24
Jun
2016

როგორ არ დავეთანხმოთ ჩვენზე გავლენიან ადამიანს?

24 Jun 2016

mar16-17-139554614-1024x576

statiebi-bog
statiebi-bog

თქვენი ხელმძღვანელი ისეთი ახალი ინიციატივით გამოდის, რომელიც თქვენი აზრით არ გაამართლებს. თქვენი უფროსი კოლეგა პროექტის ისეთ განრიგს ადგენს, რომელიც არარეალურად გეჩვენებათ. რას ამბობთ, როცა ისეთ ვინმეს არ ეთანხმებით, რომელსაც თქვენზე მეტი ძალაუფლება აქვს? როგორ წყვეტთ, ღირს თუ არა თქვენი აზრის ხმამაღლა გამოთქმა? და თუ გადაწყვეტთ, კონკრეტულად რა უნდა თქვათ?

რას ამბობენ ექსპერტები?

ხელმძღვანელთან შეკამათებისგან თავის შეკავება ბუნებრივი რეაქციაა. ჯოზეფ გრენის, „გადამწყვეტი საუბრის“ თანაავტორის და VitalSmarts-ის. კორპორაციული ტრენინგ-კომპანიის დამფუძნებლის თქმით, „ჩვენი ორგანიზმი გადარჩენისკენაა მიმართული, შესაბამისად, ჩვენთვის პოტენციურად საზიანო სიტუაციის თავიდან არიდებისადმი ბუნებრივი მიდრეკილება გვაქვს“. „კომუნიკაციის მარცხის“ ავტორი, ჰოლი უიკსი კი აღნიშნავს, რომ „უარყოფით შედეგებზე მუდამ ვღელავთ“. სანამ რამეს მოვიმოქმედებთ, ვფიქრობთ: „მას არ მოვეწონები“, „იფიქრებს, რომ ზედმეტი თავის ტკივილი ვარ“, ან სულაც – „გამაგდებენ“. მიუხედავად იმისა, რომ ბევრად ადვილია უბრალო დაეთანხმო, ეს სულაც არ არის ყოველთვის სწორი ნაბიჯი. წარმოგიდგენთ რჩევებს, რომლებიც თქვენზე გავლენიანი ადამიანის შეწინააღმდეგებაში დაგეხმარებათ.

სწორად განსაზღვრეთ რისკები

ადამიანების უმრავლესობა აზრის გამოთქმასთან დაკავშირებულ რისკების გადაფასებას ახდენს. „ყველაზე მძიმე სურათის წარმოდგენისკენ ბუნებრივად მივილტვით“, აღნიშნავს გრენი. დიახ, თქვენს კოლეგას შესაძლოა გაუკვირდეს და თავიდან უარყოფითი განწყობით შეგხვდეთ. მაგრამ, მეტად სავარაუდოა, რომ თქვენ არც სამსახურიდან დაგითხოვენ და არც მის მტრად გადაიქცევით. გრენი თავდაპირველად „არ თქმის რისკების“ განსაზღვრას გირჩევთ – შესაძლოა პროექტი ჩაფლავდეს და თქვენც თქვენი გუნდის ნდობა დაკარგოთ. ამის შემდეგ კი სასწორზე მოქმედების რეალისტური პოტენციური შედეგები დადეთ.

გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა მოცდა

რისკების შეფასების შემდეგ შესაძლოა, გადაწყვიტოთ, რომ თქვენი აზრის დაფიქსირებისგან დროებით თავის შეკავება სჯობს. „იქნებ პრობლემაზე ფიქრს ცოტა მეტი დრო უნდა დაუთმოთ, ან ეს განხილვა თქვენთვის სიურპრიზი იყო, ან სულაც თქვენი გუნდის პოზიციის გარკვევა გსურთ“, ამბობს უიკსი. „თუ გგონიათ, რომ სხვებიც არ დაეთანხმებიან გადაწყვეტილებას, შესაძლოა, თავდაპირველად

თანამოაზრეების შემოკრება დაგჭირდეთ. ისინი გარკვეულ ინფორმაციას და გამოცდილებას გაგიზიარებენ, რაც თქვენს აზრს სიძლიერეს და მეტ ფასს შესძენს“. ასევე აჯობებს, თუ საუბარს მაშინაც გადადებთ, როცა კრებაზე ან სხვა საზოგადოებრივ სივრცეში იმყოფებით. საკითხის პრივატულად განხილვით თქვენი მოპასუხე ნაკლებ საფრთხეს იგრძნობს.

