28
Oct
2019

თავდაჯერებულობა ვერბალურად და არავერბალურად

28 Oct 2019

თუ აუდიტორიისთვის მთავარი სათქმელი ჩამოყალიბებული გაქვს და მორიგი პრეზენტაციისთვის სლაიდებიც მოამზადე, ახლა მსმენელების აღფრთოვანების დროა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

როგორ გამოიყურები, ანდაც როგორი ხმა გაქვს? – მსმენელები სწორედ ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით წყვეტენ, შენზე, როგორც სპიკერზე რა აზრი ჰქონდეთ. ერთ-ერთი კვლევა ადასტურებს, რომ გამომსვლელის კომპეტენციის შესაფასებლად, აუდიტორიას ზუსტად ნახევარი წუთი სჭირდება. და ეს ნიშნავს, რომ მსმენელები წამებში იღებენ გადაწყვეტილებას, სანდო ხარ, თუ არა და ამაში სხეულის ენა და ვოკალური მახასიათებლები დიდ როლს თამაშობს. ანუ, რას და როგორ ამბობ თანაბარმნიშვნელოვანია.

ჩვენ გაგიზიარებთ ხრიკებს, როგორ უნდა გამოჩნდე თავდაჯერებული და კომპეტენტური მაშინაც კი, როცა ნერვიულობ, ან შინაგანად, უბრალოდ, მოკრძალებული ხარ.

როგორ გამოვიყურებოდე თავდაჯერებულად

დაამყარე თვალის კონტაქტი. თვალის კონტაქტის დამყარება პირველი ნაბიჯია მსმენელებში ნდობის მშენებლობისთვის. კვლევას თუ დავუჯერებთ, სოციალურ ურთიერთობებში თვალები წამყვან როლს თამაშობს.

აუდიტორიასთან თვალის კონტაქტის დასამყარებელი მარტივი სავარჯიშოები არსებობს: მცირე ჯგუფისგან შემდგარ მსმენელებში ჩატარებული პრეზენტაცია ჩაიწერე, შემდეგ კი, ჩანაწერს უყურე. ყველა ის მომენტი მოინიშნე, სადაც აუდიტორიის ნაცვლად, სლაიდებს უყურებ. იმეცადინე და შემდეგ ხელახლა ჩაწერე. ყველაზე ჯერზე ეცადე, რომ სლაიდებთან კომუნიკაციაზე რაც შეიძლება ნაკლები დრო დახარჯო და მათ ნაცვლად, დამსწრეებთან დაამყარო თვალის კონტაქტი.

გახსოვდეს, რომ ვარჯიში იქამდე გჭირდება, სანამ პრეზენტაციის დროს, თვალის კონტაქტის ბუნებრივი მოთხოვნილება არ გაგიჩნდება.

შეინარჩუნე სხეულის გახსნილი მდგომარეობა. გახსნილი მდგომარეობა ემსახურება იმას, რომ არანაირი ბარიერი არ არსებობდეს შენსა და აუდიტორიას შორის. სპიკერმა, შესაძლოა, გაუცნობიერებლად, მკლავები გადაიჯვარედინოს და შემთხვევით, თავდაცვით პოზიციაში აღმოჩნდეს. შედარებისთვის, თავდაჯერებული გამომსვლელები ხელის გულებით აუდიტორიისკენ არიან ხოლმე, მაქსიმალურად, გახსნილ პოზიციაში.

თუმცა, თქვენი ხელები და მკლავები ერთადერთი ბარიერი არაა. დაბრკოლებად აღიქმება კათედრაც, საიდანაც ადამიანებს ესაუბრები. ასევე, ლეპტოპი შენსა და მსენელებს შორის (ჯობს, გვერდით დადო), ჯიბეში ჩაწყობილი ხელები. მოკლედ, გახსნილი პოზის დაკავების შემთხვევაში, თავდაჯერებული ხარ და როცა საკუთარ თავს ასეთად აღიქვამ, სხვებსაც ზუსტად იმავე განცდას უტოვებ.

გამოიყენე ჟესტები. თავდაჯერებული სპიკერები ჟესტების ენას იმისთვის იყენებენ, რომ გამოსვლის საკვანძო მომენტები არავერბალურადაც გაამყარონ.

შენს პრეზენტაციაში იპოვე მომენტი, სადაც ჟესტები ბუნებრივი იქნება და ის, ვთქვათ, კონცეპტის ხაზგასასმელად გამოიყენე. თუ ჩამონათვალს აკეთებ, თითები მოიხმარე, თუ რამის გაფართოებაზე საუბრობ, გაშალე მხრები, ხელები და აუდიტორიას დაეხმარე, გამოსვლის შინაარსი მათთვის ვიზუალურადაც იყოს აღქმადი.

