ბედნიერებას ხშირად ვუსურვებთ ხოლმე ერთმანეთს, მაგრამ გიფიქრიათ, რეალურად რა არის თქვენთვის ბედნიერება? ამ კითხვაზე პასუხის პოვნა საკმაოდ რთულია, ამიტომაც მწერალმა გრეტჩენ რუბინმა სანაცვლოდ ერთი კითხვის დასმა შემოგვთავაზა, რომელზეც პასუხს ადამიანები, როგორც წესი, უფრო მარტივად პოულობენ, შესაბამისად, ბედნიერების გასაღებსაც აგნებენ. თუმცა, მანამდე საჭიროა საკუთარი თავი გაიცნოთ…
ხშირად, როცა ვცდილობთ, რომ ბედნიერად ვიცხოვროთ, ახალ ჩვევებს ვეუფლებით, იქნება ეს კითხვა, უფრო მეტი ძილი, ვარჯიში თუ ეკრანთან გატარებული დროის შემცირება… ან საკუთარ თავს ისეთი რაღაცების კეთებას ვაძალებთ, რაც კონკრეტულ მომენტში არ გვსურს, მაგრამ ვიცით, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გაგვაბედნიერებს.
ზოგიერთ ადამიანს რაღაც ნაცნობის კეთება ურჩევნია, ზოგიერთს სრულიად უცნობის. განსხვავებული რაღაცები გვიზიდავს და ეს ნორმალურია. თუმცა, მთავარია, საკუთარ თავს ვიცნობდეთ, რადგან ეს გვეხმარება იმ საკითხების გააზრებაში, რომლებიც მიზნების მიღწევაში გვიშლის ხელს და იმ გზების პოვნაშიც, რომლებიც ამ პროცესს გაგვიმარტივებს.
მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ერთი მიდგომა ყველა ადამიანზე არ მუშაობს, არც ერთი რამ აბედნიერებს ყველას. სწორედ ამიტომ უნდა გავიცნოთ ჯერ საკუთარი თავი და შემდეგ ვეძებოთ ბედნიერების გასაღები. შესაძლოა, ზოგიერთს მედიტაცია შველოდეს, თუმცა თქვენ არა, ზოგს დღიურების წარმოება ეხმარებოდეს, მაგრამ თქვენ ეს პროცესი ნერვებს გიშლიდეთ…
როგორ გავიცნოთ საკუთარი თავი?
რუბინი Four Tendencies-ის კონცეფციას გვაცნობს, რომელიც მოიცავს იმას, თუ რამდენად აკმაყოფილებთ ან უმკლავდებით გარე (სამსახურის დედლაინი) თუ შიდა მოლოდინებს (ახალი წლის გეგმების შესრულება). ამის მიხედვით კი ადამიანთა 4 ტიპს გვაცნობს:
- პირველ ჯგუფში ის პირები ხვდებიან, რომლებიც მზად არიან როგორც თავიანთი, ისე გარემოში არსებული მოლოდინების დასაკმაყოფილებლად. ასე რომ, დაბრკოლებების გარეშე აგზავნიან პროექტს დედლაინამდე და წლის მიზნებსაც მარტივად აღწევენ.
- მეორე ჯგუფში კი ცოტათი ეჭვიანი ადამიანები გვხვდება, ყველა მოლოდინს კითხვითი ნიშნის ქვეშ აყენებენ და რაღაცას მხოლოდ მაშინ გააკეთებენ, როცა ჩათვლიან, რომ ამას მნიშვნელობა აქვს.
- ხოლო მესამე ჯგუფში იმ პირებს ვხვდებით, რომლებიც გარე მოლოდინების დასაკმაყოფილებლად მზად არიან, თუმცა, თავიანთი მოლოდინების დაკმაყოფილება უჭირთ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც სხვებს დაპირებებს უსრულებენ, მაგრამ საკუთარ თავს ვერ…
- დაბოლოს, მეოთხე ჯგუფში დაუმორჩილებელი პირები გვხვდებიან, რომლებიც ყველა მოლოდინს ეწინააღმდეგებიან. სურთ, ყველაფერი თავისი ნებით, სასურველ დროს, გააკეთონ.
ახლა კი მნიშვნელოვანია, დაადგინოთ, თქვენ რომელ ჯგუფს მიეკუთვნებით, რადგან ეს ბედნიერების თქვენეული დეფინიციის პოვნაში დაგეხმარებათ… შემდეგ კი არ დაგავიწყდეთ, საკუთარ თავს ჰკითხოთ: რა მაბედნიერებს? — სწორედ ამ მარტივ კითხვაზე პასუხის პოვნა დაგეხმარებათ ბედნიერად ცხოვრებაში.