თხოვნებსა თუ მოთხოვნებს ყოველდღიურად როგორც პირად ცხოვრებაში, ისე სამსახურში ვიღებთ. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ ლოგიკურიცაა, თუმცა არსებობენ ისეთებიც, ვისაც კონკრეტული თხოვნა, მაგალითად, სამუშაო დღის ბოლო წუთს ახსენდება, ან მის შესრულებას არარეალურ ვადებში ითხოვს. აქ კი მნიშვნელოვანია, ვინ მოგმართავთ თხოვნით — მეგობარი, თანამშრომელი, უფროსი თუ საერთოდ უცნობი ადამიანი. თქვენ გონივრული გზა უნდა იპოვოთ, რათა არასასურველ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ.
შეაფასეთ ურთიერთობა
როგორ უპასუხოთ, ან საერთოდ უპასუხოთ თუ არა ინდივიდის თხოვნას, ეს მასთან არსებულ ურთიერთობაზე დიდად არის დამოკიდებული. კვლევით დადგინდა, რომ ორმხრივობას — თხოვნის შესრულებას იმ ადამიანისთვის, რომელმაც თქვენი თხოვნა უკვე შეასრულა, პირად ურთიერთობებზე უფრო ძლიერი გავლენა აქვს, ვიდრე საქმიანზე.
ხოლო ძალაუფლება, რაც შესაძლოა, ჰქონდეს უფროსს ან თქვენს დამკვეთს, თხოვნის შესასრულებლად უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ შეასრულებთ თუ არა, ეს მაინც თქვენზეა დამოკიდებული. რაც შეეხება ე. წ. ცივ მოთხოვნას, რომელსაც უცნობი ინდივიდისგან იღებთ, აქ სიტუაცია მეტად ხელსაყრელია და ანონიმურობა უარის თქმის მარტივ გზებს გთავაზობთ.
იყავით ცნობისმოყვარე
დასვით ბევრი კითხვა, რათა გაიგოთ, რა დგას კონკრეტული მოთხოვნის უკან. ამ გზით მის უკეთ დაკმაყოფილებასაც შეძლებთ. მაგალითად, თუ თქვენი უფროსი გეტყვით, რომ მთელი შაბათ-კვირა კონკრეტული პროექტის ანალიზს უნდა დაუთმოთ, ჰკითხეთ — რას მოელის ამ ანალიზისგან? ამ კითხვაზე პასუხის გაცემით, შესაძლოა, მიხვდეთ, რომ თქვენი უფროსი კონკრეტულ ინფორმაციას პროექტიდან ვერ მიიღებს და ამისთვის მას სხვა წყაროები დასჭირდება. ამგვარად, შაბათ-კვირის უფრო თავისუფლად გატარებასაც შეძლებთ.
აამაღლეთ ცოდნა ადამიანებში
ხშირად ადამიანებმა, რომლებიც თხოვნით მოგვმართავენ, არ იციან, რეალურად რამხელა ძალისხმევა სჭირდება მის შესრულებას, ან საერთოდ, შესაძლოა, არასწორი ინფორმაციაც ჰქონდეთ. ძირითადად ფიქრობენ, რომ ამას რამდენიმე დღე ან მაქსიმუმ კვირა დასჭირდება მაშინ, როცა სამუშაო ბევრად დიდ დროს მოითხოვს.
კარგი ლიდერი ამაზე შეკითხვას დასვამს, მაგრამ თუ ასე არ მოიქცევა, თავაზიანად უნდა გაუზიაროთ ეს ინფორმაცია და მისცეთ გონივრული არჩევანის გაკეთების საშუალება. შეგიძლიათ უთხრათ, რომ კონკრეტული სამუშაოს შესრულება ერთ კვირას მოითხოვს და ამ დროში თქვენ სხვა მნიშვნელოვან საკითხზე ვეღარ ფოკუსირდებით, აქ კი მას პრიორიტეტის მინიჭება უფრო მნიშვნელოვან საკითხზე მოუწევს.
