თუ დაფიქრდებით, თქვენს ირგვლივ ერთი სამსახურისგან გადაღლილი ადამიანი მაინც გაგახსენდებათ. დიახ, წარმოიდგენთ იმას, ვისაც გადატვირთული გრაფიკი აქვს, ვისაც მრავალი მოთხოვნის შესრულება და პრიორიტეტებთან ბრძოლა უწევს. მაგრამ, ეს გამოფიტვა უბრალო დაკავებულობასა და დაღლილობაზე ბევრად მეტია.
წლების განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ სამსახურის სტრესზე ყველას ერთნაირი რეაქცია ჰქონდა. მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ გადაღლილობა სხვადასხვა გზით ვლინდება — დამოკიდებულია ადამიანის სამუშაო გარემოსა და შიდა რესურსებზე, მათ შორის სამსახურისადმი თავდადებასა და მექანიზმებთან გამკლავებაზე.
მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ გადაღლილობის 3 ტიპი და ის გზები, რომლებითაც თითოეულთან გამკლავებას შეძლებთ.
ჭარბი გადაღლილობა
ჭარბი გადაღლილობა ჩნდება მაშინ, როცა წარმატების მისაღწევად ძალიან ბევრს შრომობთ და ნერვიულობთ, ხშირად ეს თქვენი ჯანმრთელობისა და პირადი ცხოვრების ხარჯზე ხდება. ამ ტიპის გადაღლილობა ყველაზე გავრცელებულიც კია. ძირითადად მოქმედებს თავდადებულ ადამიანებზე, რომლებიც თავს ვალდებულად თვლიან, იმუშაონ არამდგრადი ტემპით. შედეგად, ისინი ფიზიკურ და გონებრივ გადაღლილობამდეც მიდიან.
პროფესიონალები, რომლებსაც გადაღლილობის ამ ტიპთან აქვთ საქმე, ამას საკუთარი ემოციების სხვებისთვის გაზიარებით უმკლავდებიან, მაგალითად, წუწუნებენ, რამდენად დაღლილები და გამოფიტულები არიან. ეს კატეგორია პრობლემის გადაჭრის რეჟიმშიც მალევე ექცევა, ქმნის უფრო მეტ სამუშაოსა და პასუხისმგებლობას საკუთარი თავისთვის, რაც არსებული სტრესულ სიტუაციას მხოლოდ აუარესებს…
ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ:
- იმისათვის, რომ სამსახურებრივი ვალდებულებები შეასრულოთ, პირად საჭიროებებსა და ცხოვრებას უგულებელყოფთ
- თქვენ იმაზე მეტ ინვესტიციას აკეთებთ, ვიდრე თქვენი კარიერისა თუ ვალდებულებებისთვის არის საჭირო
- მიზნების მისაღწევად თქვენს კეთილდღეობას საფრთხის ქვეშ აყენებთ
როგორ უნდა გაუმკლავდეთ?
აქ თქვენ ორი გამოსავალი გაქვთ. პირველი — მნიშვნელოვანია, განავითაროთ უფრო ძლიერი ემოციების რეგულაციის უნარ-ჩვევები, როგორებიცაა ემოციებისთვის სახელის დარქმევა და უარყოფითი საუბრების საკუთარ თავთან წარმართვა. მაგალითად, შეგიძლიათ ხელახლა ჩამოაყალიბოთ რწმენა, რომ 24-საათიანი შრომა კი არ დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში, არამედ საკუთარი ცხოვრებით ტკბობა გაგხდით წარმატებულს. დასვენება წარმატების ჯილდო კი არ არის, არამედ ამ პროცესის წინაპირობაა.
მეორე — თვითღირებულება სამსახურისგან უნდა განაცალკეოთ, ანუ გარკვეული დისტანცია დაიჭიროთ, რათა ჭარბი ჩართულობა და გადაღლილობა თავიდან აიცილოთ. ეცადეთ თქვენი იდენტობის გამრავალფეროვნება, რათა უფრო კომპლექსური გახდეთ. ეს კი სამსახურის მიღმა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ინვესტირებით შეგიძლიათ მოახერხოთ. თავადვე შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, რომელ როლს დაუთმობთ თქვენს დროს — მეუღლეობას, მშობლობას თუ მეგობრობას.
