მიზნები ხშირად მოიცავს სამუშაოს მაღალ დონეზე შესრულებას, პარტნიორებთან, მეგობრებთან და შვილებთან დროის გატარებას, ვარჯიშს, მაინდფულნესს, ჯანსაღ კვებას და მრავალ სხვა დიდ თუ მცირე საქმეს. ხშირად, ჩვენი მიზნები გარკვეულწილად ეწინააღმდეგება კიდეც ერთმანეთს, რადგან ძნელია პრიორიტეტების ზუსტად დალაგება, რომ დრო და რესურსი ყოველ მათგანს დავუთმოთ.
ხშირად, სამსახურისა და პირადი ცხოვრების ბალანსის შესახებ პრაქტიკული რჩევები სწორედ პრიორიტეტების დასახვაზეა ფოკუსირებული. გაიხსენეთ ხშირად გამოყენებული მეტაფორა მინის ქილაში ჩაწყობილი ქვების შესახებ: ჯერ დიდი ქვები (თქვენი ყველაზე ღირებული მიზნები) ჩააწყვეთ ქილაში, თორემ პატარა (ნაკლებად მნიშვნელოვანი) ქვები დაიკავებენ მთელ სივრცეს. ამ მეტაფორას ნაკლოვანებები აქვს. შესაძლოა დიდი ქვები ვერ ჩაეტიოს. როგორც ავტორი ოლივერ ბურკემანი აღნიშნავს: „მთავარი პრობლემა… არის ის, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს: ძალიან ბევრი ამოცანა, რომლებიც აუცილებლად უნდა შევასრულოთ სამსახურის შესანარჩუნებლად, ქირის გადასახდელად, ვიყოთ ადეკვატური მშობლები და ა.შ. “სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ძალიან ბევრი „ქვაა“ და ბევრი მათგანი ვერასდროს მიუახლოვდება იმ ქილას“.
მიზნები არ არის ქვები. სინამდვილეში, ისინი უფრო რბილი თიხის ბურთებს ჰგვანან, რომლებიც გამოძერწვას საჭიროებენ. ვნახოთ, როგორ უნდა ჩამოაყალიბოთ თქვენი მიზნები დროთა განმავლობაში, რათა მათი მიღწევა გაგიადვილდეთ.
როგორ დავაკორექტიროთ ჩვენი მიზნები დროთა განმავლობაში
გამოავლინეთ ღირებულებები, რომლებიც თქვენი მიზნების საფუძველს წარმოადგენს.
იმისათვის, რომ მივაღწიოთ ნამდვილად მნიშვნელოვან რამეს, საჭიროა გასცდეთ კონკრეტულ მიზნებს და ფოკუსირდეთ ღირებულებებზე, რომლებიც მნიშვნელოვან, მაღალი დონის მიზნებს წარმოადგენენ. მაგალითად, მარათონის გარბენა არის მიზანი, რომელმაც შეიძლება დააკმაყოფილოს ჯანმრთელობის ან გამოწვევის დაძლევასთან დაკავშირებული საკითხები. თქვენი შვილის საფეხბურთო გუნდის წვრთნა არის მიზანი, კარგი მშობლობა კი არის ღირებულება. 30 წლის ასაკამდე დაწინაურების მიღწევა არის მიზანი, სასიამოვნო სამუშაოს ქონა კი არის ღირებულება….
როგორც არ უნდა ფიქრობდეთ, ღირებულებები მნიშვნელოვანია. კარგად გატარებული ცხოვრება ისაა, როცა თქვენ ასრულებთ ან იცავთ თქვენთვის მნიშვნელოვან ღირებულებებს. ამრიგად, იმისათვის, რომ კარგად იცხოვროთ, პირველ რიგში საკუთარ თავს ჰკითხეთ, თუ როგორი ღირებულებები გაქვთ. თუ არ იცით, საიდან დაიწყოთ, არსებობს ბევრი კარგი რესურსი თქვენი ღირებულებების გამოსავლენად. გამოიყენეთ ეს სავარჯიშო: კომფორტულად მოთავსდით და მოდუნდით, შემდეგ გადახედეთ თქვენს ცხოვრებას და გაიხსენეთ მომენტები, როდესაც თავს საუკეთესოდ გრძნობდით. ჰკითხეთ საკუთარ თავს, რას აკეთებდით ამ დროს და ვისთან ერთად იყავით? თუ ყველა ეს დრო შეჯიბრებებში მონაწილეობას უკავშირდება, მაგალითად, შეჯიბრი შეიძლება იყოს თქვენთვის ღირებულება. თუ ეს დრო თანაბრად ნაწილდება სამსახურში გამოწვევების მიღებასა და საყვარელ ადამიანებთან დროის გატარებას შორის, შესაძლოა აფასებდეთ სამუშაოს, ოჯახს და ცხოვრებისეულ ბალანსს.
დაფიქრდით, როგორია წარმატება თითოეული ღირებულებისთვის
მას შემდეგ, რაც გამოავლენთ რამდენიმე ძირითად ღირებულებას, დასვით კითხვა: რა განსაზღვრავს წარმატებას თითოეული ღირებულებისთვის? კონკრეტულად, რას ნიშნავს ეს ღირებულებები ჩემთვის? წარმატების ზოგიერთი განსაზღვრება კონკრეტული და ადვილად გამოსახატავია – მაგალითად, კონკრეტული დაწინაურების ან ხელფასის მიღწევა გარკვეულ დროში. სხვების ზუსტად განსაზღვრა კი შეიძლება რთული იყოს – მაგალითად, აუდიტორიის მოზიდვა, გავლენის მოხდენა, ან კარგი მშობლად ან მეგობრად ყოფნა. ამ საკითხების უკეთ შესასწავლად, დაფიქრდით, ვინ აღგაფრთოვანებთ ან ვისი გშურთ და ჰკითხეთ საკუთარ თავს: რას აღწევენ ან განიცდიან ისინი, რასაც მე ნამდვილად ღირებულად ვთვლი და მსურს, რომ თავადაც გამოვცადო? ეს შეიძლება იყოს თქვენი აღფრთოვანება მშობლის მიმართ, რომელიც ახერხებს დაესწროს მნიშვნელოვან მოვლენებს შვილის ცხოვრებაში, პერფექციონისტად ყოფნის გარეშე. ამან შეიძლება გასწავლოთ, რომ წარმატების ერთ-ერთი განსაზღვრება თქვენთვის არის საკუთარი თავის თანაგრძნობა. თქვენი კეთილი შური წარმატებული ავტორის მიმართ შეიძლება მიანიშნებდეს სოციალურ მედიაში მიმდევრების დიდი რაოდენობის ყოლის ან უბრალოდ შემოქმედებითი საქმის ქონის სურვილზე.
არ არსებობს ზუსტი რეცეპტი თითოეული ღირებულების სწორი განსაზღვრებისთვის. ადამიანები განსხვავებულები არიან და რეფლექსია ყველას ერთსა და იმავე ადგილამდე არ მიიყვანს. ერთი ადამიანისთვის, ვინც აფასებს შეჯიბრებით სპორტს, ეს შეიძლება გამარჯვებას ნიშნავდეს, მეორესთვის კი უფრო მნიშვნელოვანი იყოს გუნდური მუშაობა. მიზნები და პრიორიტეტები დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს, დაკორექტირდეს. მთავარია, ისინი ღირებულებებზე იყოს დაფუძნებული. ამიტომაც გირჩევთ – ნუ გამოკვეთთ მიზნებს ქვაში, იყავით მოქნილი – გამოძერწეთ ისინი თიხაში.
წყარო: HBR