როდესაც ხოსე გონსალესი მამა გახდა, გადაწყვიტა, თავისი გოგონასთვის საბავშვო წიგნები შეეძინა. ბევრი გამოცემის დათვალიერებისას იმედგაცრუება დაეუფლა, რადგან ილუსტრაციებზე ასახული პერსონაჟები ძალიან ჰგავდნენ მის ქალიშვილს. მართალია, ბევრ პოპულარულ საბავშვო წიგნში მთავარი გმირი თეთრი, ცისფერთვალება, ქერა გოგონაა, მაგრამ აღმოაჩინა წიგნები, რომლებშიც მთავარი პერსონაჟები ორრასიანი ბავშვები იყვნენ, ისეთები როგორიც მისი გოგონაა. თუმცა ამ შემთხვევაში ფოკუსი გადატანილი იყო მრავალფეროვნებაზე, როგორც საგანზე და არა თავად პერსონაჟზე, რომელსაც სურდა ასტრონავტობა და უბრალოდ ორრასიანი იყო.
„მსურს, ჩემმა ქალიშვილმა გაიაზროს, რომ მრავალფეროვნება მართლაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის მისი მთლიანი იდენტობა და რომ შეუძლია გახდეს ის, ვინც თავად უნდა“, — ამბობს გონსალესი.
სწორედ ამიტომ, 2023 წელს Amazon-ის ორ ყოფილ თანამშრომელთან ერთად დააარსა Naria, სტარტაპი, რომელიც ბავშვებსა და მათ მშობლებს საშუალებას აძლევს, გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი თავიანთი თავის, იდენტობის, შესაძლებლობების გამოსახატად და შექმნან წიგნები, რომელთა პერსონაჟების პროტოტიპები თავად იქნებიან. Naria-მ პოპულარობა მალევე მოიპოვა და პლატფორმაზე უკვე 100 000-ზე მეტი ამბავია განთავსებული. სტარტაპი ამჟამად iOS და Android აპლიკაციებზე მუშაობს.
Naria მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, აღწერონ მთავარი გმირები ან ატვირთონ რეალური ადამიანების ფოტოები ილუსტრაციების დასახატად და შემდეგ გამოიყენონ გენერაციული ხელოვნური ინტელექტი ფონისა და სიუჟეტის შესაქმნელად. ბავშვებს შეუძლიათ თავიანთი თავი წიგნის მთავარ გმირად აქციონ ან მოიფიქრონ სრულიად ახალი პერსონაჟები, ისტორიები და სამყაროები.
„როდესაც Naria-ზე დავიწყეთ მუშაობა, ვფიქრობდით, რომ AI-ს უნდა შეესრულებინა მთელი სამუშაო, მაგრამ ტესტირების დროს აღმოვაჩინეთ, რომ ბავშვებს ავტომატიზაცია კი არა სრულფასოვანი ჩართულობა სურთ. მკითხველი ბავშვების რიცხვი თანდათან მცირდება. მე კი ახლა ვხედავ შესაძლებლობას, პატარები აღფრთოვანდნენ წერის პროცესით, კითხვითა და შემოქმედებითი საქმიანობით“, — აღნიშნავს გონსალესი.
იმის ნაცვლად, რომ მთელი ამბავი ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით წარმოქმნილიყო, Naira-მ ბავშვებს საშუალება მისცა, თავიანთი ისტორიები სხვადასხვა გვერდზე ჩაემატებინათ. ამის გამო, Naira უფრო დამხმარე ინსტრუმენტია, ვიდრე შემსრულებელი. ასევე არსებობს იდეა, რომ ავტორებმა და ილუსტრატორებმა თავიანთი პერსონაჟები განათავსონ Naira-ზე და ბავშვებს ნება დართონ, გადააკეთონ ისინი. თავად კი კომპენსაციას მიიღებენ ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებისთვის.
მნიშვნელოვანი შეკითხვაა, როგორი რეაქცია ექნებათ წიგნის გამომცემლებს, თუ Naira წარმატებას მიაღწევს? შემქმნელები ამბობენ, რომ AI ვერ იმეორებს კრეატიულობის, მზრუნველობისა და ემოციის სიღრმეს, რასაც ავტორისა და ილუსტრატორის მიერ შექმნილ საბავშვო წიგნების გვერდებზე ნახავთ. იმედოვნებენ, რომ გამომცემლები არასდროს ჩაანაცვლებენ რეალურ მხატვრებს მანქანებით.