ხოლო დამკვეთებს, რომლებიც ითხოვენ იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც თავდაპირველად პროექტში არ იყო გათვალისწინებული, თქვენ უნდა უთხრათ, რომ შეგიძლიათ დამატებითი სამუშაოს შესრულება და რადგან ეს თავდაპირველად არ იყო გათვლილი, დამატებითი თანხის შესახებაც მალევე მიაწვდით ინფორმაციას. ეს კვლავ ტაქტიკური სვლაა, დამკვეთს აწვდის კონკრეტულ ინფორმაციას და მას არჩევანის გაკეთების საშუალებასაც აძლევს. შესაძლოა, მსგავსი საუბარი თქვენთვის არც მარტივი იყოს, მაგრამ აქაც მთავარი გამოცდილებაა.
დაადგინეთ თქვენი საზღვრები
ისიც მართალია, რომ კონკრეტული თხოვნა ხშირად არ არის თანხვედრაში თქვენს ღირებულებებთან, გავლენა აქვს პირადი ცხოვრებისა და სამუშაოს ბალანსზე, თანასწორობაზე, ჯანმრთელობაზე, პროფესიონალიზმზე და ა. შ. აქ კი მნიშვნელოვანია, ზუსტად ჩამოაყალიბოთ თქვენი ღირებულებები, რითაც მიხვდებით, თუ რას უნდა მიანიჭოთ პრიორიტეტი, რა უნდა გააკეთოთ და რა არა, ან საერთოდ, გინდათ თუ არა კონკრეტულ სამსახურში მუშაობის გაგრძელება.
ეს თხოვნები სრულად შეუსაბამოც არის ხოლმე, მაგალითად, როცა უფროსი სხვისი პრეზენტაციის წარდგენას გთხოვთ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ინგლისურად უკეთ ლაპარაკობთ, ან როცა კლინიკაში ხართ და საქმის დასრულებას გთხოვენ. მსგავს შემთხვევებში უფრო თამამიც შეგიძლიათ იყოთ და შესაბამისი არგუმენტაციით თხოვნის შესრულებაზე უარი თქვათ.
შესთავაზეთ ალტერნატიული გადაწყვეტილებები
ხოლო, თუ, მაგალითად, უფროსი კონკრეტულ შეხვედრაზე დასწრებას გთხოვთ, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ინფორმაცია მიაწოდოთ, ამ დროს კი სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გაქვთ შესასრულებელი, შეგიძლიათ, შეხვედრაზე იმ ადამიანის გაგზავნა სთხოვოთ, რომელსაც ეს თავადვე დაეხმარება. შესაძლოა, ასეთი თქვენი ახალი თანამშრომელიც იყოს, რომლისთვისაც ეს კარგი გამოცდილებაც იქნება. მსგავსად, ორმხრივი სარგებლის მომტანი ალტერნატიული გზის შეთავაზებასაც მოახერხებთ.
აცნობეთ თუ როგორ უნდა მოიქცნენ
თუ მოთხოვნას დაუზუსტებელი დეტალები არაგონივრულს ხდის, შემდეგ ჯერზე დამკვეთს ან თქვენს უფროსს უთხარით, რომ ამ სამუშაოს შესასრულებლად კონკრეტული ინფორმაცია გჭირდებათ. ეს თქვენგან თავაზიანი გამოხმაურება იქნება და მომავალში ძალიან გამოგადგებათ. თუ საჭიროა, უთხარით, რომ შემდეგისთვის ინფორმაცია ერთი კვირით ადრე მოგაწოდოთ. ამასთან სთხოვეთ, რომ კონკრეტულ დღეს გადმოგიგზავნოთ. მსგავსი მიდგომით კი შაბათ-კვირას დამატებითი მუშაობის თავიდან აცილებასაც მოახერხებთ.
წყარო: HBR