ახალი სამსახურის პოვნა საინტერესო და დამღლელი პროცესია. ერთი მხრივ, თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ ახალ შესაძლებლობებსა და ძველი სამსახურიდან წამოსვლაზე. მეორე მხრივ კი, შესაძლოა, გადაიღალოთ სამუშაოს ძებნით და იმის ლოდინით, თუ რეალურად, როდის მოგეცემათ ამის შანსი.
თუმცა, კვლევა ადასტურებს, რომ დიდი მიზნების მიღწევას, მისი პატარა ამოცანებად დაყოფით შეძლებთ. სამსახურის პოვნაში კი შემდეგი ნაბიჯების განხორციელება დაგეხმარებათ:
შექმენით რეზიუმე კონკრეტული ვაკანსიისთვის
შექმენით ან განაახლეთ თქვენი რეზიუმე. იფიქრეთ მასზე, როგორც მარკეტინგულ დოკუმენტზე. დაარწმუნეთ მკითხველები, რომ თქვენ გაქვთ ის, რაც მათ სჭირდებათ. იქნება ეს დამსაქმებელი, HR-ის წარმომადგენელი თუ მენეჯერი. თქვენ უნდა შექმნათ რეზიუმეს საბაზისო ვერსია, რომლის შეცვლასაც კონკრეტული ვაკანსიებისთვის შეძლებთ.
დაიწყეთ თქვენი გამოცდილების ჩვენებით, კონკრეტული სამუშაოს მოთხოვნებთან დააკავშირეთ, არ დახარჯოთ სივრცე შეუსაბამო გამოცდილების მითითებით. როცა ამაზე დაიწყებთ საუბარს, მოიყვანეთ კონკრეტული მაგალითები და თუ შესაძლებელია, თქვენი მიღწევები რაოდენობრივად შეაფასეთ.
დაწერეთ თქვენი რეზიუმე ისე, თითქოს რაღაც ამბავს უყვებით მკითხველს. ძველი გამოცდილების მიხედვით, დამსაქმებლები დაინახავენ, თუ რა შეგიძლიათ გააკეთოთ მათთვის.
არ ინერვიულოთ თქვენი სამუშაო გამოცდილების ხარვეზებზე, იმაზე, რომ სადღაც ცოტა ხანი მუშაობდით ან გამგზავრება მოგიწიათ. ეს შეიძლება ზოგიერთი დამსაქმებლისთვის განგაშის საკმარისი მიზეზი იყოს, მაგრამ როგორც აღმასრულებელი ტრენერი პატრიცია კარლი წერს, არ არსებობს იდეალური რეზიუმე, მით უმეტეს ისეთ გაურკვეველ სიტუაციებში, როგორიც ბოლო წლები იყო. ამ საკითხებზე თქვენ ინტერვიუს დროს ან სამოტივაციო წერილში შეგიძლიათ ისაუბროთ.
არ დაგავიწყდეთ თქვენი ლინკდინის გვერდი. ეს არ გულისხმობს რეზიუმეს პირდაპირ გადატანას თქვენს პროფილზე. თქვენ უნდა გქონდეთ გვერდი, რომელიც სამიზნე აუდიტორიას თანმიმდევრულ და მოკლე ისტორიას მოუთხრობს. აქ არ გჭირდებათ ყველა პოზიციის ჩამოთვლა, რაც ოდესმე გქონიათ, მხოლოდ ის, რაც სასურველი აუდიტორიისთვის გამოგადგებათ.
დაწერეთ სამოტივაციო წერილი
სანამ წერას დაიწყებთ, გაიგეთ მეტი კომპანიისა თუ კონკრეტული სამუშაოს შესახებ. სამოტივაციო წერილისთვის ძლიერი დასაწყისი გჭირდებათ, პირველი წინადადება ნათელი და ლაკონიური უნდა იყოს, რომ მკითხველის დაინტერესება შეძლოს. დამსაქმებლები ეძებენ ისეთ კადრებს, რომლებიც პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებათ. ასე რომ, აჩვენეთ მათ, რომ იცით, რას აკეთებს და რა გამოწვევების წინაშე დგას კომპანია, შემდეგ კი აღწერეთ როგორ დაეხმარება თქვენი გამოცდილება მათ საჭიროებებს.
თუ ვაკანსიისთვის სამოტივაციო წერილის დაწერას არ გთხოვენ, ნებისმიერ ფორმატში შეძელით, რომ ამ სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ენთუზიაზმი და უნარი აჩვენოთ.
სამოტივაციო წერილში ვინმე კონკრეტულ ადამიანს მიმართეთ, ჩაატარეთ პატარა კვლევა და გაიგეთ ვინ არის დამსაქმებელი, და თუ პირადი კავშირი გაქვთ კომპანიასთან ან მასთან, ვინც იქ მუშაობს, ახსენეთ პირველ ან მეორე წინადადებაში მაინც.
