in

როგორ ვითანამშრომლოთ ადამიანებთან, რომლებიც არ მოგვწონს?

ამისათვის რამდენიმე სასარგებლო სტრატეგია არსებობს

რამდენიმე თვის წინ Nevins Consulting-ის პრეზიდენტ მარკ ნევინსს ყოფილი კლიენტი (პირობითად, ქეისი) დაუკავშირდა. მარკი მას გარდამავალ პერიოდში უჭერდა მხარს, როდესაც პრესტიჟულ საერთაშორისო ფინანსური მომსახურების ფირმას შეუერთდა. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად გააზრებულად გაიარა მან ეს პროცესი, ნევინსი ელოდა, რომ მათი საუბარი ნაადრევ წარმატებას შეეხებოდა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ამის ნაცვლად, ქეისმა აღიარა, რომ მას მარტივი, მაგრამ სერიოზული პრობლემა ჰქონდა – იგი ვერ ეგუებოდა თავის უფროსს (პირობითად მარტას). ქეისისთვის წარმოუდგენლად რთული იყო მარტასთან მუშაობა, რაც წარმატების შეფერხებას და კარიერის განადგურებას განაპირობებდა.

როგორც აღმოჩნდა, მარტა ძალიან ნიჭიერ, გამოცდილ და ყველასათვის საყვარელ ლიდერად მიიჩნეოდა – ის ტოქსიკური და რთული ხასიათის მქონე არ ყოფილა. მაგრამ კლიენტის ანტიპათიას ამ ორი პიროვნების განსხვავებული სტილი განაპირობებდა. ამასთან, ქეისის თქმით, მარტამ იგი არასწორ გზაზე დააყენა.

მთელი რიგი საუბრების შედეგად, სიტუაცია მოგვარდა – უკმაყოფილო თანამშრომელი დარწმუნდა, რომ მარტასთან პარტნიორობა აუცილებელი იყო სასურველი შედეგების მისაღებად. ურთიერთობის უფრო გულახდილად შეფასებით ცხადი გახდა, თუ რამდენად დიდი ხარვეზი არსებობდა ამ ორი პიროვნების კომუნიკაციაში. აქედან გამომდინარე, ქეისიმ რამდენიმე სასარგებლო სტრატეგია შეიმუშავა, რომელთა გამოყენებაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

განიხილეთ სტრესის მიზეზი და გააანალიზეთ, როგორ რეაგირებთ მასზე

პირველი ნაბიჯი სიტუაციის მიღება და გაცნობიერებაა. საკუთარ თავს შეახსენეთ, რომ ყველას ვერ შეეგუებით, მაგრამ ყველა ურთიერთობა გარკვეული პოტენციური მნიშვნელობის მატარებელია. შეგიძლიათ და უნდა ისწავლოთ კიდეც თითქმის ყველასგან, ვისაც შეხვდებით – გახსოვდეთ, პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ, თუნდაც ურთიერთობა ადვილი არ იყოს. გულწრფელად შეაფასეთ, რა იწვევს დაძაბულობას და თავად რა როლს ასრულებთ ამ პროცესში.

სავარაუდოდ, პრობლემის სათავეში თქვენი სიტუაციისადმი გამოხატული რეაქცია იმყოფება (და თქვენ ვერაფერს გააკონტროლებთ, გარდა თქვენი რეაქციისა). ქეისს უნდა ეფიქრა იმაზეც, რომ ეს ნეგატიური დამოკიდებულება სინამდვილეში, საკუთარი თავიდან გამომდინარეობდა.

უფრო მეტად იმუშავეთ სხვისი შეხედულების გაგებაზე

რამდენიმე ადამიანი დილით საწოლიდან თქვენი ცხოვრების გასანადგურებლად დგება. ამიტომაც, აუცილებლად გამონახეთ დრო სხვისი შეხედულებების გასათვალისწინებლად, მით უმეტეს, თუ ის მნიშვნელოვანია თქვენი წარმატებისთვის. ჰკითხეთ საკუთარ თავს: რატომ იქცევა ეს ადამიანი ასე? რამ შეიძლება გამოიწვიოს მათი ნეგატიური ქმედების მოტივაცია? როგორ აღმიქვამენ ისინი? რა სურთ მათ ჩემგან?

მაგალითად, ქეისმა მარტაზე სხვაგვარად დაიწყო ფიქრი, რადგან იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ორივე მათგანის მიზნები და მოტივები თანაბრად მნიშვნელოვანია. რაც მთავარია, ერთი მეორეს არ ეწინააღმდეგებოდა.

