in

როგორ უნდა მოიქცნენ კომპანიები კრიზისის დროს? – მედეა ტაბატაძის მოსაზრება

M2
M2

კრიზისი – სიტყვა, რომელიც ადამიანებსა და ბიზნესებს ერთნაირად აშინებთ. ამ პერიოდში, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივი პროტესტი მიმდინარეობს და ადამიანები უკვე არაერთ ღამეს ათენებენ სტრესში. გარემოება უარყოფითად მოქმედებს მათ პროდუქტიულობაზე, ჯანმრთელობაზე, დაცულობასა და მთლიანად, ყოველდღიურობაზე. რა შეუძლიათ ასეთ დროს დამსაქმებლებს? რა როლი აქვთ კომპანიებს ასეთი კრიზისის ნავიგაციაში? ჩვენს კითხვებს Insource-ის ორგანიზაციული განვითარებისა და მართვის კონსულტანტი მედეა ტაბატაძე პასუხობს.

M: იმ პერიოდში, როდესაც მთელ ქვეყანაში მასობრივი პროტესტი და უამრავი ადამიანი სამსახურის პარალელურად, ქუჩაში დგას, რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი ადამიანების შრომისუნარიანობასა და პროდუქტიულობაზე?

ნებისმიერი ტიპის კრიზისი  აისახება ადამიანების შრომის ნაყოფიერებაზე, განწყობაზე, ენერგიასა და სხვათაშორის, სამყაროს აღქმაზეც კი (დროებით, რა თქმა უნდა). არსებობს სხვადასხვა ტიპის კრიზისი და მათი გავლენაც სხვადასხვა სიმძლავრით აისახება ადამიანზე, თუმცა WHO-ს მიხედვით, ნებისმიერი კრიზისი ადამიანის პროდუქტიულობას 15-30%-ით ამცირებს. სხვათა შორის, WHO და Gallup დღემდე იკვლევს, რა გავლენა მოახდინა ადამიანის ფსიქიკურდა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე პანდემიამ. 

კრიზისი გავლენას ახდენს ადამიანის კარგად ყოფნის ოთხ ძირითად მიმართულებაზე: ფსიქიკური, ფინანსური, ფიზიკური და ეკონომიკური ჯანმრთელობა. ნებისმიერი კრიზისის „ვერაგობა“ სწორედ ისაა, რომ ხშირად, ოთხივე მიმართულება თანაბრად ზარალდება, მაგალითად: ფსიქიკური ჯანმრთელობა უარესდება, შიშის, უიმედობის თუ გაურკვევლობის გამო, სტრესის დონე ძალიან მაღალია, იზრდება PTSD (პოსტ ტრამვატული სტრესის აშლილობა), მცირდება კონცენტრაციის, ფოკუსირების რესურსი და როგორც უკვე ვახსენე,  WHO-ს კვლევით დასტურდება, რომ სტრესი ადამიანის პროდუქტიულობას 15-30% ით ამცირებს, სწორედ ეს იგულისხმებოდა ამ რიცხვში.

ფსიქიკური ჯანმრთელობა აისახება ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც, როდესაც ადამიანის იმუნიტეტი მცირდება და მაგალითად, ვირუსი ადვილად მოერევა. საინტერესოა ფინანსური და ეკონომიკური ფაქტორიც, რადგან ნებისმიერ  კრიზისს თან ახლავს ეკონომიკური საქმიანობების შენელება ან შეჩერება, ფინანსური რესურსის შემცირება, სამუშაოებისა და თანამშრომლების შემცირება და ა.შ, რაც გვინახავს კიდეც სულ ცოტა ხნის წინ.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარე პერიოდი კრიზისულია. შესაბამისად, ადამიანების პროდუქტიულობა ძალიან შემცირებულია. უფრო მეტად დაძაბულები ვართ, ვიდრე შრომისუნარიანები.

M: რა სჭირდებათ ახლა დასაქმებულ ადამიანებს თავიანთი კომპანიებისგან, ყველაზე მეტად?

დასაქმებულ ადამიანებს, მათ, ვინც აქტიურად არის ჩართული საპროტესტო აქტივობებში ონლაინ თუ ოფლაინ, სჭირდება მხარდაჭერა დამსაქმებელი ორგანიზაციისგანაც, არათუ მხოლოდ ოჯახისგან. მახსოვს, ამაზე საინტერესო მოსაზრება მოვისმინე ლექციაზეც, როდესაც ლიდერობის ლექტორმა თანამედროვე ეპოქის კრიზისების მართვაზე ისაუბრა და ახსენა, ნებისმიერ ადამიანს, ვინც ჩვენი გუნდის წევრია და გამოხატავს საკუთარ აზრს, პროტესტს ან ნებისმიერი ტიპის რეაქციას, სჭირდება მხარდაჭერა და მიღება. ჩემი აზრით, დღეს, დასაქმებულებს კომპანიებისგან სჭირდებათ მხარდაჭერის მკაფიო გამოხატვა, რაც ოთხივე მიმართულებით კარგად ყოფნაზე იქნება მიმართული. ეს შეიძლება იყოს მოქნილი სამუშაო საათები, დამატებითი დასვენების დღე, შემოსავლის შენარჩუნების გარანტიის გაცემა, იურიდიული მხარდაჭერა.

