
ნებისყოფა თანდაყოლილი ნიჭი არ არის. მისი განვითარება თავადაც შეგიძლიათ, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მძიმე გადაწყვეტილებებს იღებთ.
წარმატება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. ინტელექტი, გამოცდილება, ნიჭი, განათლება – ყველაფერი ეს თავის როლს თამაშობს. მაგრამ ხშირად წარმატებას მარცხისგან მხოლოდ და მხოლოდ შეუპოვრობა ჰყოფს. განაგრძბთ სვლას და წარმატების შანსი ისევ გექნებათ; შეჩერდებით და წარმატებაც გაქრება.
როცა წინსვლა ასე რთულად გვეჩვენება და მიზანი ასე შორს ჩანს, როგორ გავუმკლავდეთ ჩვენს ეჭვებს, რაც მოტივაციას და ნებისყოფას გვიკლავს?
პირველ რიგში, გაითავისეთ, რომ ეჭვი პროცესის ბუნებრივი ნაწილია.
ალბათ გსმენიათ რეალითი შოუს „შერჩევა: სპეც-ოპერაციის ექსპერიმენტი“ შესახებ, რომელიც ხუთშაბათობით History-ზე გადის (მისი ნახვა ამ ბმულზეც შეგიძლიათ). ოცდაათი სამხედრო გამოცდილების არმქონე ადამიანი ექსტრემალური ფიზიკური და ფსიქოლოგიური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება; მათი ინსტრუქტორები შეერთებული შტატების სხვადასხვა სპეც. დანაყოფის – საზღვაო ქვეითების, სპეც. დანიშნულების ძალების მწვანე ბერეტები და რეინჯერების არმიის ვეტერანები არიან.
არცთუ დიდი ხნის წინ ერთ-ერთ ინსტრუქტორთან, საზღვაო ქვეითების ვეტერანთან რეი ქეართან შეუპოვრობაზე, სწორი განწყობის შემუშავებასა და თვით-შეზღუდვების თემაზე ვესაუბრე. შემდეგ კი, რეინჯერების არმიელ ტაილერ გრეისთან ადაპტაციის, დამოკიდებულების, ფსიქოლოგიური სიმტკიცის და ცხოვრებაში ფინალური ხაზის არ არსებობის თემა განვიხილე. და ბოლოს, სწორედ იმიტომ, რომ ჭკვიანი ადამიანის რჩევა ზედმეტი არასოდესაა, საზღვაო ქვეითს შონ ჰაგერტს ეჭვის დაძლევასა და ბიზნესსა და ცხოვრებაში ამ უნარის აუცილებლობაზე ჩამოვართვი ინტერვიუ.
როგორც აღნიშნეთ, თქვენი წვრთნებისას მუდამ გეპარებოდათ ეჭვი საკუთარ თავში. როგორ გადალახეთ ეს დრო?
საკუთარ თავში დაეჭვებას მარცხის მიღებაში ნუ აურევთ.
რაღაც რთულის შესრულებისას ყველა ჩვენგანი ფიქრობს შეძლებს თუ არა მიზნის მიღწევას. ეს ნორმალურია.
ყველაზე კარგი, რისი გაკეთებაც შემეძლო, ჩემი მტკიცე გადაწყვეტილება იყო, რომ საკუთარ თავში დაეჭვების შემთხვევაშიც კი, საქმეს ბოლომდე მივიყვანდი. ჩემს თავს ვუთხარი, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, მაინც არ შევეშვებოდი ჩემს მიზანს. საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი უამრავჯერ შემიტანია, მაგრამ ამ დროს ვფიქრობდი: „თუ დავმარცხდები, დავმარცხდები… მაგრამ, არასოდეს დავნებდები“.
ეს დამოკიდებულება იმ ლიმიტის მიღმა გწევთ, რომელსაც თქვენვე უწესებთ საკუთარ თავს. მაგრამ სინამდვილეში ეს ლიმიტი არც არსებობს.
ერთ-ერთ ეპიზოდში ჯგუფს 1000 ბუქნის გაკეთება მოსთხოვეთ. ბუქნებს ყველა აკეთებს, შესაბამისად უნარის არ ქონით თავს ვერავინ გაიმართლებდა. ეს ფსიქოლოგიური გამოწვევა იყო: „დავნებდები თუ არა?“
მართალი ბრძანდებით. ბუქნები მარტივია. მენდეთ, არც თუ ბევრი რამ გამომდის კარგად, თუმცა ბუქნები ნამდვილად არ არის მათ რიცხვში. ეს ადამიანების მათთვის არაკომფორტული დავალების შესრულებისკენ მიმართვის ნამდვილად კარგი მაგალითია. არც კი ვიცნობ ვინმეს, ვისაც მთელი დღე შეუძლია ბუქნები აკეთოს.
