in

როგორ გავაკეთოთ CV, რომელსაც დამსაქმებლები გვერდზე არ გადადებენ?

CV, იგივე Curriculum Vitae, ლათინური სიტყვაა და ქართულად „ცხოვრების გზას” ნიშნავს. ეს სახელწოდება რატომ მისცეს, სიმართლე გითხრათ, არ ვიცით, მაგრამ შეგვიძლია ჩვენეულად ავხსნათ და გითხრათ, რომ მასში ერთი მხრივ, ჩვენ მიერ გავლილი აკადემიურ-საქმიანი გზა ნამდვილად ჩანს და მეორეც, კარგი CV ჩვენი ცხოვრების მანძილზე თავის კვალს ტოვებს. მასზე ბევრი რამაა დამოკიდებული კარიერული წინსვლის კუთხით. სხვადასხვა გამოცდილება აჩვენებს, რომ ხშირად ადამიანს ყველაფერი აქვს კონკრეტულ პოზიციაზე დასასაქმებლად – განათლებაც, გამოცდილებაც და საჭირო უნარებიც, მაგრამ რატომღაც მას არცერთი კომპანიიდან არ უკავშირდებიან. ამ დროს ჩნდება კითხვა – „მოიცა და, პრობლემა CV-ში ხომ არაა?”. 

დღევანდელ სტატიაში, ვეცდებით, მიმოვიხილოთ, როგორ გამოიყურება კარგი CV და რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ მისი შედგენისას. ამ საკითხში ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური პირები HR მენეჯერები არიან, რომელთა ხელშიც უამრავი ადამიანის CV გადის. ამიტომ გადავწყვიტეთ, პირდაპირ მათ დავკავშირებოდით. Marketer-ის კითხვებს მარიამ ბენდელიანმა, KFC-ის HR მენეჯერმა უპასუხა:

M: მარიამ, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება, რა არის ხშირად გავრცელებული შეცდომები CV-ში, რომლებიც თქვენთან მოსულა?

პირველ რიგში, მახსენდება ისეთი CV-ები, რომლებიც ძალიან ვრცელია და დიდი ტექსტებია შიგნით ჩაწერილი; ასევე ხშირად გავრცელებული შეცდომაა, როცა არ უწერიათ დაბადების თარიღი, საკონტაქტო ინფორმაცია. ჩვენი სექტორისთვის ეს განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან ხშირ შემთხვევაში, კანდიდატის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ხდება როტაცია.

M: რა არის ის ძირითადი პუნქტები, რომლებსაც ჩვენი CV უნდა მოიცავდეს?

  სულ არის რამდენიმე ძირითადი პუნქტი: პირადი ინფორმაცია, განათლება და კვალიფიკაცია, სამუშაო გამოცდილება და დამატებითი უნარები. აქვე მინდა, რამდენიმე რჩევა გაგიზიაროთ უშუალოდ რეზიუმეს წყობის შესახებ. წყობა უნდა იყოს სწორად შერჩეული, მაგალითად, განათლების შემთხვევაში, პირველი იწერება მაგისტრატურა შემდეგ ბაკალავრი, ხოლო სამუშაო გამოცდილებაში პირველი იწერება ამჟამინდელი სამუშაო გამოცდილება ან ბოლო სამუშაო გამოცდილება და შემდეგ დანარჩენი. ამ სტრუქტურის დაცვა მნიშვნელოვანია.

M: არსებობს თუ არა რაიმე „ოქროს წესი”, თუ რა არ უნდა გავაკეთოთ CV-ში არასოდეს?

როგორც ზემოთ ვთქვი, არ უნდა იყოს თხრობა და ვრცელი ტექსტები; ამასთან, ზოგი აგზავნის EXCEL-ში შედგენილ CV-ს, რაც არაა მიზანშეწონილი. არ უნდა ჩაწეროთ ისეთი რაღაცები, რაც გამოცხადებულ ვაკანსიასთან არ არის თავსებადი; და კიდევ ერთი, არ არის აუცილებელი ოჯახური მდგომარეობებისა და შვილების რაოდენობის ჩაწერა კარგ CV-ში.

