in

როგორ უნდა გამოასწოროთ თქვენს რეზიუმეში არსებული ხარვეზები?

წარმატებული HR პატრიშა კარლი რამდენიმე ძირითად სტრატეგიას გვიზიარებს

სამუშაოს მიღება არასდროსაა მარტივი, მაგრამ წითელი ალამით სავსე რეზიუმე კიდევ უფრო ართულებს მას. როგორ უნდა მოიგოთ დამსაქმებლის გული, როდესაც სამუშაო გამოცდილების თვალსაზრისით მრავალი ხარვეზი აღგენიშნებათ? როგორიცაა მაგალითად, ბევრი მოკლევადიანი სამსახური, სამსახურიდან დაუგეგმავი წასვლა და ა. შ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ამასთან დაკავშირებით, წარმატებული HR-ის პატრიშა კარლის გამოცდილება დაგვეხმარება. ის როგორც დაბალ, ისე მაღალ ბიუჯეტიან კომპანიებთან თანამშრომლობდა და საბოლოოდ, მთელი კარიერის განმავლობაში 3000-ზე მეტ კანდიდატთან ჰქონდა შეხება. მას ბევრი არასრულყოფილი რეზიუმე უნახავს და ასევე ის, თუ როგორ შეუძლიათ კანდიდატებს ეფექტურად პოზიციონირება.

გამოცდილების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ე. წ. “წითელი ალამის” დაძლევა საკუთარი ნარატივის განვითარებასა და კონტროლზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, წითელ ალამს, საფუძვლიანი მიზეზით, შეუძლია, ეჭვქვეშ დააყენოს თქვენი ზოგადი სამსახურეობრივი მდგომარეობა, შესრულება და საიმედოობა. თუმცა საკუთარი აზრების პირდაპირ და თავისუფლად გამოხატვით, რამდენიმე სიტყვით სამომავლო გეგმების დასახვით, შეგიძლიათ, ამ პრობლემებს გაუმკლავდეთ და საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვოთ დამსაქმებელზე.

პატრიშამ სამი ძირითადი “წითელი ალამი” და მისი გადაჭრის ეფექტური სტრატეგიები შემოგვთავაზა:

დასაქმების ხარვეზები

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხარვეზი აუხსნელად ხანგრძლივი დროით უმუშევრობაა. ამ შემთხვევაში მენეჯერებმა შესაძლოა ჩათვალონ, რომ წარსულში სამუშაო ადგილების მოსაპოვებლად იბრძოდით, რაც ცუდ მუშაობაზე თუ სხვა ნაკლოვანებებზე მიანიშნებს.

მართალია, მიუხედავად იმისა, რომ HR-ს ბევრად უარესი წარმოდგენის შექმნაც შეუძლია, რეალურად დასაქმებაში არსებული ხარვეზის მრავალი სავსებით მართებული მიზეზი არსებობს. სამუშაო ისტორიაში შეფერხება შეიძლება, განპირობებული იყოს როგორც საკუთარი პირადი პრობლემებით, ისე ოჯახის წევრზე ზრუნვით, განათლების მიღებაზე ზრუნვით, ჯანმრთელობის მდგომარეობით და ასე შემდეგ.

ამასთან ერთად საგულისხმოა, რომ რაიმე მიზეზით მუშაობის შეწყვეტა, განვითარების შეწყვეტას არ ნიშნავს – ყოველთვის იფიქრეთ სამომავლო მდგომარეობაზე და იპოვეთ გზები, რომლებიც პროფესიულ დანაკლისს ამოავსებს. მაგალითად, თავისუფალ დროს დაესწარით კურსებს, შეუერთდით მოხალისეობრივ სამსახურს ან დასაქმდით საკონსულტაციო სფეროში. სწორედ ამ გზით გაზრდით და განავითარებთ თქვენს რეზიუმეს.

