შესაძლოა, ფიქრობდეთ, რომ ახალი იდეების მოფიქრება მხოლოდ გენიოსებს შეუძლიათ, მაგრამ რეალურად, ბევრი კინო, მუსიკა, ნახატი, პროდუქტი თუ წიგნი შექმნილა შთაგონებით, რომლის ავტორებიც სხვა, ჩვენივე მსგავსი ადამიანები ყოფილან. გამოდის, ისინი ე. წ. რემიქსებს გვთავაზობენ: მათი კრეატორები აგროვებენ, აერთიანებენ, არედაქტირებენ და ხელახლა აწყობენ მას, რათა არსებული მასალისგან რაღაც ახალი შექმნან. თუმცა ძველი რაღაციდან ახლის შექმნა ძალიან რთული ამბავი არ გეგონოთ, რადგან დღეს ციფრული მედია საშუალებას გვაძლევს, იდეები მთელი მსოფლიოდან მოვიპოვოთ.
როცა ეს საქმე ეთიკის დაცვით კეთდება, რემიქსში სხვა ავტორების წვლილსაც აღნიშნავენ ხოლმე, მაგალითად, რეფერენსების სახით. ეს უკანასკნელი ამდიდრებს კიდეც არსებულ ნამუშევარს… სტივ ჯობსი სირცხვილის გარეშე აღიარებდა, რომ მას დიდებული იდეები „მოპარული“ ჰქონდა.
ჯორჯ ლუკასი, ლედ ზეპელინი და სტივ ჯობსი გენიოსებად მიიჩნევიან, რადგან მათ გვაჩუქეს Star Wars, Stairway to Heaven და Apple Macintosh. აქ კი გეტყვით, რომ Star Wars ჯოზეფ კემპბელის წიგნის The Hero with a Thousand Faces მიხედვით შეიქმნა. Stairway to Heaven ტაურუსის Spirit-ით არის შთაგონებული, ხოლო Apple-ის მაუსი Xerox-ით…
აქ კი კინორეჟისორი კირბი ფერგიუსონი გვახსენებს copy/transform/combine-ის ინოვაციების ფორმულას, რომლითაც საბეჭდი მანქანა ფორტეპიანოდაც კი გადაქცეულა:
კოპირება: ადამიანების ცნობისმოყვარეობას მოითხოვს, ღიაობას ინფლუენსერთა ფართო სპექტრისადმი და იმის არჩევას, რომელიც ყველაზე დამაჯერებლად და უცხოდ გამოიყურება. კოპირება რომ შეძლოთ, იშვიათი ნედლეული უნდა დააგროვოთ და ხშირად გადახედოთ მას, რათა შექმნათ ნიმუში ან ის, რაც შეგიძლიათ გააუმჯობესოთ.
გარდაქმნა: ეს უკვე ნედლი მასალების ვარიაციების შექმნას გულისხმობს, რა დროსაც კრეატიული ნაბიჯებიც უნდა გადადგათ.
გაერთიანება: პროცესის ბოლო ნაწილი კი მრავალი იდეის ახალი და კრეატიული გზებით დაკავშირებას მოითხოვს. ის, რაც ყველაზე მიმზიდველია და საუკეთესო შედეგებსაც იძლევა, სწორედ იდეების, პროდუქტებისა და ადამიანების კომბინირებაა, რომლებიც ინტუიციურად, თითქოს, არც ესადაგება ერთმანეთს.
„ორიგინალურობისთვის არ გჭირდებათ პირველობა, უბრალოდ განსხვავებული და უკეთესი უნდა იყოთ“, — აცხადებს ადამ გრანტი.