გახდით პრობლემის გადამჭრელი და არა კრიტიკოსი ან კონკურენტი

იმისათვის, რომ ერთად მუშაობა შეძლოთ, კონკურენტული პოზიციიდან ერთობლივ პოზიციაზე გადასვლაა აუცილებელი. ამ თვალსაზრისით საგულისხმოა მარტასა და ქეისის შემთხვევა – ამ უკანასკნელმა თავისი ხელმძღვანელი ლანჩზე მიიწვია და გულწრფელი საუბარი გადაწყვიტა: “მე არ ვთვლი, რომ ერთად მაქსიმალურად ეფექტურად ვმუშაობთ. რას ფიქრობთ? გაქვთ რაიმე იდეა, თუ როგორ შეგვიძლია ამის გამოსწორება?”. 

დასვით მეტი შეკითხვა

სტრესულ სიტუაციებში ბევრი ჩვენგანი ცდილობს, პრობლემების “ნავიგაცია” მოახდინოს. რიგ შემთხვევებში შეგვიძლია, მეტისმეტად თავდაჯერებულებიც კი ვიყოთ, რაც, ჩვეულებრივ, სიტუაციას მეტად ამძიმებს. ამის ნაცვლად, სცადეთ, კითხვები დასვათ – იდეალურად ღია, გულწრფელი საუბრისთვის. გადადეთ საკუთარი გეგმები, დასვით შესაფერისი კითხვები და იყავით მომთმენნი, რათა რეალური პასუხები მიიღოთ.

გააუმჯობესეთ თქვენი ცოდნა თქვენი ინტერპერსონალური სტილის შესახებ

ძალიან ადვილია კონფლიქტის წარმოქმნა, როგორც სხვა ადამიანთან “ცუდი ქიმიის” არსებობის გამოხატულების. თუმცა იმის გაცნობიერება, რომ ყველას განსხვავებული სტილი აქვს, მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ კონფლიქტის არიდებაში. ლანჩის დროს მარტამ და ქეისიმ აღმოაჩინეს, რომ მათ შორის ბევრი განსხვავება არსებობს – მაგალითად, ქეისი აშკარა ინტროვერტია, ასევე, ძლიერ სენსორული პიროვნება. მას ურჩევნია, პრობლემების მოგვარებაზე მარტომ იზრუნოს და მშვიდად გამოიტანოს დასკვნები. მეორეს მხრივ, მარტა ექსტრავერტი და ინტუიციური ადამიანია, რომელსაც დაუყოვნებლივ მოქმედება, პრობლემების სხვებთან ერთად გადაჭრა და “უფრო დიდი სურათის” დანახვა შეუძლია.

სტილისა და უპირატესობების ამ განსხვავებების გათვალისწინებით, ამ ორ ადამიანს შორის არასასიამოვნო ურთიერთობის არსებობა სრულიად ბუნებრივია. მაგრამ როდესაც საკუთარ სხვაობებზე ღიად ისაუბრეს, მიხვდნენ, რომ მათი სტილი, შესაძლოა, ერთმანეთს ავსებდეს.

ითხოვეთ დახმარება

დახმარების ძიებამ შეიძლება, რთული ურთიერთობა განმუხტოს, რადგან ის აჩვენებს, რომ თქვენ სხვა ადამიანის ინტელექტსა და გამოცდილებას აფასებთ. ლანჩის დროს ქეისიმ მარტას საკმაოდ თავდაჯერებულად მიანიშნა, რომ ძალიან დიდი პატივს სცემდა მის დიდხნიან გამოცდილებას, კვალიფიკაციას. შემდეგ კი საჭირო კითხვებიც დაუსვა.

ქეისისა და მარტას შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მათ ინტენსიური სახე მისცეს პირად საუბრებს, აზრებისა და იდეების გაზიარებას. ობიექტურად აფასებენ გუნდების პროგრესს და აქტიურად ეძებენ პროცესების გაუმჯობესების ხერხებს. მართალია, მათ მეგობრებს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ბევრად უკეთესი კოლეგები არიან, ვიდრე ადრე.

ურთიერთობის ასეთი პოზიტიური ტრანსფორმაცია ნაწილობრივ იმითაც იყო განპირობებული, რომ ქეისიმ “სველ ნიადაგზე” იმოქმედა – როდესაც პრობლემა ჯერ კიდევ ჩანასახის პერიოდში იყო. ასე რომ, ყოველ ჩვენგანს შეუძლია ეფექტურად ითანამშრომლოს იმ ადამიანებთან, რომლებიც არ მოგვწონს.

წყარო: HBR



„მე მე მე“ – ბავშვივით ლაღი ქართული ბრენდი, რომელიც Yves Saint Laurent-ში მიღებული გამოცდილებით იქმნება

რა გავლენას ახდენს გადამუშავებული საკვები ჩვენს ორგანიზმზე?