TED-ის სპიკერებმა – ბრენე ბრაუნმა და ტონი რობინსმა საკუთარ თავზე დაკვირვებისას აღმოაჩინეს, რომ ხელები გულთან მიჰქონდათ მაშინ, როცა აუდიტორიას პერსონალურ ამბავს უზიარებდნენ.

მოკლედ რომ ვთქვათ, არავერბალური კომუნიკაცია შესაძლებლობაა, რომ შენს ამბავში მსმენელები უფრო ღრმად, ემოციურ დონეზე ჩართო.

როგორ ვჟღერდეთ თავდაჯერებულად

დაივიწყე შემავსებელი სიტყვები. მოერიდე ისეთი სიტყვების გამოყენებას, რომელსაც არანაირი მიზანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ წინადადებებს შორის სიცარიელე შეავსოს. აქ იგულისხმება სიტყვები, როგორიცაა: აჰ, მმ, ანუ, ესე იგი… შემავსებელი სიტყვების ჭარბი გამოყენება მსმენელებისთვის მოსაწყენი და გამაღიზიანებელი შეიძლება, აღმოჩნდეს და სპიკერი, როგორც დამფრთხალი და თავში დაურწმუნებელი – ისე წარმოაჩინოს.

ამის გამოსასწორებლად, სტრატეგიას გთავაზობთ: შენს სმარტფონში ვიდეო ან მიკროფონი ჩართე და პრეზენტაცია ჩაიწერე. ჩანაწერის მიზნად შენს შემავსებელ სიტყვებზე ცნობადობის გაზრდა და შემდეგ მათთან ბრძოლა განსაზღვრე. მოუსმინე და ეცადე, რომ ყველა ჯერზე, კიდევ უფრო ნაკლებ შემავსებელ სიტყვებს იყენებდე.

ჯადოსნური პაუზა. ბევრი ადამიანი შემავსებელ სიტყვებს იმ მიზეზით მიმართავს, რომ თავიდან უხერხული სიჩუმე აიცილოს. პაუზის გაკეთებას თავდაჯერებულობა ნამდვილად სჭირდება და ის ინტერპრეტირებულია, როგორც ორატორული ხელოვნება (პაუზას მუსიკაშიც დიდი ეფექტი აქვს). საჯარო გამოსვლაში მისი გამოყენების რეცეპტი, კონტექსტის გაუთვალისწინებლად ასეთია – როცა აუდიტორიას მთავარი გზავნილის მოსასმენად ამზადებ: „ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მინდა, გავიხსენო, არის…“ – პაუზა, ორი დარტყმა და ამის შემდეგ რაც უნდა თქვა, მსმენელს ის ყოველთვის ემახსოვრება.

საუბრის ცვალებადი ტემპი. თავდაჯერებული სპიკერები საუბრის ტონს ისე ცვლიან, როგორც იმ მომენტში სათქმელს სჭირდება. გავრცელებული აზრით, 150-დან 160 სიტყვამდე წუთში მშვენიერი სასაუბრო ტემპია – საკმარისად ნელი გასაგებად და არც ისე სწრაფი – რომ აზრს ვერ მიადევნო გულისყური. „ტედის“ სპიკერები, დაახლოებით, ამ რიცხვებში ტრიალებენ – 163 სიტყვა წუთში.

არსებობს ასეთი ხრიკიც, რომელსაც კარგი და გამოცდილი სპიკერები იყენებენ – როცა ამბის დამშვენება დეტალებით სურთ, ისინი წუთში 220 სიტყვას ამბობენ იმისთვის, რომ მსმენელები არ გაექცნენ და შემდეგ, შედარებით, ნელი ტემპით, აუდიტორიამდე საკვანძო საკითხი ნათლად მიიტანონ.

როგორ უნდა გამოიმუშაო ეს უნარი? – მიჰყევი საკუთარ ამბავს, რომელიც თავადვე გიკარნახებს, თხრობა რა ტემპით უნდა განსაზღვრო.

ძალიან ცოტაა ისეთი პრეზენტატორი, რომელიც ზემოჩამოთვლილ ექვსივე პრინციპში დახელოვნებულია. ის კი არადა, ბევრს ამ პრინციპების შესახებ არც კი გაუგია.

სამაგიეროდ, შენ უკვე იცი საიდუმლო, როგორ უნდა გამოიყურებოდე აუდიტორიის წინაშე უფრო თავდაჯერებულად. მთავარია – ვარჯიში, ვარჯიში, ვარჯიში. ამ სიტყვის სამჯერ გამეორებით კი, ხაზს ვუსვამთ იმას, რომ შეიძლება, ერთხელ და ორჯერ ცდა საკმარისი არ აღმოჩნდეს. ამიტომ, თავი არ დაზოგო და იმუშავე, შენი იდეები მსმენელამდე ისე მიიტანო, როგორც შენს ტვინშია გაფურჩქნული.

 

წყარო: HBR



განხილვა