განსაზღვრეთ საერთო მიზანი

სანამ თქვენს აზრებს გაუზიარებდეთ, დაფიქრდით, რა ინტერესი აქვს თქვენს მოპასუხეს – ეს შეიძლება „მისი გუნდის საიმედოობა ან პროექტის დროულად დასრულება იყოს“, ამბობს გრენი. თქვენს ნათქვამს უფრო მეტად გაითვალისწინებენ, თუ თქვენს აზრს „მაღალ მიზნებს“ დაუკავშირებთ. როცა სათქმელს იტყვით, ნუ ჩათვლით, რომ კავშირი ისედაც ნათელია. ამ თემაზე გაცილებით ღიად უნდა ისაუბროთ და თქვენი განცხადებები მთლიან კონტექსტში მოაქციოთ, რაც საშუალებას მოგცემთ ნაკლებად ანტაგონისტურად და საერთო მიზანზე მეტად ორიენტირებულ კოლეგად აღიქმებოდეთ. ეს დიკუსია კი „ბოქსზე მეტად ჭადრაკს დაემსგავსება“, აღნიშნავს უიკსი.

„ნება მიბოძეთ, არ დაგეთანხმოთ“

ეს ნაბიჯი მეტად მოკრძალებულად შეიძლება აღიქვათ, მაგრამ გრენის მიხედვით, ეს გავლენიანი ადამიანისთვის „ფსიქოლოგიური უსაფრთხოების“ და კონტროლის შექმნის საუკეთესო გზაა. შეგიძლიათ თქვათ: „ვიცი, რომ პირველი კვარტალის ვალდებულებების შესრულებისკენ მივდივართ. მაქვს მიზეზი ვიფიქრო, რომ ეს არ იმუშავებს. წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, თუ ჩემს აზრს გაგანდობთ?“ ასეთი მიდგომა ადამიანს არჩევნის საშუალებას აძლევს. და თუ ჩავთვლით, რომ დაგეთანხმებიან ეს თქვენი ოპოზიციური აზრის გაჟღერებისთვის მეტ თავდაჯერებულობას შეგძენთ.

იყავით მშვიდი

შეიძლება ნერვიულობისგან გული ამოგივარდეთ, ან გაწითლდეთ, მაგრამ ყველანაირად ეცადეთ, რომ თქვენი სიტყვებიც და ქცევებიც ნეიტრალური იყოს. უიკსის თქმით, როცა თქვენი სხეულის ენა ზიზღს ან მღელვარებას გამოხატავს, თქვენს გზავნილს მთლიანად ეკარგება ფასი. „თქვენი გზავნილი ორაზროვანი ხდება და თქვენს მოპასუხეს იმაზე ფიქრი უწევს, თუ რომელი დაიჯეროს“. ღრმად სუნთქვა ძალიან დაგეხმარებათ, ისევე როგორც მოზომილი და ნელი საუბარი. „როცა პანიკის შემოტევას ვგრძნობთ, ხმამაღლა და სწრაფად ვლაპარაკობთ. რა თქმა უნდა, ჩურჩული არ არის საჭირო, მაგრამ უბრალოდ ტემპის შენელება და თანაბარ ტონში საუბარი მოპასუხის და თქვენს დამშვიდებას შეუწყობს ხელს“, ამბობს გრენი. დამატებითი სარგებელი: თქვენ თავდაჯერებული გამოჩნდებით, იმისდა მიუხედავად, გრძნობთ თუ არა თავს ამგვარად.

ხაზი გაუსვით საწყის წერტილს

შემდეგი ნაბიჯი მოპასუხის ხედვის არტიკულაციაა. რა არის ის აზრი, ხედვა, ან შემოთავაზება, რასაც არ ეთანხმებით? ამის თქვენს მოპასუხეზე ნათლად ჩამოყალიბება დისკუსიის მყარ საფუძველს ქმნის. „მეორე მხარემ უნდა თქვას: ‘კარგად ესმის, რასაც ვამბობ’. დამატებითი კონფლიქტი იმაზე, ნამდვილად სწორად აღიქვით თუ არა მისი აზრი, სულაც არ გჭირდებათ“, აღნიშნავს უიკსი,

