მომხმარებლებისთვის მეტი კომფორტის უზრუნველსაყოფად, Apple-მა აპლიკაციების მიერ მონაცემების მოპოვებაზე ნებართვის გაცების დახვეწილი სისტემა შეიმუშავა. შედეგად, iPhone-ისა და iPad-ის მომხმარებლებს იმის გადაწყვეტის შესაძლებლობა აქვთ, რამდენად სურთ, კონკრეტულ აპლიკაციებს პირად მონაცემებზე მისცენ წვდომა.
iOS ან iPadOS მოწყობილობაზე ნებართვების მართვის რამდენიმე გზა არსებობს. შეგიძლიათ მოძებნოთ ნებართვები და ნახოთ რომელი აპლიკაციები იყენებს მას, ან თავად მართოთ ცალკეული პროგრამების შემთხვევაში და შეზღუდოთ ფიჭური მონაცემების გაცემა თუ ფონური გამოყენება.
მართეთ ნებართვები iPhone-სა და iPad-ზე:
პარამეტრებში მოიძიეთ Privacy & Security (კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება) განყოფილება, სადაც მოწყობილობაზე გამოსაყენებლად ხელმისაწვდომი მონაცემების ჩამონათვალს იხილავთ. ასევე, ნახავთ, რომელი აპლიკაცია „იკვებება“ თქვენი პირადი ინფორმაციით.
ამავე ველში ჩანს ნებართვებისა და ფუნქციების ჩამონათვალი, რომლებზე წვდომაც ნებისმიერ აპლიკაციას შეუძლია — იქნება ეს ლოკაციის სერვისები, მიკროფონი, მოძრაობა და ფიტნესი თუ სხვა. იმისათვის, რომ გაარკვიოთ, რომელი პროგრამა რომელ მონაცემებს აგროვებს, კონკრეტული კატეგორია უნდა აირჩიოთ.
ქვემოთ მოცემულ ფოტოზე „კონტაქტების“ ნებართვებს ვხედავთ — ამ აპლიკაციებმა მოითხოვეს წვდომა კონტაქტებზე. აქვე ჩანს, რომელზეა თანხმობა გაცემული და რომელზე — არა. შესაბამისად, ამ ველიდან შეგიძლიათ ცვლილებების შეტანაც.
იგივე ეხება სხვა კატეგორიების შემთხვევაშიც. ზოგიერთს რამდენიმე დამატებითი ვარიანტი ექნება, როგორიცაა „ფოტოების“ ნებართვა და, რა თქმა უნდა, თავად გადაწყვეტთ, რამდენად გსურთ პირადი მონაცემების ღიაობა.