უთანხმოებები ადამიანებთან, რომელთა აზრები ან იდეები ჩვენისგან განსხვავებულია, საკმაოდ ხშირია სამსახურში. თუმცა თუ შესაბამისად გავუმკლავდებით, ამან საუკეთესო შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს. მაგრამ ამას ყოველთვის ასე არ უყურებენ… სხვადასხვა ორგანიზაციის 500 ხელმძღვანელზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ „ჩხუბს“ ყველაზე მეტად სამსახურში არსებულ კონფლიქტთან აკავშირებენ. ყველაზე გავრცელებული ზედსართავი კი აქ „დისფუნქციური“ იყო…
მართალია, ადამიანებს უთანხმოებები ხშირად გვაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეფექტური კომუნიკაცია ძალიან ცოტას თუ გამოგვდის, ძირითადად კონფლიქტს ვაღვივებთ და ჩვენს ურთიერთობებსაც ვაზიანებთ. თუმცა ეს ასე არ უნდა იყოს და ამაში შემდგომი 3 სტრატეგია დაგეხმარებათ:
1. ფოკუსირდით იმაზე, რაც უნდა ისწავლოთ
ხშირად უთანხმოებები იმიტომ მოსდით, რომ თავიანთ აზრს ამტკიცებენ და სურთ, მეორე მხარეც საკუთარ აზრზე გადმოიყვანონ. აჩვენონ, რომ თავად არიან მართლები, სხვები კი — არა. ამის გამო ხშირად ჩუბის დასწყებადაც არიან მზად. მართალია, ეს საკმაოდ გავრცელებული ფენომენია, მაგრამ იმ შედეგებს არ გვაწვდის, რასაც ზოგადად იმედოვნებენ…
მაშინ კი, როცა ადამიანები კონფლიქტებს სწავლის სურვილით უდგებიან, უკეთაც იქცევიან — კვლევის თანახმად, მონაწილეთა 78%-ს სურდა იმ პარტნიორებთან ინტერაქცია, რომელთაც სწავლის, მათი პერსპექტივის გაგების სურვილი ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცებზე არ ეთანხმებოდნენ. ალბათ, ეს თქვენთვის გასაკვირი მაჩვენებელი არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრ ადამიანს ამ მიდგომის მიღება უჭირს.
2. ნუ შეაფასებთ არასწორად სხვების ინტერესს თქვენგან რაღაცის სწავლისადმი
ის, თუ როგორი გამოცდილება ექნებათ ადამიანებს კონფლიქტთან და ზოგადად, როგორ განვითარდება იგი, დიდად არის დამოკიდებული მის მონაწილეებზე, თითოეული მხარის აზრებსა და გრძნობებზე. აქ კი პრობლემა ის არის, რომ ადამიანები მიდრეკილნი არიან, არასწორი ინტერპრეტაციები გაუკეთონ იმ განზრახვებს, რომლებსაც არ ეთანხმებიან.
კიდევ ერთ კვლევაში 600 მონაწილეს სთხოვეს, ჩამოეწერათ მათი და მათივე პარტნიორების საუბრის მიზნები. როგორც აღმოჩნდა, მათ ნაკლებად სჯეროდათ მეორე მხარის სურვილის, ესწავლათ და გაეაზრებინათ მათი პერსპექტივა — 16% ამბობდა, რომ მეორე მხარეს სწავლის მიზანი ჰქონდა, 71% კი დარწმუნებაზე საუბრობდა…
კვლევის თანახმად, კონფლიქტური საუბრის დროს ადამიანების უმეტესობას სურს ლაპარაკი იმ ინდივიდებთან, რომლებსაც საპირისპირო მხარის პერსპექტივის შესწავლის სურვილი აქვთ. ეს ასე იყო მაშინაც კი, როცა ადამიანები 10 წუთის მანძილზე ესაუბრებოდნენ იმ ინდივიდებს, რომელთაც საპრეზიდენტო არჩევნების საკითხზე არ ეთანხმებოდნენ…
თუმცა სინათლის ნაპერწკალი აქაც არსებობს — მონაწილეებს, რომელთაც სწამდათ, რომ კოლეგებს სურდათ, მათი ხედვის შესახებ გაეგოთ, ინტერაქცია მეტად სიამოვნებდათ და პარტნიორსაც მეტად პოზიტიურად აფასებდნენ. უბრალოდ იმის გამო, რომ ამ ადამიანს მათი პერსპექტივის გაგება უნდოდა, ისინი მეტად მორალურად, ობიექტურად, განათლებულად და სანდოდ მიიჩნიეს.
3. იყავით კონკრეტული თქვენი განზრახვების შესახებ
შესაძლოა, თქვენი კოლეგა ვერ ხვდებოდეს, რომ მისგან რაღაცის სწავლა ნამდვილად გინდათ. ამიტომ, უმჯობესი იქნება, თუ პირდაპირობას შეინარჩუნებთ. თანაც, სულ რამდენიმე წინადადებაა საჭირო იმისათვის, რომ ეფექტურად გადმოსცეთ თქვენი განზრახვა და გაიაზროთ საკითხი კოლეგის პერსპექტივიდან.
მაგალითად, უნდა თქვათ: „ეს მნიშვნელოვანი თემაა, მაინტერესებს, რას ფიქრობენ ადამიანები, რომლებიც ამ თემაზე არ მეთანხმებიან… შევამჩნიე, რომ ამას ყველა ერთნაირად არ უყურებს და კარგი იქნებოდა, თუ უკეთ გავიგებდი სხვების მოსაზრებებსაც“.
დაბოლოს, უტყუარი ფაქტია, რომ ჩვენ ყველას გვსურს, გვისმენდნენ და ჩვენიც ესმოდეთ, თუმცა ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს უთანხმოებების დროს. კარგი კი ის არის, რომ სწორად გამკლავების შემთხვევაში უთანხმოებები ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაზე დადებითად აისახება…
წყარო: HBR