ზოგჯერ ადამიანებს ერთ კონკრეტულ საქმეზე ფოკუსირება გვიჭირს, რადგან ბევრი სფერო გვიზიდავს. როგორ საინტერესოდაც არ უნდა ჟღერდეს რამდენიმე პროფესიის დაუფლება, ეს ნაკლებ ეფექტიანია გრძელვადიან პერსპექტივაში. ამის მაგალითად ალბერტ აინშტაინისა და უორენ ბაფეტის „ფოკუსის კანონების“ მოხმობა შეგვიძლია.
აინშტაინის ფოკუსის კანონი
აინშტაინის ზოგადი ფარდობითობისკენ სწრაფვა ხაზს უსვამს მიღწევების მნიშვნელოვან რეალობას. ჩვენ ყველაზე პროდუქტიულები ვართ, როდესაც ძალიან მცირე რაოდენობის პროექტზე ვფოკუსირდებით — იმათზე, რომლებისთვისაც სათანადო ყურადღების მიქცევა შეგვიძლია. ცხადია, ყველა მიღწევა შრომას და ძალისხმევას საჭიროებს, რათა წარმატება გრძელვადიანი იყოს.
ალბათ, იდეალურ სამყაროში ჩვენ ყველანი აინშტაინები ვიქნებოდით. თითოეულ ჩვენგანს „მხოლოდ“ ერთი ან მაქსიმუმ ორი პროექტი ექნებოდა როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში — როგორც ამ შემთხვევაში ფიზიკა იყო. წარმოიდგინეთ, მისი გონება ნიჩბოსნობაზე ან სხვა სფეროებზეც რომ გადართულიყო… რა თქმა უნდა, ასეთი კონცენტრირება ადვილი არ არის — კარიერა, ოჯახი, მეგობრები, პირადი საქმეები… ჩვენი ყოველდღიურობა სავსეა განსხვავებული ამოცანებით. და ასეა სურვილის სიებიც.
შედეგად, აღარ შეგვიძლია მცირე რაოდენობის მნიშვნელოვან ასპექტებზე ფოკუსირება. საინტერესოა, რას გააკეთებდა აინშტაინი, „ჩვენს დღეში“ რომ იყოს? Newport-ის ვერსია ასეთია:
- შექმენით სამი სვეტი: პროფესიული, პირადი (ოჯახი, მეგობრები და ა. შ.) და დამატებითი პროექტები (პირადი მიზნები). ჩამოწერეთ ყველაფერი, რასაც თითოეულ კატეგორიაში აკეთებთ.
- სამივე სიიდან ერთი ან ორი ელემენტი შეარჩიეთ, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია (უმჯობესია, მომგებიანიც).
- დაადგინეთ ქმედებები, რომელთა გაკეთებაც დღესვე უნდა შეწყვიტოთ — შეგიძლიათ, ისინი საზიანო ჭრილობად აღიქვათ, რადგან ასეთი ვიზუალიზაცია გადაწყვეტილების მიღებას გაგიმარტივებთ.
- მოტოვებული და აუცილებელი საქმეების დასასრულებლად ერთიდან სამ კვირამდე პერიოდი გამოყავით. ეს პროცესი სარეველას მოცილებას ჰგავს.
- ფოკუსირდით თითოეულ კატეგორიაში დარჩენილ ერთ ან ორ მნიშვნელოვან საკითხზე. ასევე, არავითარ შემთხვევაში არ დაამატოთ ახალი პუნქტები.
ბაფეტის კანონი კონცენტრაციის შესახებ
ბაფეტი საზოგადოებას მარტივ, მაგრამ საჭირო ვარჯიშს უზიარებს:
- ჩამოთვალეთ 25 კარიერული მიზანი
- შემოხაზეთ 5 საუკეთესო
მისი თქმით, მხოლოდ 1-დან 5-მდე ჩამოწერილ მიზნებზე უნდა ვფოკუსირდეთ, სიის დანარჩენ პუნქტებს კი სრულიად მოვერიდოთ. რატომ? 25 საქმეს კარგად ვერ გავაკეთებთ — ეს ნიშნავს, რომ თითოეულ მათგანს ძალიან მცირე დრო დაეთმობა.
ამასთან, ადვილია, მოიფიქრო ხუთი რამ, რისი გაკეთებაც ნამდვილად გინდა. თუმცა კიდევ უფრო ადვილია ამ მიზნებისკენ მიმავალი რეალური პროგრესის განადგურება, რადგან ჩაფლული ხარ მღელვარებაში, სიხარულში, დროებით სიამოვნებაში, რაც უბრალოდ არც ისე მნიშვნელოვანია. ამიტომაც, თითოეული მიზნის განსაზღვრის შემდეგ აუცილებელია კონკრეტული გეგმის შემუშავება, რათა იდეები რეალურად მატერიალიზდეს.
წყარო: Inc.