მაგალითისთვის, როდესაც ერთ-ერთმა წარმატებულმა მენეჯერმა მაღალი დონის მარკეტინგული სამსახური დატოვა, გრძნობდა, რომ დასვენება და ენერგიის მოკრება სჭირდებოდა, შემდგომი ნაბიჯებისთვის. ამიტომაც მალევე არ დაუწყია სამსახურის ძებნა და ცდილობდა, საკუთარი ძალების მაქსიმალური დემონსტრირებისთვის წინასწარ განესაზღვრა გეგმები. საბოლოოდ კი, მან დააარსა შპს და საკონსულტაციო სამუშაოებს შეუდგა მეგობრებისა და ყოფილი კოლეგებისთვის. ამ გზით იგი ვითარდებოდა პროფესიულადაც და თან დროც რჩებოდა დასვენებისა და ფიქრისთვის.

ასევე, ბუნებრივია, თუ თქვენი დროებითი უმუშევრობის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ფრთხილად ირჩევთ მომავალ პოზიციას და არ ეთანხმებით ყველა შემოთავაზებას. რაც უფრო ცხადად გადმოსცემთ, რომ დასაქმების ხარვეზი მეტწილად თქვენი მიზეზით იყო განპირობებული, მით უფრო ნაკლებად აღგიქვამენ სასოწარკვეთილ, წარუმატებელ უმუშევრად.

გაითვალისწინეთ, რომ შეგიძლიათ, ეფექტურად წარმოაჩინოთ თქვენ მიერ დაგროვილი ცოდნა და ის შესაძლებლობები, რაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გამოიმუშავეთ. ისაუბრეთ იმაზე, თუ რატომ ხართ იდეალური კანდიდატი კონკრეტულ პოზიციაზე და რა მხრივ იქნება ეს საინტერესო.

სამსახურიდან სამსახურზე ხტომა

შემდეგი “წითელი ალამი” მოკლედ დროში მრავალი სამსახურის გამოცვლაა. ამან შესაძლოა, შეშფოთება გამოიწვიოს და მენეჯერს აფიქრებინოს, რომ გიჭირთ ორგანიზაციისადმი ხანგრძლივი ინტერესისა თუ ერთგულების შენარჩუნება. იბადება ისეთი კითხვები, როგორიცაა აქვს თუ არა კანდიდატს ქრონიკული შესრულების პრობლემები? ასეთი დამოკიდებულება სავარაუდოდ, დამსაქმებელს დააფრთხობს, მიუხედავად მრავალფეროვანი კვალიფიკაციისა.

ამ მოსაზრების გათვალისწინებით რამდენიმე ძირითადი სტრატეგია არსებობს, რომელთა გამოყენებაც HR-ის შეშფოთებას და შიშს აგარიდებთ თავიდან:

  • ხაზგასმით აღნიშნეთ, როგორ დააჩქარა მრავალფეროვანმა გამოცდილებამ, სხვადასხვა ტიპის ხელმძღვანელობასთან მუშაობამ თქვენი სწავლა და პროფესიული ზრდა.
  • ყურადღება გაამახვილეთ თქვენს მიღწევებზე, სხვადასხვა როლის შესრულების დროს.
  • ნათლად აღნიშნეთ, როგორ გაიზარდა თქვენი გამოცდილება სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის შედეგად და როგორ იმოქმედა სხვადასხვა სახის ორგანიზაციებში საუკეთესო პრაქტიკის მიღებამ ცოდნისა და კომპეტენციის გაზრდაზე.

მაგალითად, ერთ-ერთი ადამიანი, პირობითად ჯარედი, ერთი წლის განმავლობაში ბევრ რამდენიმე ადგილას იყო დასაქმებული, რის შესახებაც მან თქვა: “მე ცოტა ხნის წინ იმაზე მეტჯერ შევიცვალე სამუშაო ადგილი, ვიდრე მსურდა, მაგრამ სწორედ ამის შედეგია ის, რომ მოკლე პერიოდში მრავალ ორგანიზაციასთან მქონდა შეხება. სხვადასხვა საქმის შესრულებამ კი საბოლოოდ შემოსავლის 8 და 11%-ით ზრდა გამოიწვია. ეს ყველაფერი მხოლოდ რამდენიმე თვეში მოხდა…”