ამ ეპიზოდის გაკვეთილი მარტივია: ინტენსიალური გამძლეობა. მართლაც, ეს მთელი შოუს ლაიტმოტივია: არ გაჩერდე! განაგრძე. სულერთია, რამდენად რთულად გეჩვენება, მოიფიქრე, როგორ განაგრძო.
შემიძლია დანამდვილებით, გითხრათ, რომ ყველა მას, ვინც მაშინ ქვიშაში ბუქნებს აკეთებდა, საკუთარ შესაძლებლობებში არაერთხელ შეეპარა ეჭვი. წინასწარ არ გვითქვამს, თუ რამდენი ბუქნის გაკეთება მოუწევდათ. როცა არ იცით ფინალური ხაზი სად არის, ვერც კი ხვდებით, როდის უნდა დაამთავროთ.
გასაგებია, რომ, საკუთარ თავში ეჭვის შეტანა ნორმალურია. მაგრამ საკუთარი თავის არასათანადო შეფასება, ნამდვილად არ არის კარგი. ეჭვი არ ნიშნავს, რომ რამეს ვერ აკეთებთ, ან არ გააკეთებთ – საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა მხოლოდ იმის ნიშანია, რომ წინსვლის გზა უნდა იპოვოთ.
რომ იცოდეთ, იმ 1000 ბუქნზე მეტიც შევასრულეთ.
როგორ ახერხებთ ამ დამოკიდებულების სხვა ადამიანებში ჩამოყალიბებას?
ერთ-ერთი ხერხი მაგალითის მიცემაა. სულერთია, მცირე გუნდს ხელმძღვანელობთ, დიდს, თუ ისეთს, რომელთანაც უკვე დიდი ხანია რაც მუშაობთ, თავდაუზოგავი ძალისხმევა და საკუთარი მაგალითის მეშვეობით მართვა შედეგს ყოველთვის გამოიღებს.
სიტყვებს მხოლოდ კონკრეტული სიტუაციის, საგნის აღწერა შეუძლია. მოქმედება კი ნათქვამის შესრულებისკენ მიგვმართავს. როცა თქვენი ან თქვენი გუნდის მოქმედებას აკვირდებით, დარწმუნდით, რომ თქვენი შეფასება სწორედ მოქმედებით არის გამყარებული. ყოველთვის დააკვირდით, თუ რას აკეთებთ თქვენ და თქვენი გუნდი, რადგან მოქმედება სიტყვებზე მეტს ნიშნავს.
მეორე, რაც ამ საკითხში გადამწყვეტ როლს თამაშობს, იმის გათვალისწინებაა, რომ მიუხედავად თქვენი ლიდერის როლისა, მენტორი თქვენც გჭირდებათ. ზღვაოსნებში მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტებთან გვიწევს მუშაობა, რაც ჩვენს მუდმივ ფორმაში ყოფნას განაპირობებს.
„შერჩევაში“ რეინჯერებთან, მწვანე ბერეტიანებთან და სხვა ზღვაოსნებთან მუშაობამ ბევრი რამ მასწავლა, რაც მათი სხვადასხვა კუთხის გამოცდილების დამსახურებაა. თავადვე შექმნილი საზღვრების გაფართოება მთელი ცხოვრება გრძელდება. ასეა სწავლის პროცესიც.
სხვა ვეტერანებთან ერთად ლუდის წარმოებას იწყებთ. როგორ გეხმარებათ ნებისყოფა მეწარმეობაში?
როცა ჯარს თავს ვანებებდი, ვიცოდი, რომ მეწარმე გავხდებოდი. სტარტაპი სწორედ ასეთივე ქაოსის გზით ვითარდება: რთული, კომპლექსური პრობლემების გადასაჭრელად ინოვაციური გადაწყვეტილებები უნდა გამოიგონოთ. საკუთარ თავთან ყოველდღიური ბრძოლა გიწევთ… და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული იმ მოტივაციის და ნებისყოფის გამონახვა, რაც თქვენს წინსვლას შეუწყობს ხელს.
სულერთია, რის გაკეთებას ცდილობთ, მოტივაცია თქვენგან უნდა მოდიოდეს. საკუთარ თავში უნდა ჩაიხედოთ. სვლა უნდა განაგრძოთ ნებისმიერი სირთულის და დაბრკოლების მიუხედავად.
სწორედ ასე იქცევიან წარმატებული ადამიანები – შეიძლება ჰქონდეთ ეჭვები, მაგრამ სიარულს მაინც განაგრძობენ.
წყარო: Inc.












