მოდით, ეს თემა კონკრეტული მაგალითით განვიხილოთ —გენმოდიფიცირებული ორგანიზმების (GMO), პესტიციდებისა და ანტიბიოტიკების ჭარბად გამოყენება პროდუქტებში მომხმარებლებისთვის საკმაოდ მწვავე თემას წარმოადგენს. კვლევამაც აჩვენა, რომ ადამიანები მზად არიან, უფრო მეტი გადაიხადონ ნატურალურ საკვებში… აქ კი ბუნებრივია, კომპანია, რომელიც ამ პესტიციდებს აწარმოებს, არც ისე კარგ დღეში იქნება, საქმე მათ რეპუტაციას ეხება, რაც სააგენტოს შემდგომი ამოცანის წინაშე აყენებს — დაარწმუნონ ადამიანები, რომ ეს კომპანია კარგია. შეუძლებელიაო, ალბათ, ფიქრობთ, მაგრამ არა, აქ ყველაფერი თანაგრძნობით იწყება.
ასეთი კომპანიები იმ ნეგატიურ პრაქტიკებს უკავშირდება, რომლებიც ადამიანებს არ მოსწონთ. დიდ ბოროტ კორპორაციებად მიიჩნევენ, რომელიც სოფლის მეურნეობის ცუდ პრაქტიკას გვთავაზობს… თუმცა მარკეტერებმა ერთ ინსაითს მიაგნეს, რომ ადამიანებს სურთ, თავი კარგად იგრძნონ იმ საკვების გამო, რომელსაც მიირთმევენ და იმის გამოც, თუ საიდან იღებენ მას. ამგვარად, შემდეგი ამოცანა იმის გარკვევა გახდა, თუ რა უნდა ეთქვა ამ კომპანიას ისეთი მომხმარებლებისთვის, რათა მათივე საჭიროებები დაეკმაყოფილებინა. ერთი შეხედვით, შეუძლებლად ჩანდა, თუმცა საბოლოოდ მრავალი გზა გამოავლინეს, რომლითაც იმაზე საუბარს მოახერხებდნენ, თუ როგორ დაეხმარნენ ისინი თავიანთ სამიზნე აუდიტორიას.
მაგალითად, კომპანიას მცენარეების გაშენებაზე საუბარი შეეძლო — ანუ იმაზე, თუ როგორ იყენებენ ფერმერები თავიანთ მონაცემებსა და პროგრამებს მეტი სიზუსტისა და ნარჩენების შესამცირებლად. როგორ ეყრდნობიან მეცნიერებას, მოსავლისთვის უკეთესი ფართობების შესაქმნელად… მოკლედ რომ ვთქვათ, მათ GMO-სა და პესტიციდების მიღმა საუბარი შეეძლოთ.
ამისთვის კი კომპანიის ციფრული ხელსაწყოები დიდად გამოსადეგი დარჩა — ბევრ ფერმერს მოსწონდა მათი პროგრამების, აპლიკაციებისა თუ სხვა ციფრული ხელსაწყოების გამოყენება გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ეს მათ არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებაში ეხმარებოდა და იმის შემცირებაშიც უწყობდა ხელს, რაც მომხმარებლებსაც სურდათ, რომ ფერმერებს ნაკლებად გამოეყენებინათ, იქნებოდა ეს მიწა, წყალი თუ სხვა რესურსები. საბოლოოდ კი კამპანიაც ამ იდეის ირგვლივ ააგეს — „დატოვეთ დედაბუნების საჩუქარი იქ, სადაც მათი ადგილია. გამოიყენეთ ნაკლები წყალი, ნაკლები მიწა და ნაკლები ენერგია“.
ერთი ამბავიც გაგვიზიარეს — „წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ისეთი მცენარეების გაზრდა, რომლითაც ართრიტს ვუმკურნალებთ ან მცენარის, რომელიც მზის სინათლეს საკვებად მეტად ეფექტურად გარდაქმნის. თქვენთვის არაამქვეყნიურად ჟღერს არა?! თუმცა არა, შერონ ბერბერიქისა და სემ ფიორელოსთვის, რომლებიც თითქმის მთელ დროს უთმობენ სოფლის მეურნეობის მომავალზე ფიქრს“. ამას კი შემდგომში იმ ტექნოლოგიების მომავალზე საუბარი მოსდევდა, რომლებიც ფერმერებს ნაკლები რესურსების გამოყენებაში შეუწყობდა ხელს. ეს კამპანია წარმატებული სწორედ ემპათიამ გახადა, რომლის გარეშეც საერთოდ არაფერი გამოვიდოდა…
მნიშვნელოვანია ერთი რამ კარგად გაიაზროთ, რომ არ შეგეშინდეთ იმ ადამიანებთან კომუნიკაცია, რომლებსაც სძულხართ. უბრალოდ საკუთარი თავი ექსტრემალური პასუხებისა და სიტუაციებისთვის მოამზადეთ. სთხოვეთ ვინმეს, „ეშმაკის ადვოკატის“ როლი მოირგოს და ყველაზე ცუდი რამ შემოგთავაზოთ მათ შორის, რაც თავს შეიძლება გადაგხდეთ. მოემზადეთ იმ პოტენციური კრიტიკული საკითხებისთვის, რომლებზეც შეიძლება გაგესაუბრონ. დაფიქრდით, გაქვთ სოციალური მედია? სტრატეგია ტროლებთან გასამკლავებლად? მედია ინტერვიუებს ატარებთ? სავარაუდო კითხვებს როგორ უპასუხებთ?
და რაც ყველაზე მთავარია, საკუთარ თავს თქვენი მიზანი შეახსენეთ, რისი გაკეთება გსურდათ, რას მიაღწიეთ და რამდენად განიცადეთ პროგრესი. აღიარეთ, რომ რთული პერიოდია, რასაც მრავალი კრიტიკაც მოჰყვება, თუმცა თქვენ წინსვლისთვის ნაბიჯები უკვე გადადგმული გაქვთ…