დაუგეგმავი წასვლა

და ბოლოს, კიდევ ერთი პოტენციური ნაღმი სამუშაოს ძიების პროცესში დაუგეგმავი ან უნებლიე წასვლაა. მენეჯერების უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს იმ კანდიდატებს, რომლებსაც საფუძვლიანი წასვლის მიზეზი აქვთ. ამის გათვალისწინებით, დამსაქმებელი აუცილებლად გკითხავთ წინა სამსახურის დატოვების მიზეზს – თავად წამოხვედით თუ გაგათავისუფლეს? ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ძირითადი მოსაზრებაა გასათვალისწინებელი და ის, თუ როგორ ახსნით სიტუაციას:

  • როგორი მწარე გამოცდილებაც არ უნდა გქონდეთ, წყენა გასაუბრების კარს მიღმა დატოვეთ და ნუ ისაუბრებთ პრობლემებზე, რომლებიც წინა სამსახურში გქონდათ. პირიქით, გამოცდილების დადებითი მხარეები იპოვეთ და ამაზე აქცენტირდით – რა ისწავლეთ? რა ურთიერთობები დაამყარეთ? რა მიზნები განახორციელეთ?
  • აღწერეთ გარემო, რომელიც თქვენთვის იდეალურია – ისაუბრეთ მაღალგანვითარებად კომპანიაზე, ფოკუსირდით ინოვაციებზე და უფრო სწრაფ ტემპზე. აღნიშნეთ თქვენი საჭიროებები, რომლებსაც სავარაუდო დამსაქმებლისგან მოითხოვთ და შეგიძლიათ, “შეფარვით” ჩააქსოვოთ ის აზრიც, რომ წინა მენეჯერი მხარს არ გიჭერდათ.
  • თუ სამსახურიდან გაგათავისუფლეს, მოკლედ და კონკრეტულად ახსენეთ ამის მიზეზი – ისაუბრეთ კომპანიისა და გარემოს ცვლილებაზე, როლის შეუფერებლობაზე, ან ხელმძღვანელობის მიმართულების ცვლილებაზე.
  • ხაზგასმით აღნიშნეთ პროფესიული თვალსაზრისით მიღებული განვითარება.

თვალსაჩინო მაგალითის სახით, პატრიშა კარლიმ თავისი ერთ-ერთი კლიენტის, ჰანას შემთხვევა გაგვიზიარა. ჰანამ დამსაქმებელს უამბო იმის შესახებ, თუ როგორ მივიდა სამსახურის დატოვების გადაწყვეტილებამდე. “მე ნამდვილად დიდხანს ვაპირებდი სამსახურში დარჩენას. ჩემი იქ ყოფნის დროს მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიე. თუმცა დამსაქმებელმა ჩემი მიდგომების შეცვლა მოითხოვა და თანაც, სურდა, შუა რიცხვებში შეემცირებინა ანაზღაურება, მიუხედავად იმავე რაოდენობის საქმისა. შესაბამისად, არაერთხელ გამოვთქვი ჩემი შეშფოთება… ამასთან უნდა აღვნიშნო, რომ მოქნილობა ჩემი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა, თუმცა ამ შემთხვევაში მიდგომების ცვლილება არაეფექტური იქნებოდა. აღმასრულებელმა დირექტორმა არ ისურვა ამის მოსმენა. ამიტომაც, შევთანხმდით, რომ აღარ გვექნებოდა საქმიანი ურთიერთობა”. 

ამ მიდგომამ მართლაც გაამართლა და რამდენიმე ინტერვიუს შემდეგ ჰანამ სასურველი პოზიცია მიიღო. დამსაქმებლებმა დააფასეს მისი გამჭვირვალობა და გულწრფელობა.

სტატიაში მოცემული ინფორმაცია ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – პანდემიურმა წელმა ბევრ ადამიანს დააკარგვინა სამსახური. სრულყოფილი რეზიუმე არ არსებობს, მაგრამ ხარვეზების მქონე კანდიდატებმა აუცილებლად უნდა შეძლონ შესაბამისი პოზიციონირება, რათა ადვილად გადალახონ დაბრკოლებები და მათ ირგვლივ შექმნილი ატმოსფერო დაარღვიონ.

წყარო: HBR



როგორ ავირიდოთ რამდენიმე საქმის ერთად კეთება დისტანციური მუშაობისას

„მე ძალიან მსუქანი ვარ?“ – გვაჩვენეთ რეკლამაში ნამდვილი სილამაზე! – Dove ინდუსტრიას შიგნიდან ანგრევს