M: ბოლო დროს ხშირია კითხვები ფოტოსთან დაკავშირებით. ბოლოს და ბოლოს რომ გავცეთ ამ კითხვას პასუხი – კარგ სივში აუცილებელია თუ არა ფოტოს დართვა?

თუ არ მოითხოვება, აუცილებელი არ არის. არსებობს კომპანიები, სადაც ითხოვენ გარკვეული სპეციფიკიდან გამომდინარე, თუმცა თუ ფოტოს დაურთავთ, უნდა მოერიდოთ ჩამოჭრილი ფოტოების გაგზავნას, აგრეთვე, არ უნდა იყოს მეგობრებთან ერთად ან არასათანადო გარემოში გადაღებული ფოტო.

M: აქვს თუ არა მნიშვნელობა სივის მომზადებისას, რომელ სფეროს მივეკუთვნებით და რა სფეროში ვაგზავნით CV-ს?

რეზიუმეს წყობის, პუნქტების საბაზისო ტენდენციები ყველსათვის ერთანირი რჩება, თუმცა ყველა სფეროს თავისი სპეციფიკა და მოთხოვნები აქვს. IT სპეციალისტის CV სხვა ტიპის იქნება, ხოლო ბუღალტრის განსხვავებული, ამიტომ კი, ყურადღება მივაქციოთ, სად ვაგზავნით და დაახლოებით რას მოელის პოტენციური დამსაქმებელი.

ამ რჩევების გარდა, რომელიც უკვე გამოცდილი ადამიანისგან მიიღეთ, გადავწყვიტეთ, კიდევ მეტად გაგიმარტივოთ საქმე და რამდენიმე დამატებითი რჩევაც მოგცეთ. ხშირად გვხვდება კითხვა, თუ სად და როგორ უნდა ააწყოთ კარგი CV, ამიტომ მცირე მოკვლევა ჩავატარეთ. ვებში ბევრი რესურსია, თუმცა რამდენიმე შედარებით მეტი რეკომენდაციით სარგებლობს და ჩვენც სწორედ მათ გაგიზიარებთ. 

CANVA

ამ პლატფორმაზე მხოლოდ ლამაზი პრეზენტაციების აწყობა კი არა, ასევე ვიზუალურად დახვეწილი CV-ის აწყობაც შეგიძლიათ. ის თვითონ გთავაზობთ უკვე გამზადებულ შაბლონებს, რომლებიდანაც აუცილებლად აარჩევთ თქვენს მოსაწონ დიზაინს და შეუდგებით საკუთარი ინფორმაციის მასში გადანაწილებას. 

EUROPASS

თუ უცხოენოვანი სივის აწყობა გსურთ, ეს პლატფორმა დაგეხმარებათ. ის ითვალისწინებს იმ სტანდარტებს, რომლებსაც ევროკავშირის პროგრამები ითხოვენ. საიტზე მოცემულია გრაფები, რომლებშიც შეგყავთ თქვენი ინფორმაცია და არ გიწევთ ტვინის ჭყლეტა იმაზე, თუ სად რა ჩაწეროთ, როგორ დაასათაუროთ და ა.შ.

MC WORD

ბოლოს კი ყველასთვის კარგად ნაცნობ WORD-ის დოკუმენტს შემოგთავაზებთ. შეიძლება აქამდე არც დაკვირვებიხართ, მაგრამ მას რეზიუმეს შესაქმნელი თავისი შაბლონი აქვს და საკმაო პოპულარობით სარგებლობს. დამსაქმებლების მხრიდანაც, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, დადებითადაა შეფასებული. მთავარია, ყველა სხვა დეტალი გაითვალისწინოთ, ფრთხილად შეარჩიოთ ფოტო, ტექსტი და სტრუქტურა, ვიზუალი არ იყოს ზედმეტად ჭრელი და გადატვირთული. თუ მომავალი დამსაქმებელი დაინახავს, რომ ამ ყველაფერზე იფიქრეთ, კონკრეტულად რომელ პლატფორმას გამოიყენებთ CV-ისთვის, ამაზე არ შემოგედავებათ. 

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

 



„სიყვარულს მიღმა“ – ახალი ქართული სერიალი პირველი არხის ეთერში

ალექს გიჯაშვილი #პირველისამსახური