აქ, ალბათ, საინტერესო გამხსნელი „ჰუკი“ უნდა იყოს, რომელიც შემდეგ, მთელი სტატიის კითხვის სურვილს აღგიძრავთ. სწორედ იმ ადამიანების შეკრებაზე უნდა მოგიყვეთ, რომლებმაც ამ სიტყვის მნიშვნელობაც და მისი ეფექტურად გამოყენებაც ძალიან კარგად იციან. 7 დეკემბერს, ქართველი კრეატორები რედისონ ბლუ ივერიაში, Creators Summit 2025-ზე შეიკრიბნენ. YouTube-ერები, Instagram-ერები და TikTok-ერები, ისინი, ვისაც ძალიან ხშირად უყურებთ-ხოლმე – გიორგი დანელია, რეზი ხუნწელია, h1ta, Foxy Eleniko, ლევან ქუმსიშვილი, გიორგი ხაჟალია, საეჭვო კაცი, ლაშა გელაშვილი, გიგი ქათამაძე, Human Kako და გიორგი კალატოზი. კრეატორთა სამიტის სპეციალური სტუმარი იყო YouTube პროექტ Sidemen-ის ვიდეო ედითორი ტომი ლი, რომელმაც პროექტზე მუშაობის ყველაზე ინსაითები გაგვიზიარა.
კრეატორებისვე ტერმინებით რომ ვისაუბროთ, გუშინდელი ღონისძიება YouTube ვიდეო რომ ყოფილიყო, ალბათ ყველაზე მაღალი retention rate ექნებოდა.

თუ გაინტერესებთ, საით მიჰყავთ კრეატორებს ქართული კონტენტი და რა ხდებოდა პანელურ დისკუსიებზე, გამოგვყევით სტატიის ბოლომდე.
სამიტის მთავარი გზავნილი მარტივი და მკაფიო იყო: დროა, კრეატორების საქმიანობას შევხედოთ არა როგორც გართობას, არამედ როგორც სერიოზულ ეკონომიკურ ძალას. Creators Summit იქცა სივრცედ, სადაც ინდუსტრიისთვის დამახასიათებელი არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები განიხილეს – მონეტიზაციით დაწყებული, ბრენდებთან სწორი კომუნიკაციით დამთავრებული. თავად ფორმატი კი, კრეატორებისთვის დამახასიათებელი – შინაარსიანი, მსუბუქი და იუმორით სავსე. კრეატორები სცენიდან საუბრობდნენ ბიზნესის სფეროსთან თანამშრომლობის ინსაითებზე, შემდეგ, „მრგვალი მაგიდა“ ბიზნესის წარმომადგენლებს დაეთმოთ, ნინუცა ოქროპირიძეს (საქართველოს ბანკი), ანი ტუღუშს (პსპ) და ქეთა ქარჩავას (სეტანტა) რომლებმაც აკო ახალაიასთან ერთად, ბიზნესის პერსპექტივიდან გააზიარეს მოსაზრებები და კრეატორების კითხვებს უპასუხეს.

სამიტი ამომწურავად შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა ტექნიკური შესაძლებლობები, კრეატიული „ხრიკები“, ყურადღების ეკონომიკა, ბიზნესებთან კომერციული ურთიერთობა, კონტენტის დაგეგმვისა და არხის წარმატებულად განვითარების ახლებური გზები. ღონისძიება კულმინაციიდან კულმინაციაზე გადადიოდა, უფრო და უფრო მძაფრდებოდა ინტერესი და საკითხებიც სულ უფრო ფართოდ იშლებოდა. მოდით, მოკლედ მიმოვიხილოთ ზოგიერთი საკითხი, რის ცოდნაც თქვენი კონტენტის გაუმჯობესებაში შეიძლება დაგეხმაროთ.