არ განსაჯოთ

როცა თქვენი შენიშვნების გამოთქმას დაიწყებთ, ყველა სიტყვა მოზომეთ. გრენის თქმით, თავი აარიდეთ ისეთ „განმსჯელ სიტყვებს“, როგორებიცაა „წინდაუხედავი“, „სულელური“, „ნაჩქარევი“, რამაც შესაძლოა თქვენი კოლეგა გაანაწყენოს; ერთ-ერთი რჩევა სასაუბრო ლექსიკონიდან ყველანაირი ზედსართავი სახელის ამოღებაა, რადგან შესაძლოა არასწორად გაგიგონ, ან სულაც საკუთარ თავზე მიიღონ. ისაუბრეთ მხოლოდ ფაქტებზე. მაგალითისთვის, ნაცვლად იმისა, რომ თქვათ „ვფიქრობ, პირველი კვარტალის ვადა ნაივურია“, შეგიძლიათ აღნიშნოთ – „ამის მსგავსი ოთხი პროექტი ადრეც განვახორციელეთ, და მხოლოდ ორი მათგანი შესრულდა ასეთ პერიოდში. მაგრამ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქმე სხვა გარემოებებთან გვქონდა“. უიკსი გვირჩევს ნეიტრალურობა და ფოკუსი შევინარჩუნოთ: „შეეშვით მოთამაშეებს და მეტი ყურადღება თავად პრობლემაზე გადაიტანეთ“.

იყავით თავმდაბალი

გაზი გაუსვით, რომ თქვენს აზრს გამოთქვამთ და არა „ბიბლიურ ჭეშმარიტებას“. გრენის თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ თქვენი აზრი სიტუაციურ ანალიზს და კვლევას შეიძლება ეფუძნებოდეს, ის მაინც აზრია. შესაბამისად გამოთქვით ვარაუდი და თქვენი თავდაჯერებულობა ოდნავ შეამცირეთ“. ნაცვლად იმისა, რომ თქვათ – „საბოლოო ვადად კვარტლის ბოლოს დაწესებით ვერაფერს მივაღწევთ“, აღნიშნეთ – „ეს მხოლოდ ჩემი აზრია, მაგრამ ვერ ვხვდები, როგორ ჩავეტევით ვადებში“. უიკსი მიმართულების მიმცემი ფრაზების დამატებას გვირჩევს – „ხმამაღლა ვფიქრობ“. ეს ნაბიჯი დიალოგის საშუალებას მოგცემთ. თქვენი პოზიციის ხაზგასმა (როგორც პოზიციის და არა ურყევი ფაქტის), გამოხატავს თქვენს ინტერესს სხვისი ხედვების მიმართ. აუცილებლად შეახსენეთ მოპასუხეს, რომ ეს თქვენი აზრია და შემდეგ კი სთხოვეთ მისეული ხედვა გაგანდოთ. უიკსი გვირჩევს ვთქვათ: „მითხარით, სად ვცდები“. გულწრფელად ღია იყავით სხვისი აზრების მიმართ.

გააცნობიერეთ მათი ავტორიტეტი

საბოლოო ჯამში, სწორედ მეტი ძალაუფლების მქონე ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას – გააცნოებიერეთ ეს. შეიძლება აღნიშნოთ, „ვიცი, რომ თქვენ უნდა

გადაწყვიტოთ“. ეს არა მხოლოდ იმას უსვამს ხაზს, რომ მშვენივრად იცით თქვენი ადგილი, არამედ შეახსენებს კიდეც მათ არჩევნის შესაძლებლობის არსებობას. ამის მერე, თქვენს აზრს ნუ მიუბრუნდებით და ნურც არაგულწრფელ შეფასებას მისცემთ. უიკსის თქმით, „თქვენ მიმართ პატივისცემის გამყარებასთან ერთად, მოპასუხისადმი პატივისცემაც უნდა გამოხატოთ“.

დაიმახსოვრეთ

რა გავაკეთოთ:

  •  აღნიშნეთ, რომ სხვაგვარად ფიქრობთ და იკითხეთ, შეგიძლიათ თუ არა თქვენი აზრის გახმოვანება.
  • ხელახლა ჩამოაყალიბეთ გაჟღერებული ხედვა ან გადაწყვეტილება, რაც თქვენ მიერ მის სრულად გააზრებას გაუსვამს ხაზს.
  • ისაუბრეთ ნელა – ერთი და იმავე ტონში საუბარი თქვენც და თქვენს მოპასუხესაც დაამშვიდებს.

რა არ გავაკეთოთ:

  •  არ იფიქროთ, რომ საწინააღმდეგო აზრის გამოხატვა თქვენს ურთერთობას ან კარიერას დააზიანებს – ხშირად შედეგები იმაზე ნაკლებად დრამატულია, ვიდრე თქვენ თავდაპირველად აღიქვამთ.
  • თქვენი აზრი ფაქტი არ არის; უბრალოდ გამოხატეთ თქვენი ხედვა და მზად იყავით დიალოგისთვის.
  • არ გამოიყენოთ ისეთი განმსჯელი სიტყვები, როგორიცაა: „წინდაუხედავი“, „სულელური“, „არასწორი“, რაც თქვენს მოპასუხეს გააღიზიანებს ან გაანაწყენებს.

თეორია პრაქტიკაში #1: გამოხატეთ იდეის პატივისცემა

ვიქტორ ჩიუ, Centaria Properties-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი ფიქრობდა, რომ მისი ხელმძღვანელი პატრიკი წინდაუხედავ გადაწყვეტილებას იღებდა. კანადური ნავთობის დაბალმა ფასებმა უძრავ ქონებაზე მუშაობისთვის ხელსაყრელი გარემო შექმნა. პატრიკის აზრით, კომპანიას აუცილებლად უნდა შეეძინა მიწის ნაკვეთი ალბერტაში, რომელზეც მოქმედი საწყობი იდგა. ვიქტორის თქმით, „ალბერტას ეკონომიკა ჯერ მხოლოდ ახლა იწყებდა ვარდნას. ნავთობის ფასი $45 იყო ბარელზე და ისევ დაბლა იწევდა. სტაბილიზაციის არანაირი ნიშანი არ იკვეთებოდა“. ღელავდა, რომ კომპანია ამ შენაძენით წაგებაზე წავიდოდა და შესაბამისად თავისი აზრის გამოთქმა გადაწყვიტა.

ვიქტორი ხელმძღვანელს ჩვეულებრივი ინტონაციით დაელაპარაკა და პატრიკს შემოთავაზებაზე კიდევ ერთხელ დაფიქრება სთხოვა: „ვფიქრობ, კარგი აზრია, მაგრამ

რამდენადაც ნავთობის ფასი ისევ ეცემა და გაჩერებას არ აპირებს, შესაძლოა უახლოეს მომავალში ბევრად დიდი და უკეთესი შესაძლებლობები გამოჩნდეს“. კარგად იცოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო პატრიკისადმი და მისი აზრისადმი პატივისცემის გამოხატვა და კომპანიისადმი საკუთარი კეთილი ზრახვების ხაზგასმა. ხედვაც გაანდო: „მოდით, სანამ პედალს დავაწვებით, ცოტა დავიცადოთ და იქნებ უკეთესი შემოთავაზებაც გამოჩნდეს“.

„როცა თქვენზე მეტი გავლენის მქონე ადამიანს არ ეთანხმებით, აუცილებლად უნდა გქონდეთ შეწინააღმდეგების კონსტრუქციული მიზეზი. ჩემს შემთხვევაში, მიზეზი დრო იყო“, ამბობს ვიქტორი. პატრიკს სულაც არ სწყენია და ვიქტორის დასაბუთებითაც დაინტერესდა. საბოლოო ჯამში კი ინვესტიციისგან თავის შეკავება ამჯობინა.

თეორია პრაქტიკაში #2: ისაუბრეთ კომპანიაზე და არა თქვენზე

მაიკ მაკრიტჩს, საკონსულტაციო კომპანია Critical Path Action-ის მფლობელსაც აქვს მსგავსი გამოცდილება.

წინა პოზიციაზე, როდესაც მცირე საკონსულტაციო ბიზნესის ოპერაციების დირექტორი იყო, კომპანიის დამფუძნებლის ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას არ იზიარებდა. ხელმძღვანელს სადაზღვეო პაკეტის შერჩევაში თანამშრომლების ჩართვაც სურდა მათი გამოკითხვის გზით. მაგრამ, „როგორც ლიდერი ვფიქრობდი, რომ თანამშრომლებზე დელეგირების ნაცვლად, ეს გადაწყვეტილება მე უნდა მიმეღო“, ამბობს მაიკი. „უკუკავშირის მომხრე ვარ, მაგრამ როცა საქმე რთულ გადაწყვეტილებას ეხება, პასუხისმგებლობის თანამშრომლებზე გადატანა არასწორად მიმაჩნია“.

მაიკმა თავისი აზრის გაზიარება კომპანიისადმი ერთგულების ხაზგასმით გადაწყვიტა. ასევე დარწმუნდა, რომ მისი სხეულის ენა საწინააღმდეგოს არ ამტკიცებდა. მისმა ხელმძღვანელმა თავდაპირველად ყველაფერი მძიმედ მიიღო. მაიკის ასეთი ღია დაპირისპირება მის ხასიათს არ გავდა. მაგრამ, ისიც კარგად დაინახა, რომ მაიკი კომპანიაზე, ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებზე ზრუნავდა და არანაირი პირადი განზრახვა არ ამოძრავებდა.

დამფუძნებელმა უკუაგდო თანამშრომლების გამოკითხვის აზრი და მაიკს დღემდე პატივს სცემს. „თუ თქვენის ნაცვლად კომპანიის ინტერესებს იცავთ, გამარჯვებისთვის მეტი შანსი გეძლევათ“, აღნიშნავს მაიკი.

წყარო: Harvard Business Review

web-rubrikis-sponsori-150dpi-01



განხილვა