვანია, ეს გაძლევთ თავდაჯერებულობას, რომ მზად ხართ შემდეგ გამოწვევებთან გასამკლავებლად, თუმცა აქ ცვლილებაც შესაძლებელია…

დაამატეთ რიტუალები თქვენს სამუშაო სივრცეში

როგორც კვლევებით დადგინდა, რიტუალებსა და კონკრეტულ ჩვევებს სტრესის დონის შემცირება შეუძლია. მეტიც, ამბობენ, რომ რა რიტუალს ჩაატარებთ ამას მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს, ფსიქიკურ ჯანმრთელობას უბრალოდ ერთი და იმავე საქმის ხშირად შესრულება აუმჯობესებს.

ემი ბონსალი ორგანიზაციებს თანამშრომლების კეთილდღეობის მიღწევაში ეხმარება, ამ შემთხვევაში კი გირჩევთ გუნდებს დაუსვათ კითხვა — როგორ შეგვიძლია რიტუალების ჩართვა ჩვენს დღის წესრიგში? ბონსალიც ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რას გააკეთებენ გუნდის წევრები, რადგან კოლექტიური ქმედებაა და ორიენტირებულია იმაზე, რაც ამ გუნდისთვის მნიშვნელოვანია, იქნება ეს შემოქმედებითობა, თანამშრომლობა თუ ენერგიის გაზრდა. იგი ყოველი შეხვედრის დაწყებას ისეთი რიტუალით გირჩევთ, როგორიცაა, თვალების დახუჭვა და 1 წუთის განმავლობაში სუნთქვა ან ყოველდღიური 15-წუთიანი საუბარი, სადაც თანამშრომლები ერთმანეთს მათთვის შთამაგონებელ საკითხებს გაუზიარებენ. 

სწორი მეთოდების გამოყენებით კი გუნდს თქვენს შესაძლებლობებშიც დაარწმუნებთ და ერთად ნებისმიერ გამოწვევას დაძლევთ.

წყარო: HBR



„მფრინავი ასი“: „გვინდა, ბავშვებმა საკუთარ წარმოსახვაში მეტი იმოგზაურონ!“

Young Lions Georgia 2022-ის Film კატეგორიის გამარჯვებულთა სამეული