ალბათ, საკუთარი თავი ბევრჯერ გამოგიჭერიათ დაღლილი და დაქანცული ლეპტოპის მონიტორს უაზროდ რომ უყურებთ, უტრიალებთ Google-ს ცარიელ დოკუმენტებს, ნახევრად დაწერილ წერილებსა და უამრავ კვლევას, რომელსაც ეცნობოდით. ამ დროს ძალიან გადატვირთული და არაპროდუქტიული ხართ, რაც ნიშნავს, რომ სასწრაფოდ უნდა დაკეცოთ ლეპტოპი და დაიწყოთ დაგეგმვა.
საჭიროა დაადგინოთ რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში და, ამასთანავე, საკუთარ თავს დასვენების უფლებაც მისცეთ. თავი უნდა აარიდოთ პარკინსონის კანონის სახელით ცნობილ მოვლენას, რომელზეც კლერ კოლი, მარკეტოლოგი და ტრენერი, ხშირად საუბრობს თავის გამოსვლებში. ეს არის ერთგვარი გაჭიანურების ტაქტიკა, რომლის დროსაც რაღაცას აკეთებთ მხოლოდ დროის გაყვანის მიზნით და საბოლოოდ, სასურველ შედეგს ვერ იღებთ.
თუ ფრილანსერად მუშაობთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ერთადერთი ადამიანი ხართ, რომელსაც თქვენი დისციპლინის უზრუნველყოფა შეუძლია. კარგად დაცული დისციპლინა სამუშაო დროის ოპტიმიზაციასა და დასვენებისთვის გამოყოფილი საათებისგან სიამოვნების მიღებაში დაგეხმარებათ.
აღმოაჩინეთ, თქვენზე მორგებული მეთოდი
საქმის გაჭიანურებას ორი ფაქტორი განაპირობებს. პირველი მიზეზია მეგობრებისა და ოჯახის წევრების მოთხოვნა, რომ მუდმივად ხელმისაწვდომი იყოთ მათთვის. ასევე, სამუშაო საათების გასვლის შემდეგ მიღებული ელექტრონული ფოსტა, რომელიც თქვენს გაღიზიანებას იწვევს. მეორე მიზეზი კი თქვენი სურვილია, ყველაფერი ერთდროულად და სწრაფად გააკეთოთ, რაც საბოლოო ჯამში, უარყოფითად მოქმედებს და გადაღლილობას იწვევს.
დაგეგმვა და შესასრულებელი სამუშაოს სწორად გადანაწილება დაგეხმარებათ, რომ დროს გაუფრთხილდეთ და ფუჭად არ დაკარგოთ ძვირფასი საათები.
გამოიკვლიეთ მიზეზი
ჩარლინ ესპი, ციფრული მარკეტინგის სააგენტოს Tartan Social-ის დამფუძნებელი, ამბობს, რომ ბოლო ექვს თვეში ის ბევრად ნაკლებად აჭიანურებს საქმის გაკეთებას. ამისკენ მას გუნდის მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობამ და იმის გაცნობიერებამ უბიძგა, რომ სხვებს მაგალითი უნდა მისცეს. მისი თქმით, დაასკვნა, რომ საქმის კეთების გაჭიანურების მიზეზი მუდმივად გადატვირთული გრაფიკი იყო.
შესაძლოა, ბევრი დრო დაგჭირდეთ, მაგრამ აუცილებლად უნდა გამოავლინოთ ის მიზეზი, რაც საქმის გადადებისკენ გიბიძგებთ.
დაისვენეთ
რა თქმა უნდა, უნივერსალური გამოსავალი არ არსებობს, მაგრამ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასვენება აუცილებელია. ხშირად ის საქმე, რომელსაც ვაჭიანურებთ, შესასრულებლად ძალიან რთულია. თავს ვაიძულებთ დავალებას გავუმკლავდეთ, თუმცა ნელ-ნელა უფრო ვიღლებით და, პარადოქსია, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში მუშაობის დროს ყველაფერს ვაკეთებთ მუშაობის გარდა. ამიტომაც, უნდა შეგვეძლოს საკუთარ თავს ვუთხრათ, რომ დასვენება და ძალების მოკრება გვჭირდება.