in

როგორ ვისაუბროთ სადავო საკითხებზე მშვიდად და ნაყოფიერად?

სხვადასხვა გარემოში ჩვენ ვამყარებთ კომუნიკაციას ადამიანებთან, რომლებსაც ჩვენს აზრებს ვუზიარებთ და მათ შეხედულებებს ვისმენთ. მათ შორის, ეს ხდება სამსახურში, სადაც კოლეგებთან ურთიერთობის ფარგლებში, ისეთ საკითხებსაც განვიხილავთ, რაც ჩვენს პროფესიას არ ეხება. ასეთ დროს, თუ საუბრობთ ამინდზე, ფილმებზე, მუსიკაზე ან როგორ გაატარეთ უქმეები, კომუნიკაციის მშვიდი და სასიამოვნო ხასიათია მოსალოდნელი. თუმცა, ყოფილხართ ოდესმე გარემოში სადაც ვინმე გამოდის ინიციატივით, რომ სპორტსა და პოლიტიკაზე არავინ ისაუბროს? ეს არის მცდელობა, მოხდეს ნეგატიური და დაძაბული კომუნიკაციის პრევენცია.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ალბათ, არ გაგიკვირდებათ იმის მოსმენა, რომ ადამიანები ახლა უფრო მეტად იკავებენ თავს ამა თუ იმ პრობლემურ საკითხზე საკუთარი აზრის გამოხატვისგან, ვიდრე რამდენიმე წლის წინ, რადგან პანდემიით გამოწვეულმა ცვლილებებმა სადავო საკითხების სპექტრი საგრძნობლად გაზარდა. Harvard Business Review-ის (HBR) მიერ წარმოებული კვლევა  გვიჩვენებს, რომ  თემები, რომელთა განხილვასაც ადამიანები ყველაზე მეტად ერიდებიან, სწორედ Covid 19-თან დაკავშირებული (70%) და პოლიტიკური (74%) საკითხები აღმოჩნდა. გარდა ამისა, 10 გამოკითხულიდან 9-ს ემოციური ან ფიზიკური საფრთხის შეგრძნების გამო, ერთხელ მაინც შეუკავებია თავი საკუთარი აზრის გამოთქმისგან.

ცხადია, მოცემული კვლევა სრულ სურათს ვერ მოგვცემს, თუმცა მისი მიზანი ეს არც ყოფილა. სტატისტიკაზე შექმნილ წარმოდგენასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ მიზეზების ძიება, რომლებიც სამსახურებრივ გარემოში სხვადასხვა საკითხზე საუბრისას დაძაბულ, საფრთხისშემცველ ატმოსფეროს ქმნის. HBR-მა კვლევა ამ მიმართულებითაც აწარმოა. გამოკითხული ადამიანები, იმ სოციალურ სიტუაციებზე საუბრობდნენ, როცა კოლეგებთან კომუნიკაციის დროს, საკამათო საკითხი წარმოიშვა და პოლემიკამ დაძაბული ფორმა მიიღო. აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც აღწერდნენ ისტორიებს ექსტრემალური ელემენტებით და მეტად განსჯიდნენ სხვებს, 3-ჯერ უფრო ხშირად გრძნობდნენ შიშს და 3,5-ჯერ უფრო მეტად აკლდათ თავდაჯერებულობა თავიანთი აზრის გამოთქმისას.

როდესაც ემოციურად და პოლიტიკურად სარისკო საკითხებზე ვსაუბრობთ, ხშირად, მიდრეკილნი ვართ სხვა სტანდარტულზე უფრო ნეგატიურად შევაფასოთ. საკუთარ თავს ვხატავთ, როგორც სათნო მსხვერპლს, ხოლო მეორე მხარეს, როგორც „ბოროტმოქმედებს“. ეს მდგომარეობა იწვევს უარყოფით ემოციებს, რომლებიც ჩვენ საუბარში ერთვება. შიშის, ნიშნის მოგების, გაღიზიანების გამომხატველი შეგრძნებები კიდევ უფრო აღვივებს დაძაბულ ფონს.

იმ ფაქტორების გარდა, რომელიც ხელს უწყობს დაძაბული პოლემიკის წარმოქმნას, კვლევამ მრავალი მეთოდი გვაჩვენა საპირისპირო მიმართულებითაც. ქვემოთ მოცემულია ის მეთოდები, რომლებიც რესპონდენტებმა კომუნიკაციის პროცესში ესკალაციის პრევენციისთვის გამოიყენეს. ამ მიდგომების გათვალისწინება დაგეხმარებათ კოლეგებთან მშვიდი და ნაყოფიერი საუბარი გქონდეთ, ყველაზე სადავო საკითხებზეც კი.

აქციეთ პროცესი უსაფრთხოდ

უსაფრთხოებაზე ორიენტირებული იყო იმ რესპონდენტთა 76%, რომლებიც საუბრისას თავდაჯერებულები იყვნენ. როდესაც ემოციები იზრდება, უსაფრთხო ატმოსფეროს შესაქმნელად, დაარწმუნეთ სხვები მათდამი პატივისცემაში და მიუთითეთ ღირებულებებზე, რომლებსაც ორივე იზიარებთ.

დაინტერესდით სხვებით

დასვით კითხვები, შეეცადეთ გამოიჩინოთ ინტერესი კოლეგის მიმართ. იმის ნაცვლად, რომ დაადგინოთ, „ვინ არის მართალი“, მიზნად დაისახეთ სხვა ადამიანის მსოფლმხედველობის გაგება, რაც მშვიდი და ნაყოფიერი პოლემიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

იმსჯელეთ ფაქტებზე დაყრდნობით

ყურადღებით ჩამოაყალიბეთ ფაქტები, საკუთარი თვალსაზრისის გასამყარებლად. გამოიყენეთ კონკრეტული და გამოკვლეული აღწერები ბუნდოვანი და უსაფუძვლო მსჯელობების ნაცვლად.

ნუ გაამახვილებთ ყურადღებას დამაჯერებლობაზე

არ მისცეთ საკუთარ თავს უფლება თქვენი მთავარი მიზანი იყოს სხვისი აზრის შეცვლა. ამის ნაცვლად, წაახალისეთ იდეების გაზიარება და მოუსმინეთ პასუხებს, რომელმაც უამრავი ახალი, საინტერესო აზრი შეიძლება შთაგაგონოთ.

გამოიყენეთ თავდაჯერებულობისა და თავმდაბლობის კომბინაცია

საუბრები საუკეთესოდ მუშაობს, როცა თავდაჯერებულობისა და თავმდაბლობის კომბინაციით მოქმედებთ. იყავით დარწმუნებული, რომ გაქვთ აზრი, რომლის გამოხატვაც ღირს, მაგრამ საკმარისად თავმდაბალი, რომ არ გქონდეთ პრეტენზია შეუვალი, ობიექტური სიმართლის ფლობაზე. ყოველთვის დაუშვით, რომ ახალმა ინფორმაციამ შესაძლოა შეცვალოს თქვენი ხედვა.

გახსოვდეთ, რომ უნდა გქონდეთ საკუთარი აზრი

სანამ თქვენი მოსაზრების ვალიდურობას სხვა ადამიანების მოსაზრებებით გადაამოწმებდეთ, უარყოფდეთ, შესაბამის ფორმას მისცემდეთ ან დაადასტურებდეთ მის სისწორეს, სჯობს ის საკუთარ თავთან გაანალიზოთ. 

 

წყარო: HBR



მითები და ფაქტები დიეტის შესახებ

Reddit-მა განყოფილება r/Russia “კარანტინში მოათავსა”, მიზეზი დეზინფორმაციაა