ნიუ-იორკში მდებარე დიზაინ-სტუდია Oxman-ის შოურუმში ოთხი აბრეშუმის მოსასხამია გამოფენილი. თითოეული მათგანი ერთიანი აბრეშუმის ქსოვილისგან არის მოქსოვილი, თუმცა მათი ფერი აბსოლუტურად არათანაბარია – მუქი – ინდიგო ქსოვილში გროვდება, შავი ჩრდილები სიღრმეებში იკარგება, ხოლო ლურჯი ზოლები უსწორმასწორო ხაზებად იშლება. ტრადიციული საწარმო ასეთ პროდუქტს წუნდებულად ჩათვლიდა და გადაყრიდა, თუმცა აქ ეს არათანაბრობაა მთავარი იდეა. ქსოვილზე არსებული ფერი შეღებვის შედეგი არ არის. ეს პროცესი ბუნებაში ხილის, ყვავილებისა და ცხოველების შეფერილობის წარმოქმნის მექანიზმს ბაძავს. მოსასხამების ტონალობები 24 საათის განმავლობაში, მილიარდობით გენმოდიფიცირებული E. coli ბაქტერიის მიერ უშუალოდ მასალაში გაიზარდა.
ლაბორატორია, რომელიც ბუნებასთან თანამშრომლობს
პროექტი სახელწოდებით Vigils MIT Media Lab-ის ყოფილმა პროფესორმა, ნერი ოქსმანმა წარადგინა. საქმე ისაა, რომ ქსოვილების შეღებვა და დამუშავება გლობალური ინდუსტრიული წყლის დაბინძურების 20%-ს შეადგენს, რაც ოკეანეში ჩაღვრილ ტრილიონობით გალონ დაბინძურებულ წყალს უდრის. Oxman პროცესს ფუნდამენტურად გარდაქმნის – საღებავებსა და ქსოვილებს ცოცხალ ორგანიზმებად განიხილავს, რომელთა გაზრდაც შესაძლებელია.
ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ, ოქსმანმა ახალი სტუდია ჰელს-კიჩენში გახსნა, სადაც თავის მეუღლესთან, ჰეჯ-ფონდ Pershing Square-ის დამფუძნებელ ბილ აკმანთან ერთად, 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო. სტუდიაში ორ ათეულზე მეტი მკვლევარი ინჟინერიის, მონაცემთა მეცნიერების, ბიოტექნოლოგიისა და დიზაინის მიჯნაზე მუშაობს. მათ მთავარ მისიას ბუნებისცენტრულობა წარმოადგენს – ბუნების აღქმა არა გამოსაყენებელ რესურსად, არამედ თანაავტორად.
როგორ იზრდება ფერი ქსოვილზე
Vigils-ის პროექტამდე სტუდიამ შექმნა O° – ბაქტერიების მიერ წარმოებული PHA ბიოდეგრადირებადი პლასტმასისგან დამზადებული ფეხსაცმელი, რომელიც ნიადაგსა თუ ზღვის წყალში რამდენიმე კვირაში იშლება. სწორედ ამ პროექტზე მუშაობისას გაჩნდა პიგმენტაციის ახალი იდეაც.
სინთეზურ ბიოლოგიაში ბაქტერია მთავარი ინსტრუმენტია. გენეტიკური კოდის დაპროგრამებით შესაძლებელია მიკრობმა ორი ტიპის პიგმენტი წარმოქმნას – ინდიგო და მელანინი. ეს სწორედ ის მოლეკულებია, რომლებიც ჯინსის ლურჯ ფერსა თუ თმისა და კანის მუქ ტონალობებს განსაზღვრავს. ბუნებაში ფერი ზედაპირულად კი არ ისმება, არამედ შიგნიდან გარეთ ვითარდება – უჯრედები თავად საზღვრავენ საკუთარ პოზიციას და შესაბამის პიგმენტს გამომუშავებენ. ამ ლოგიკით, Oxman-ის გუნდი ქსოვილის ბოჭკოებს სპეციალური ქიმიური ნივთიერებით ფარავს, რომელსაც ბაქტერიები აღქვამენ. მთლიან სამოსზე ბაქტერიული კულტურის შესხურების შემდეგ, პიგმენტი მხოლოდ იმ ადგილებში ჩნდება, სადაც დამუშავებული ბოჭკოებია დაქსოვილი, რაც მასალაზე უნიკალური ორნამენტების შექმნის საშუალებას იძლევა.
პროცესის წარმატებისთვის გადამწყვეტია ქსოვილის ტექსტურაც. აბრეშუმის მოსასხამები ინდუსტრიულ 3D დანადგარზე ქსოვება ისეთი ბოჭკოებისგან, რომელთა ზომაც ბაქტერიების მასშტაბს ემთხვევა, რაც მიკრობებისთვის თავისებურ საყრდენს ქმნის.
მიზანია ფერის მიღება უშუალოდ მასალაზე გაზრდით, რაც ინარჩუნებს ბუნებრივ ვარიაციებსა და უთანაბრობას, რომლის მიღწევაც ინდუსტრიული მეთოდებით შეუძლებელია.
წყარო: Fastcompany