გამოწვევის არქონით გამოწვეული გადაღლილობა
შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ გადაღლილობას ხშირად ძალიან ცოტა რამის კეთებაც იწვევს. ეს ჩნდება მაშინ, როცა სამსახური მობეზრებული გაქვთ და მოტივაციაც დაკარგულია. ამ ტიპის გადაღლილობის მქონე ადამიანები თავს დაუფასებლადაც გრძნობენ და სასოწარკვეთილნი არიან იმის გამო, რომ მათ პოზიციას სწავლის შესაძლებლობები, ზრდის ან თანამშრომლებთან მნიშვნელოვანი კავშირების დამყარების საშუალება არ აქვთ.
დასაქმებულები, რომლებიც გრძნობენ, რომ მათი დავალებები ერთფეროვანია, კარგავენ ვნებას საქმისადმი და უფრო ცინიკურებიც ხდებიან. ისინი თავის არიდებით უმკლავდებიან იმ სტრესს, რომელიც არასაკმარისი გამოწვევების გამო იჩენს თავს. იქნება ეს ყურადღების გაფანტვა, იზოლირება თუ აზრების ჩახშობა, მაგალითად, საკუთარი თავისთვის იმის ბრძანება, რომ რაღაცაზე ფიქრი შეწყვიტონ…
ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ:
- თქვენ უფრო მეტად მოგწონთ იმ დავალებებზე მუშაობა, რომელიც გამოწვევის წინაშე გაყენებთ
- გრძნობთ, რომ კონკრეტული სამსახური არ გთავაზობთ თქვენი უნარების განვითარების შესაძლებლობებს
- გრძნობთ, რომ თქვენი ამჟამინდელი პოზიცია წინსვლისა და თქვენი ნიჭის განვითარების უნარს ზღუდავს
როგორ უნდა გაუმკლავდეთ?
როცა დემორალიზებული ხართ, რაღაცაზე ზრუნვა ძალიან რთულია. თქვენი ფსონები თქვენივე ცნობისმოყვარეობის გამოკვლევით უნდა შეამციროთ. დაისახეთ მიზანი, რათა მომდევნო 30 დღეში ახალი უნარი შეიძინოთ. ეს მოტივირებაში დაგეხმარებათ. დაიწყეთ მცირედით და ნუ გადატვირთავთ თავს. შესაძლოა, კვირაში ერთი ან ორი საათი დახარჯოთ კოდირების სწავლაში ან ახალი ენის შესწავლას დღეში 20 წუთი დაუთმოთ.
აუცილებლად უნდა ეცადოთ, თქვენი სამსახური თქვენთვის სასურველი გახადოთ. აქაც მცირე ნაბიჯები უნდა გადადგათ. მზარდ ცვლილებებზე ფოკუსირებამ დიდი შედეგები შეიძლება მოიტანოს. მაგალითად, დაფიქრდით, რა გსიამოვნებთ ყველაზე მეტად თქვენს სამსახურში და ეცადეთ, ეს თქვენს ყოველდღიურობაში უფრო დიდი დოზით ჩართოთ.
გადაღლილობის უგულებელყოფა
გადაღლილობის ბოლო ტიპის საკმაოდ გაცვეთილია… ამას გამოფიტულობის უარყოფასაც ეძახიან, რადგან ეს გამოწვევის წინაშე უიმედოთ ყოფნით შეიძლება იყოს გამოწვეული. ეს მაშინ ხდება, როცა სამსახურში საკმარის სტრუქტურას, მიმართულებასა თუ სახელმძღვანელოს არ გაძლევენ. თქვენ, შესაძლოა, არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილება გიჭირდეთ ან სხვა შემთხვევაში მოლოდინებს ვერ ამართლებდეთ. დროთა განმავლობაში ამან არაკომპეტენტურობა, იმედგაცრუება და გაურკვევლობა შეიძლება გაგრძნობინოთ.
