რაზე ოცნებობდით ბავშვობაში? რა გააკეთეთ მის ასასრულებლად? ან რამემ შეგიშალათ ხელი მის მიღწევაში? თუ რაღაც ძალიან აბსტრაქტულზე ოცნებობდით, გასაგებია, მაგრამ სხვა შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და შეზღუდული შესაძლებლობების აქტივისტის კარა ი. არ ქანის ამბავი დაგაინტერესებთ. გაეროსთვის მუშაობაზე ოცნებობდა ყველაზე რთულ ქვეყნებში მსოფლიოში. მართალია 20 წლისას მიოპათიის დიაგნოზი დაუსვეს, რამაც ეტლით მოსარგებლე გახადა, თუმცა დიდი გამბედაობით ეს ოცნება მაინც აიხდინა. ეს კი არა, დიდი კანიონი დალაშქრა, 5 მილიონი ადამიანიდან იმ 1%-ში შევიდა, რომელიც ამას ახერხებს…
„გამბედაობა მაშინ კი არ ჩნდება, როცა ეს ჩვენ გვჭირდება, არამედ რეალური მუშაობის შედეგია, რაც შიშისა და სიმამაცის ბალანსს მოიცავს. შიშის გარეშე კი სისულელეებს გავაკეთებდით, ხოლო გამბედაობის გარეშე, ვერასდროს შევძლებდით უცხო სივრცეებში შებიჯებას. მაგია სწორედ ამ ორის ბალანსში იმალება, ამ ბალანსთან გამკლავება კი ყოველდღიურად გვიწევს“, — ამბობს კარა.
ჩვეულებრივი ბავშვობა ჰქონდა, მეგობრებთან ერთად დარბოდა, თამაშობდა და ძალიან უყვარდა ცეკვა, თუმცა 20 წლისას საკმაოდ მძიმე დიაგნოზი დაუსვეს — მემკვიდრეობითი ინკლუზიური სხეულის მიოპათია (HIBM). მარტივად რომ გითხრათ, საკმაოდ იშვიათი დაავადებაა, რომელიც კუნთების სისუსტეს იწვევს, თუმცა ჯერჯერობით მასთან გამკლავების გზები არ არსებობს. როგორც ამბობს, ამ დიაგნოზის დასმამ მის ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა. შეაშინა, რადგან არ ჰქონდა გამოცდილება, არც იცოდა, როგორ პროგრესირებდა დაავადება…
თან უწევდა იმ ადამიანებისთვის მოესმინა, რომლებიც თავისი ამბიციების, მოლოდინებისა და ოცნებებისთვის უარის თქმისკენ მოუწოდებდნენ — „შენს საერთაშორისო კარიერაზე უარი უნდა თქვა“ / „ასეთს არავინ მოგიყვანს ცოლად“ / „ეგოისტობა იქნება, შვილები რომ გააჩინო“... თუმცა ეს კარასთვის მიუღებელი იყო, ამიტომ სხვების მოსაზრებები უბრალოდ დააიგნორა — დაქორწინდა, შვილების ყოლაზე თავად თქვა უარი და გააგრძელა მუშაობა გაეროში: ორი წელი ანგოლაში გაატარა, ქვეყანაში, რომელმაც 27-წლიანი სამოქალაქო ომისგან თავის დაღწევა მოახერხა.
თუმცა 5 წელი დასჭირდა იმისათვის, რომ დამსაქმებლისთვის თავისი დიაგნოზი ეთქვა, ეშინოდა მისი უნარები ეჭვქვეშ არ დაეყენებინათ და სამსახური არ დაეკარგა… ამასთან, ისეთ ქვეყნებში მუშაობდა, სადაც პოლიომიელიტი გავრცელებული იყო, მისი გართულებული გადაადგილების უნარის გამო კი თურმე ფიქრობდნენ, რომ კარა სწორედ ამ დაავადებას გადაურჩა, ამიტომ არც არავინ უსვამდა ზედმეტ კითხვას.
ათ წელზე მეტი დასჭირდა HIBM-სთან შესაგუებლად, დროთა განმავლობაში კი ამოცანების შესრულება უფრო და უფრო რთული ხდებოდა. მიუხედავად ამისა, მაინც აგრძელებდა თავისი ოცნების ასრულებას, ჰაიტიში Unicef-ის შეზღუდული შესაძლებლობების ცენტრში დაინიშნა, შემდეგ კი საქმემ ამერიკამდე მიიყვანა. დაავადება კვლავ პროგრესირებდა, სპეციალური მოწყობილობები სჭირდებოდა გადასაადგილებლად, მაგრამ მაინც არასდროს უთქვამს უარი თავგადასავლებზე. უარი კი არა, ასეთი კითხვა დაებადა — რა უნდა ყოფილიყო დიდ კანიონზე უფრო დიდებული?!
თქვენთვის კი სრული სიგიჟე შეიძლება იყოს, ან რაღაც წარმოუდგენელი, მაგრამ უკვე ხომ გითხარით, რომ ეს მოახერხა. იცოდა, ეტლით ვერ ავიდოდა და ცხენის მართვა ისწავლა, 4 წელი იშრომა იმისათვის, რომ 12-დღიან ექსპედიციაში მიეღო მონაწილეობა — გადამღებ ჯგუფთან ერთად 4 დღე ცხენით უნდა გაევლო, 8 დღე კი კოლორადოს მდინარეში ჯომარდობისთვის უნდა დაეთმო.
„2018 წლის 13 აპრილს 8 ფუტის სიმაღლეზე მუსტანგის ცხენზე, სახელად შერიფზე ვიჯექი და ჩემი პირველი შთაბეჭდილება დიდ კანიონზე გაოცებასა და შიშს აერთიანებდა. ვინ იცოდა, რომ სიმაღლის შიში მქონდა… მაგრამ ახლა დანებების დრო არ იყო. სრული გამბედაობა მოვიკრიბე და არ მივეცი შიშს საშუალება, ჩემგან საუკეთესო რამ წაეღო… ეს არ ყოფილა მარტივი და მშვიდი მოგზაურობა და საქმეც სწორედ ამაში იყო. მიუხედავად იმისა, რომ უნაგირიდან გადმოვარდნის შემდეგ, მასზე დაბრუნების მეშინოდა, ეს მაინც გავაკეთე, მხოლოდ დაღმართმა 10 საათი წაიღო და ეს ცხენით სიარულის პირველი დღე იყო…“, — განმარტავს კარა.
როგორც ჰყვება, ამ ექსპედიციამ კარა იმ დონის შიშის წინაშე დააყენა, რაც ცხოვრებაში აქამდე არასდროს გამოუცდია. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ამან აჩვენა, რამდენად გამბედავი შეეძლო ყოფილიყო.
„ცხოვრება უკვე საშიშია, ჩვენი ოცნებების ასასრულებლად კი მამაცები უნდა ვიყოთ. ჩემი შიშების წინაშე ყოფნითა და მათთან გამკლავების გამბედაობით, ვფიცავ, ჩემი ცხოვრება ექსტრაორდინარული გახდა. ასე რომ, იცხოვრეთ თქვენი ოცნებებით და ეცადეთ, ნება მისცეთ თქვენს გამბედაობას, გაუმკლავდეს თქვენს შიშებს. ვერასდროს გაიგებთ, ამან სად შეიძლება წაგიყვანოთ“, — ამბობს კარა.