ადამიანები, რომლებიც მცირე თუ დიდი აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოდიან, დიდ პასუხისმგებლობას ითავებენ ხოლმე: ხალხის კონკრეტული საკითხით დაინტერესება და თავის დამახსოვრება. ხშირად ეს უკანასკნელი პირველზე მნიშვნელოვანიც კია, რადგან უმეტესად ის კი არ გვამახსოვრდება, რას ეხებოდა ესა თუ ის გამოსვლა, არამედ როგორ ვგრძნობდით თავს ამ დროს — როგორ ყურადღებით ვუსმენდით და როგორ მოქმედებდა სპიკერის სიტყვები ჩვენზე.
თუ ერთხელ მაინც მოგისმენიათ მოსაწყენი გამოსვლისთვის ან თავად ყოფილხართ მისი ავტორი, ზუსტად გეცოდინებათ, რა სირთულეებთანაა დაკავშირებული აუდიტორიის წინაშე ეფექტურად წარდგენა. მეორე მხრივ კი, მოსაწყენი სიტყვის საინტერესოდ გარდაქმნა არც ისე რთულია.
სტატიაში კი სწორედ ის 3 რჩევაა მოცემული, რომლებიც კარგი სიტყვის მომზადებაში დაგეხმარებათ.
1. დაიწყეთ პრობლემით
ყველა პრეზენტაციას სჭირდება მიზეზი, რის გამოც ხალხმა სპიკერს უნდა მოუსმინოს. ნუ მოაწყენთ აუდიტორიას თავს მადლობის გადახდით ან იმის აღნიშვნით, თუ როგორი აღტაცებული ხართ ახლა „სცენაზე დგომით“. ამის ნაცვლად, მკაფიოდ გამოკვეთეთ მიზეზი და მიზანი, რის გამოც გამოდიხართ სიტყვით. მოჰყევით ამბავი, მოიხმეთ არგუმენტები.
წარმოიდგინეთ, რომ ხალხი ტელევიზორს უყურებს, გადართვა კი ნებისმიერ წამს შეუძლიათ. ხოლო თქვენ ვალდებული ხართ, მათ არა მხოლოდ არ გადაართვევინოთ სხვა არხზე, არამედ გაფიქრების სურვილიც კი არ გაუჩინოთ. რეალურად, სიტყვით გამოსვლის პირველი 2 წუთი ყველაზე მნიშვნელოვანია და ეს ის დროა, როცა ეფექტურად უნდა გაამახვილოთ ყურადღება პრობლემებსა თუ მიზეზებზე.
„როდესაც სხვების მიმართ ემპათიას გამოხატავთ, მათი თავდაცვითი ენერგია იკლებს და მის ადგილს პოზიტიური ენერგია იკავებს. ეს არის მომენტი, როცა უფრო კრეატიულები უნდა გახდეთ და პრობლემების გადაჭრის გზებზე გადახვიდეთ“, — ამბობს სტივენ კოვი, ამერიკელი მწერალი.
2. მოჰყევით ამბავი
კარგი ამბები ყოველთვის გვამახსოვრდება. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, როდესაც ამბავს ვყვებით, ჩვენი და მსმენელის გონება სინქრონიზდება. შესაბამისად, თუ სპიკერი რაიმე მოვლენას იხსენებს, რომელმაც მასზე დადებითი/ნეგატიური გავლენა იქონია, შესაძლოა, მსმენელზეც ანალოგიურად აისახოს.
ზოგადად, ამბების მეშვეობით კომუნიკაცია ჩვენი განუყოფელი ნაწილია. და თუ უბრალო ფაქტების ჩამონათვალს მიყვებით, მათი დამახსოვრება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება, რადგან მთავარ როლს ასოციაციები და კონკრეტული სიუჟეტი ასრულებს. „ვიდრე აუდიტორია ყურადღებით გისმენთ, ისინი თქვენს გონებაში არიან“, — აღნიშნავს ფსიქოლოგი ჯოშუა გოვინი.
უბრალოდ, აქ მთავარი ისაა, რომ ეფექტური ამბავი მოჰყვეთ — მაგალითად, როგორ ვარჯიშობდით თვეობით, დაუზარებლად და როგორ გაიმარჯვეთ სპორტის რომელიმე სახეობაში. ამბავი დაძლეულ ეჭვებზე, შიშებზე, ნაბიჯის გადადგმასა და დიდ ცვლილებებზე. სინამდვილეში, რაც უფრო მეტი ადამიანი დააიდენტიფიცირებს საკუთარ თავს თქვენს მონათხრობთან, მით უფრო მეტი მოგისმენთ. და რაც უფრო მეტი მოგისმენთ, თქვენს გამოსვლას მით უფრო დიდი გავლენა ექნება ხალხზე.
3. შეინარჩუნეთ ინტერაქციული სახე
ობიექტურად რომ შევაფასოთ, თუ მთელ საქმეს სპიკერი გააკეთებს, რაღაც რიგზე ვერ იქნება… სხვა სიტყვებით, პირად გამოცდილებასა და ცხოვრებაზეც რომ საუბრობდეთ, ადამიანებს შესაბამისი სივრცე უნდა დაუტოვოთ თუნდაც კითხვების დასასმელად. ეს მათ აგრძნობინებს, რომ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და მხოლოდ „საუბრისთვის არ საუბრობთ“, მათი უკუკავშირი და ჩართულობა მნიშვნელოვანია.
ავტორი: ქეთია ბელქანია