M: რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესის დამოკიდებულება და ჩართულობა ამ სიტუაციაში?

რაც არ უნდა ვამტკიცოთ და ვეცადოთ, თავი ავარიდოთ რამეს, ყველა ჩართულია ამ პროცესში, ყველას გვეხება პირდაპირ, ირიბად თუ მესამე შრედ. ფაქტი ესაა. ამიტომ, ბიზნესმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს – ამ შემხებლობასაც მოკიდებს ხელს და მართავს თუ სხვებს დატოვებს მოვლენების შესაბამისად. ეს ბიზნესის გადასაწყვეტია, მაგრამ ფაქტია, კრიზისულ სიტუაციებს სხვაგვარი მართვა სჭირდება. თანაც, დღევანდელი ჩვენი მოცემულობა განსაკუთრებით კომპლექსურია.

M: კონკრეტულად, როგორ შეუძლია ბიზნესს მხარი დაეხმაროს თანამშრომლებს სამუშაო პროცესში ან მის მიღმა?

პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია ლიდერების კომუნიკაცია გუნდთან. ასეთ პერიოდებში, აუცილებელია, რომ ლიდერი შეხვდეს და დაელაპარაკოს გუნდს, კომპანიის წევრებს. არ არის საჭირო საკუთარი მოსაზრება გამოხატოს, ვინმე ან რამე გააკრიტიკოს. მთავარია, თანამშრომლებმა მიიღონ ემოციური მხარდაჭერა და ჰქონდეთ განცდა, რომ ლიდერი ჰყავთ, რომელიც კვლავ მართავს გუნდს, კომუნიკაციას და გუნდი ისევ მთლიანია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი სახის პროტესტის ფონზე. გუნდებში განსხვავებული აზრი რთულ სიტუაციებს კიდევ უფრო გაართულებს, გუნდურ მუშაობასაც გააუარესებს. ასევე, რაკი სტრესი და შფოთვის დონე მაღალია, დაცულობა და მიკუთვნებულობა ლიდერისგან კომუნიკაციას შეუძლია შექმნას.

როგორც ვახსენეთ, ასეთ პერიოდებში ასევე სჭიროა მოქნილობა სამუშო საათების თვალსაზრისით, რადგან სტრესი ასე ღლის, ადამიანებმა შეიძლება ვერ მოახერხონ დროულად მისვლა სამსახურში და მოქნილობაა საჭირო. ასევე, საჭიროა იურიდიული მხარდაჭერა – რა უნდა იცოდნენ, რა კანონის დარღვევა არ შეიძლება და რა უფლებები აქვს ადამიანს. გასათვალისწინებელია სამედიცინო დახმარების გაწევა საჭიროების შემთხვევაში (იმედი ვიქონიოთ, აღარავის დასჭირდება მომავალში). ვფიქრობ, პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგი აუცილებელია საკუთარი ჯანმრთელობის დაცვისა და სხვების დასახმარებლად; მნიშვნელოვანია სტრესთან გასამკლავებლად ცნობიერების ამაღლებაც, რომ ვიცოდეთ, რატომ ვერ ვპოულობთ ძალას ვიმუშაოთ, კონცენტრაცია შევძლოთ და სხვა.

M: თუ შესაძლებელია, გაგვიზიარე, როგორია ამ კუთხით, საერთაშორისო პრაქტიკა?

კრიზისების შესწავლა, მართვა და მათი გავლენა ადამიანსა თუ ორგანიზაციებზე, XX საუკუნის 70-80 იან წლებში დაიწყო და კვლავაც გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ წინა საუკუნის კრიზისები სხვა ტიპისა იყო, მათი მართვის თუ რეგულირებისას გამოცდილება მნიშვნელოვნად არ შეცვლილია (რა თქმა უნდა, გამონაკლისია ომი). #1 წესი რთულ და კრიზისულ პერიოდში – აუცილებელია ლიდერი საკუთარ ხალხს შეხვდეს, გამოხატოს მხარდაჭერა, დაამტკიცოს რომ გუნდი ერთია და ის ყველას ლიდერია.

ამის შემდეგ კი, ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა ტიპის რისკების მართვაზე, სამუშაო საათების მოქნილობა და მხარდაჭერა სტრესსა და დაძაბულობასთან გასამკლავებლად.

როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა ყველაზე მარტივად დამწყებთათვის? – საბანკო ბარათის გამოყენებით

Hello Kitty 50 წლის იუბილეს, ბრუნო მარსთან ერთად, აღნიშნავს