გადაღლილი თანამშრომელი დასწავლილ უმწეობას უმკლავდება, რომელიც ჩნდება, როცა ადამიანი რთულ სიტუაციებში გამოსავალს ვერ პოულობს, მაშინაც კი, როცა ეს შესაძლებელია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთი ადამიანები ფიქრობენ, რომ დადებითი ცვლილებების მოხდენა არ შეუძლიათ. მაგალითად, როცა სამსახურში რაღაცები ისე არ გამოდის, როგორც დაგეგმილი იყო, ისინი, ვინც გადაღლილობას უგულებელყოფენ, პასიურები ხდებიან და აღარაფერს ცდილობენ.
ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ:
- აღარაფერს ცდილობთ, როცა სამსახურში ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც დაგეგმილი იყო
- თქვენ არ პასუხობთ იმ დაბრკოლებებსა თუ წარუმატებლობებს, რომელსაც სამსახურში აწყდებით
- თავს დემორალიზებულად გრძნობთ, როცა დილით იღვიძებთ და კიდევ ერთ სამუშაო დღესთან გამკლავება გიწევთ
როგორ უნდა გაუმკლავდეთ?
იპოვეთ გზები, რათა საკუთარი პოზიციის კონტროლის გრძნობა დაიბრუნოთ. ეცადეთ, შექმნათ სია, რომელშიც ჩაწერთ, რა არ უნდა გააკეთოთ. მოძებნეთ ვალდებულებები, რომელიც უნდა უარყოთ და გამოიმუშავეთ უნარი, რათა უფრო ძლიერი საზღვრები დააწესოთ. ამის დასაწყებად საუკეთესო ადგილი არის იმ სიტუაციების დადგენა, სადაც დიდ უკმაყოფილებას გრძნობთ. ეს ემოციური მანიშნებელია იმისა, რომ თქვენ ადგილზე უფრო ჯანსაღი საზღვრების დაწესება გჭირდებათ.
ამგვარად, უფროსს სამუშაო დატვირთვაზე შეგიძლიათ ელაპარაკოთ. აუხსნათ, როგორ ატარებთ ამჟამად დროს და ჰკითხოთ: „ჩემი პრიორიტეტები თქვენსას შეეფერება? რისი შეცვლა გსურთ?“ ან „თუ ჩემი ვალდებულებებიდან A პროექტს ამოიღებთ, უფრო მეტი დრო მექნება გუნდის სტრატეგიულ პრიორიტეტებზე ფოკუსირებისთვის და საბოლოოდ, ჩვენს მიზნებსაც მივაღწევ“. სავარაუდოდ, თქვენი მენეჯერი ან უფროსი მიხვდება, რომ თქვენი აზრები უფრო დიდ სურათს ასახავს და ამ ინიციატივას მიიღებს.
აქვე, ყველაზე მნიშვნელოვანია, ფოკუსირდეთ იმაზე, რისი გაკონტროლებაც შეგიძლიათ. სამუშაო საათების მიღმა, საკუთარ თავზე იზრუნეთ. შექმენით რუტინები და რიტუალები, რომლებიც თქვენს საკეთილდღეოდ იმუშავებს. შესაძლოა, ასეთი ყოველდღიური გასეირნება ან ჟურნალების შეძენა იყოს. როცა სამსახურში არსებული ცვლილებების გამო თავს უიმედოდ გრძნობთ, გარკვეული პროგნოზების გაკეთება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
გამოდის, თუ გადაღლილი ხართ, კონკრეტული ტიპის დადგენაც აუცილებელია, რათა ამის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებს გაუმკლავდეთ. ისიც შესაძლებელია, რომ ერთდროულად რამდენიმე ტიპის გადაღლილობასთან გქონდეთ საქმე. ხოლო იმის განსაზღვრა, თუ სად ხართ, კონკრეტული გამოწვევებისთვის მიზნობრივი გადაწყვეტილებების პოვნას გაამარტივებს.
წყარო: HBR