ინტუიცია კარგია, მაგრამ მონაცემები – უკეთესი
იუთუბერების მარადიული დილემა – რომელი „ქავერი“ უფრო იქცევს ყურადღებას? – დასრულდა. სამიტზე განიხილეს YouTube-ის ახალი ფუნქცია “Test and Compare”. თუ აქამდე ინტუიტურად გიწევდათ გაგეგოთ, ახლა შეგიძლიათ ერთდროულად ატვირთოთ სამი სხვადასხვა თამბნეილი. ალგორითმი მათ სხვადასხვა აუდიტორიას აჩვენებს და ბოლოს, „გამარჯვებულს“ თავად დაგიტოვებთ.
AI დაბინგი და ლიფსინქი
ყველაზე ფუტურისტული სიახლე, რაც გაჟღერდა, „უნივერსალური თარჯიმნის“ ფუნქციაა. YouTube ტესტავს ტექნოლოგიას, სადაც არამხოლოდ ხმის დუბლირება ხდება სხვა ენაზე ავტომატურად, არამედ Lip Sync (ტუჩების მოძრაობის სინქრონიზაცია).
წარმოიდგინეთ: ვიდეოს წერთ ქართულად, მაგრამ მაყურებელი ბრაზილიაში მას პორტუგალიურად ისმენს და თქვენი ტუჩებიც პორტუგალიური სიტყვების შესაბამისად მოძრაობს. ეს ფუნქცია კრეატორებისთვის გლობალურ ბაზარზე გასვლის ახალ კარს ხსნის.
„არ სქროლო“ და ჰუკების ევოლუცია
პანელურ დისკუსიაზე ერთ-ერთი მთავარი თემა ე.წ. ჰუკი (Hook) იყო. კრეატორებმა აღნიშნეს, რომ მიდგომა, როგორიცაა „გაჩერდი, არ გადაახვიო“, უკვე აღარ მუშაობს და მაყურებელს აღიზიანებს.
ახალი ტენდენცია „კრეატიული ვიზუალური ჰუკია“. მაგალითად, გიორგი დანელიას ვიდეო, სადაც ის მანქანას ყავას ასხამს. ეს ქმედება იმდენად ალოგიკური და უცნაურია, რომ მაყურებელი ინსტიქტურად ჩერდება. მთავარია, ეს ვიზუალური სატყუარა ორგანულად გადაებას შინაარსს და მაყურებელი მოტყუებული არ დარჩეს.

კომერციული თანამშრომლობა
ბრენდებისა და კრეატორების ურთიერთთანამშრომლობა ჯერ კიდევ განვითარების ფაზაშია. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო სწორი კითხვების დასმა და ორივე მხარის პოზიციის ცოდნა. მაგალითად იმის, რომ კრეატორებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვნად განსხვავდება სატელევიზიო კომერციული განთავსებისგან. კრეატორთან ურთიერთობისას ბრენდი უფრო ეფექტურად შეიძლება პოზიციონირებდეს საკუთარი ღირებულებებით. როდესაც ბრენდი ერგება კრეატორისთვის დამახასიათებელ თხრობას და ამბის ნაწილი ხდება, მაყურებლის ლოიალობა მნიშვნელოვნად იზრდება. ეს არის გადასვლა „გაყიდვიდან“ „ემოციურ თხრობაზე“.
Gemini „შორტებში“
YouTube აქტიურად ცდილობს, კრეატორებს ცხოვრება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გაუმარტივოს. Google Gemini-ს ინტეგრაცია საშუალებას იძლევა, გრძელი ვიდეოებიდან (Long-form) ავტომატურად ამოიჭრას საუკეთესო მომენტები და გარდაიქმნას Shorts-ებად. სისტემა თავად გთავაზობთ, რომელი მონაკვეთია ვირუსული პოტენციალის მქონე. ასევე, დაანონსდა Ask Studio – ფუნქცია, სადაც კრეატორს შეუძლია „ესაუბროს“ YouTube-ს და ჰკითხოს, რატომ არ აქვს ვიდეოს ნახვები ან რა ტექნიკური პრობლემაა არხზე.
„შეფუთვა“ ყველაფერია
ტექნიკური, მაგრამ აუცილებელი შეხსენება დამფუძნებლებისგან: რაც არ უნდა გენიალური იყოს შინაარსი, თუ „გარეკანი“ (Thumbnail) არ ვარგა, მას არავინ ნახავს. ორნაწილიანი სათაური და პირველი წამები – ეს არის ის კრიტიკული ზღვარი, სადაც წყდება ვიდეოს ბედი. კრეატორების თქმით, თუკი პირველ წამებში ადამიანს ანიშნებ, რომ აქ რაღაც ღირებული ელოდება, ის დარჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საუკეთესო კონტენტიც კი დაიკარგება YouTube-ის ოკეანეში.