მოყევით თქვენი ამბავი, როგორ აღმოაჩინეთ სამსახურში პრობლემა და შემდეგ როგორ დაიწყეთ მისი მოგვარება. სამოტივაციო წერილში მსგავსი ამბების გაზიარება, სხვებისგან გამორჩეულს გაგხდით. თუმცა, შეეცადეთ, რომ ერთ გვერდს არ გადააჭარბოთ.
მიაღწიეთ სასურველ მიზანს გასაუბრების დროს
კარიერული მრჩეველი და ავტორი, ჯონ ლისი, გვეუბნება, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ გასაუბრების დროს: „ნუ იქნები საკუთარი თავი, ეს არის იმპროვიზირებული წარმოდგენა, სადაც თქვენ ცდილობთ თქვენი თავის საუკეთესო ვერსია აჩვენოთ“.
მოემზადეთ დისტანციური ინტერვიუსთვის – თუ ვიდეო ინტერვიუ გაქვთ, დარწმუნდით, რომ ტექნიკურად გამართული იქნება და იზრუნეთ თქვენ უკან შესაბამისი ფონის შექმნაზე. შეეცადეთ, დაამყაროთ ემოციური კავშირი, რადგან ეს მათთან არავერბალური კომუნიკაციის დამყარების ერთადერთი გზაა.
კომუნიკაციის ექსპერტი კარმინ გალო რამდენიმე რჩევას გაძლევთ. ის თქვენი ფონის გამოყენებას საკუთარი თავის წარმოსაჩენად გთავაზობთ, მაგალითად თქვენ უკან თაროებზე მოათავსეთ თქვენ მიერ წაკითხული წიგნები. ინტერვიუს დროს ნელა ისაუბრეთ და ხაზი გაუსვით ძირითად სათქმელს.
მოემზადეთ, მოემზადეთ და მოემზადეთ – არ აქვს მნიშვნელობა გასაუბრება რა ფორმატში ტარდება, პირადად თუ დისტანციურად, მომზადებამ შესაძლოა გადამწყვეტი როლი შეასრულოს. გაიგეთ, რაც შეიძლება მეტი, კომპანიაზე, როგორ მუშაობენ, როგორი გარემოა. გაეცანით ინდუსტრიის ახალ გამოწვევებსა თუ ტრენდებს. გაიგეთ მცირე ინფორმაცია თქვენი ინტერვიუერის შესახებ. გასაუბრებამდე კი რამდენიმეჯერ წაიკითხეთ კომპანიის მოთხოვნები, რომ ზუსტად ის შეთავაზოთ მათ, რაც სჭირდებათ.
წინასწარ განსაზღვრეთ ზუსტად რა 3 ან 4 თემის მიტანა გინდათ ინტერვიუერამდე. მსგავსად, თქვენს მიღწევებსა და მათ მოთხოვნებს შორის კავშირს დაამყარებთ.
პროფესორი არტ მარკმანი სამ კითხვას გვთავაზობს, რომელიც ყველა ინტერვიუერის გონებაშია:
- როგორი იქნება თქვენთან მუშაობა?
- შეგიძლია ისწავლო?
- იჩენ თუ არა ინიციატივას?
ბევრი ინტერვიუერი ამ კითხვებს პირდაპირ არ დაგისვამთ, მაგრამ თქვენ უკეთ დაარწმუნებთ მათ, თუ პასუხების გაცემისას, სხეულის ენასა და კითხვების დასმის უნარს წარმოაჩენთ, ისაუბრებთ თქვენს გამოცდილებაზე, რა ისწავლეთ გამოწვევებისა თუ წარუმატებლობებისგან.
ივარჯიშეთ გასაუბრების კითხვებზე – არის ორი კითხვა, რომელიც თითქმის არავის უყვარს, მაგრამ მუდმივად ჩნდება: „მომიყევით თქვენ შესახებ“ და „რა არის თქვენი ყველაზე დიდი სისუსტე?“
„მომიყევით თქვენ შესახებ“ – ამ კითხვაზე პასუხი სამოტივაციო წერილის ან რეზიუმეში ჩაწერილი ინფორმაციის გაჟღერებით არ უნდა დაიწყოთ. უნდა გაუზიაროთ ის, რაც მათ საჭიროებებს ემთხვევა. მაგალითად, თუ ფინანსური საკითხების მოგვარება სჭირდებათ, აჩვენეთ როგორ მოაგვარეთ მსგავსი პრობლემა ადრე.
„რა არის თქვენი ყველაზე დიდი სისუსტე?“ – დაასახელეთ ის სუსტი წერტილი, რომლის გაუმჯობესებისთვისაც უკვე რამდენიმე ნაბიჯი გაქვთ გადადგმული და ახსენით, როგორ აპირებთ ამ გზის გაგრძელებას.
როგორც HR აღმასრულებელი დევიდ გალორიზი განმარტავს: „მე არ ვეძებ იმას შეიძლება თუ არა მათი ორგანიზაციული უნარის გაუმჯობესება, ვცდილობ გავარკვიო, რა იციან საკუთარი თავის შესახებ, რამდენად კრიტიკულები არიან, და რაც მთავარია, შეუძლიათ თუ არა მათ სიმართლის თქმა – როცა ეს ძალიან რთულია“.
დააკვირდით წითელ დროშებს – მხედველობიდან არ დაკარგოთ ის ფაქტი, რომ თქვენც უნდა შეაფასოთ კომპანია. დაფიქრდით, კონკრეტული სამუშაო ადგილი თქვენთვის შესაფერისია?
იქნება თქვენი პოტენციური უფროსი ის, ვისთანაც მუშაობას შეძლებთ? ყურადღება მიაქციეთ, როგორი იყო მენეჯერი ინტერვიუს დროს, კარგად იგრძენით თავი თუ არა? აქ ბოლომდე თქვენს ინსტინქტებს უნდა მიენდოთ.
კრისტი დე პოლი გირჩევთ, თავიდან აიცილოთ ზოგადი კითხვები, როგორიცაა „როგორ აღწერდით თქვენს კულტურას?“ და სცადოთ კითხვების კონკრეტულად დასმა:
- როცა პროექტის განხორციელებისას პრობლემა გექმნებათ, როგორ იქცევა გუნდი?
- რა მეთოდებით შექმენით ინკლუზიური გარემო სამსახურში?
- როდესაც ფუნქციონალური კონფლიქტია, როგორ წყვეტთ მას?
- როგორ უზრუნველყოფს კომპანია ერთიანობის შეგრძნებას მაშინაც კი, როცა დისტანციურად მუშაობთ?
მიჰყევით ბოლომდე
უთხარით მადლობა – დაწერეთ ელფოსტა ან ჩანაწერი ინტერვიუერისთვის. ფიქრობენ, რომ ხელნაწერი უფრო დასამახსოვრებელია, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მათთან მისვლას უფრო მეტი დრო დასჭირდება და თუ ისინი სწრაფად მიიღებენ გადაწყვეტილებას, შესაძლოა უარყოფითი შედეგი მიიღოთ. დაწერეთ მოკლედ და აღნიშნეთ ერთი კონკრეტული რამ, რაც გაიგეთ მათი ორგანიზაციის შესახებ, ინტერვიუს დროს. თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე კითხვას პასუხი არასწორად ან ბუნდოვნად გაეცით, ეს შესაძლებლობა სწორედ ამისთვის გამოიყენეთ.
შეამოწმეთ – რა უნდა გააკეთოთ, თუ პასუხს მითითებულ ვადაში არ გაიგებთ? პირველ რიგში, არ ინერვიულოთ, პრობლემა თქვენში არ არის და ამას სხვა მიზეზები შეიძლება ჰქონდეს. კიდევ ერთი კვირა დაელოდეთ და თუ არავინ დაგიკავშირდებათ, მიწერეთ ელ.ფოსტა, რომელშიც გამოხატავთ თქვენს ინტერესსა და აღფრთოვანებას კონკრეტული სამუშაოს მიმართ. ლოდინისას შეეცადეთ დრო მეგობრებთან ერთად გაატაროთ.
მართეთ თქვენი ემოციები
სამსახურის ძებნა ემოციური პროცესია, მრავალი აღმავლობითა და დაღმავლობით. ხშირად მიიღებთ დადებით პასუხებს, გადახვალთ ინტერვიუს შემდეგ ეტაპზე ან დასაქმდებით სასურველ კომპანიაში. ასევე, იქნება დღეები, როცა ვერაფერს გაიგებთ, ან უარს იტყვით კონკრეტულ სამსახურზე. პროფესორ არტ მარკმენი გვირჩევს, რომ მეტი ფოკუსირება მოვახდინოთ პროცესზე და არა, შედეგზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს მიზნის დაკარგვას.
შეამოწმეთ ვაკანსიები და გაგზავნეთ თქვენი რეზიუმე იქ, სადაც შესაბამისი გამოცდილება გაქვთ დაგროვებული. დაესწარით ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც თქვენი პოტენციური დამსაქმებლის უკეთ გაცნობაში დაგეხმარებათ. გაიუმჯობესეთ თქვენი უნარები და ცოდნა. ამის გაკეთება იმედგაცრუებისგან გიხსნით და სასურველი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. აუცილებლად დარწმუნდით, რომ გყავთ ისეთი ვინმე, ვისთანაც საუბარს შეძლებთ, იქნება ეს მეგობარი თუ თერაპევტი, მათთვის ემოციების გაზიარება მნიშვნელოვანი და სასარგებლოა.
წყარო: HBR