დისკუსიის მეორე ნაწილი კიდევ უფრო პრაგმატული გახდა. აქ საუბარი შეეხო ფულს, წლობით დაგროვილ გამოცდილებას და იმ მთავარ შეცდომებს, რაც დამწყებმა კრეატორმა არ უნდა დაუშვას. აი, რა უნდა გაითვალისწინოთ:
„შორთქათი“ წარმატებამდე – არსებობს
ერთ-ერთი მთავარი გზავნილი გამოცდილების გაზიარებას ეხებოდა. სპიკერებმა აღნიშნეს, რომ ის, რასაც პირველი თაობის იუთუბერები ათეულ წელსა და უამრავ ექსპერიმენტს ანდომებდნენ, დღეს, დამწყებმა შეიძლება ბევრად ნაკლებ დროში გაიაროს. რატომ? იმიტომ, რომ გზა უკვე გაკვალულია.
აღარ არის საჭირო „ველოსიპედის გამოგონება“ – ანალიტიკა, მონაცემები და წარმატებული ქეისები უკვე არსებობს. ახალბედა კრეატორს აქვს ფუფუნება, გამოიყენოს სხვისი ხანგრძლივი და რთული გამოცდილება, როგორც მზა სახელმძღვანელო და არ დაკარგოს დრო ისეთ ექსპერიმენტებზე, რომლებმაც უკვე იციან, რომ არ მუშაობს. სწორედ ამისთვის შეიქმნა თავად „კრეატორთა აკადემია“, რომელიც ქართველ კრეატორებს YouTube-პროექტების შექმნაში დაეხმარება – ამის შესახებაც ვრცლად ისაუბრეს მისმა დამფუძნებლებმა, გიორგი დანელიამ, რეზი ხუნწელიამ და გიორგი ხაჟალიამ.
ჰობი თუ ბიზნესი? – „მაინდსეტის“ დილემა
დისკუსიაზე დაისვა ბევრისთვის აქტუალური კითხვა, მაგალითად, უნდა ჰქონდეს თუ არა დამწყებს ბიზნეს-ხედვა თავიდანვე? პასუხი რეალისტურია: თუ შენ გინდა ხარისხი, შენ გჭირდება ფული. კრეატორების თქმით, ენთუზიაზმი კარგია, მაგრამ რაღაც ეტაპზე რესურსი მაინც გჭირდება. მათი რეკომენდაციაა, თავიდანვე შეხედოთ თქვენს არხს, როგორც სტარტაპს. ეს არ ნიშნავს მხოლოდ ფულზე ფიქრს, ეს ნიშნავს მდგრადობის დაგეგმვას. თუ ვერ ახერხებ მონეტიზაციას, ვერ განავითარებ ხარისხს, ხოლო ხარისხის გარეშე – დაკარგავ აუდიტორიას.
ფორმატის ძალა
მთავარია იპოვო ფორმატი, რომელიც შენთვის, როგორც კრეატორისთვის, კომფორტულია და არ გფიტავს. მაყურებელს უყვარს ტრადიცია და სტაბილურობა, სულაც არ არის საჭირო ყოველ ჯერზე საკუთარ თავს სჯობნიდეთ.

კრეატორის #1 უნარი – იყავი შენივე მაყურებელი
უცნაურია, რომ რჩევა ასეთი სათაურით სტატიის ბოლოს აღმოჩნდა, მაგრამ თუ აქამდე მოგვყევით – გამოგადგებათ. ტექნიკურ ცოდნაზე მაღლა სპიკერებმა დააყენეს ხედვა. მათი თქმით, კრეატორი უნდა იყოს ერთდროულად შემქმნელიც და აუდიტორიაც. ყველაზე დიდი შეცდომაა, როცა კარგავ „მაყურებლის თვალს“ და იწყებ კონტენტის კეთებას მხოლოდ ალგორითმისთვის ან ეგოსთვის.
ოქროს წესი მარტივია: ადამიანმა არასდროს უნდა ინანოს შენს ვიდეოზე დაჭერა. თუ ამ პრინციპს ღალატობ და „ქლიქბეითით“ ატყუებ მაყურებელს, გრძელვადიან პერსპექტივაში წააგებ. ემპათია აუდიტორიის მიმართ არის ის, რაც არხს აცოცხლებს.
სამწუხაროდ, რთულია ერთ სტატიაში ჩაატიო უამრავი საინტერესო საკითხი, რაზეც კრეატორებმა და მარკეტერებმა ისაუბრეს, თუმცა იმედი ვიქონიოთ, 8-საათიანი ღონისძიების ვიდეოც იქნება და შემდეგ, არ დაგავიწყდეთ – Like, Share and Subscribe.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი










