in

როგორ მუშაობს დღესდღეობით ეფექტური მარკეტინგული გუნდი

მარკეტინგის სფერო წლებთან ერთად იზრდება, ვითარდება და სიახლეებს ნერგავს. შესაბამისად, იცვლება გარკვეული მიდგომებიც. პერიოდულად ჩნდება კითხვა: „რა განსაზღვრავს ძლიერ მარკეტინგულ გუნდს” და პასუხებსაც მსოფლიო მასშტაბით მოღვაწე მარკეტერები სხვადასხვა კონფერენციასა თუ დიდ ღონისძიებაზე სცემენ. 

ბოლოდროინდელი ტენდენციებით, გამოიკვეთა რამდენიმე პუნქტი, რომლებიც დღეის მდგომარეობით, მარკეტინგული გუნდის ეფექტურობას განსაზღვრავს.

დროა, თავიდან განვსაზღვროთ „ეფექტიანობა“ და „პოტენციალი“

ადრე ეფექტიანობა ნიშნავდა ოფისში დიდხანს, გვიანობამდე მუშაობას, იმ ადამიანს, რომელიც პირველი გამოვიდოდა ახალი ინიციატივით და ყველაზე აქტიური იყო. პოტენციალის შეფასებაც მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდიოდა: ზედა საფეხურებისკენ სწრაფვა. ვინც არ ცდილობდა სწრაფი კარიერული ნახტომების გაკეთებას, დამთმობი და ნაკლებად მოტივირებული ეგონათ.

დღევანდელი გადმოსახედიდან კი სხვანაირად არის: მაღალი ეფექტურობა = შედეგს და არა დახარჯულ საათებს, პოტენციალი = მრავალი მიმართულებით განვითარებას, არა მხოლოდ ვერტიკალურ კიბეზე ასვლას. თუ ამ მიდგომას არ გადავხედავთ, საუკეთესო ტალანტებს დავკარგავთ – ისინი იქ წავლენ, სადაც ბალანსი ფასობს და არა გადაწვამდე მუშაობა.

მოტივაცია ინდივიდუალურია და არა – კოლექტიური ლოზუნგი

ერთიანი მიდგომა თანამშრომელთა ჩართულობის სტრატეგიაში დღეს აღარ მუშაობს. მოტივატორები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება:

ვიღაცისთვის მთავარი დასახული მიზნის მიღწევაა, ვიღაცისთვის – თავისუფლება, სხვებისთვის – შეგრძნება, რომ მუდმივად ვითარდება.

ამიტომ, თუ თქვენი მოტივაციის პოლიტიკა მხოლოდ ერთი პრიზმიდან ყურებას გულისხმობს, შეიძლება გუნდში პრობლემა გქონდეთ. გაიგეთ, რა ამოძრავებს თითოეულ ადამიანს და იმაზე ააგეთ კარიერული განვითარება.

მზადყოფნა ინოვაციებისთვის

განზრახ თუ უნებლიეთ, უკვე მივედით შემდეგ ინდუსტრიულ რევოლუციამდე, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ვართ. ზოგიერთი კვლევა პროგნოზირებს, რომ 2030 წლისთვის ავტომატიზაციის გამო 800 მილიონამდე ადამიანს შესაძლოა პროფესიის შეცვლა მოუწიოს. ვერავინ იტყვის, ეს ნამდვილად მოხდება თუ არა, მაგრამ AI-ს ძალა უდავოა და, მით უმეტეს, მარკეტერებს ეს კარგად უნდა ესმოდეთ.

ხელოვნური ინტელექტი არ ცვლის მარკეტერებს, ის ცვლის მოდელს, რომელიც მარკეტერებმა უნდა შექმნან. თუ გვინდა, რომ მაღალი ეფექტურობის გუნდები მომავალშიც არსებობდეს, უნდა დავიწყოთ ტექნოლოგიასთან თანამშრომლობის კულტურაზე ფიქრი.

გრძელვადიანი ღირებულებების შექმნა

მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ გამოუცდელი გუნდები მოკლე გამარჯვებებსა და ტენდენციებზე არიან ფოკუსირებული, საუკეთესო გუნდები მუშაობენ ბრენდის გრძელვადიანი ღირებულების შექმნაზე. ისინი არ გეგმავენ რაიმე აქტივობას მხოლოდ იმის გამო, რომ რაღაცას აჰყვნენ, არამედ ყველა კამპანიას აკავშირებენ მკაფიო ბიზნესმიზნებთან.

უფრო დეტალურად:

  • მათ აქვთ დოკუმენტირებული სტრატეგიები
  • ღრმად სწავლობენ თავიანთ აუდიტორიას
  • ორიენტირებულნი არიან მდგრად ზრდაზე და არა მხოლოდ მყისიერ შედეგებზე

იყენებენ მონაცემებს, მაგრამ ინარჩუნებენ ჰუმანურობას

მაღალი ხარისხის გუნდები მონაცემებს გადაწყვეტილებების მისაღებად იყენებენ, თუმცა ადამიანურ ხასიათს არ კარგავენ. ისინი მუდმივად ამოწმებენ, აანალიზებენ და ცვლიან თავიანთ ძალისხმევას შესრულების მიხედვით.

მათი მიზანი არა მხოლოდ მოწონებებისა და ნახვების კონტროლია, არამედ KPI-ების მუდმივი შემოწმება. ისინი იყენებენ ინფორმაციას შეტყობინებების, დროისა და მიზნობრივი გეგმის ფორმირებისთვის.

ისინი ექსპერიმენტებს ატარებენ და სწრაფად სწავლობენ

საუკეთესო გუნდები სრულყოფილებას არ ელოდებიან. ისინი ახალ იდეებს ცდიან, სწავლობენ იმ პრაქტიკებიდან, რაც ნამდვილად მუშაობს. 

ხშირად ასეთი მარკეტერები ქმნიან MVP-ებს (მინიმალური სიცოცხლისუნარიანი კამპანიები) და ტესტირებისა და იტერაციის გზით ახალ მიდგომებს სწავლობენ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მათ არ ეშინიათ წარუმატებლობის.

ისინი აფასებენ თანამშრომლობას და კრეატიულობას

ყველაზე წარმატებული გუნდები ხელს უწყობენ კულტურას, სადაც იდეები მისასალმებელია და არ იბლოკება. ისინი ხელს უწყობენ კრეატიულობას, გუნდის წევრების მიმართ თანაბარი ნდობით არიან განმსჭვალული და აძლევენ მათ შანსს, რომ თავი ყველამ გამოხატოს. 

წარმატების აღნიშვნა მნიშვნელოვანია

გარდა იმისა, რომ წარმატებული მარკეტინგული გუნდები შეცდომებსა და წაგებებზეც ამახვილებენ ყურადღებას, ისინი აღნიშნავენ გამარჯვებებსაც. ისინი ღიად ურთიერთობენ ერთმანეთთან და არ იშურებენ შექებას, სტიმულის მიცემას, პატარ-პატარა დაჯილდოებებს წარმატებული იდეისა თუ ქმედებისთვის და სხვა.

გახსოვდეთ, ეფექტურობისთვის არ გჭირდებათ დიდი ბიუჯეტი და გუნდი, ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი უნარი, შეინარჩუნოთ ჰარმონია, იფიქროთ სტრატეგიულად და ღია იყოთ თანამშრომლობისთვის.

„ვინტო“ ავტომომსახურების ბაზარზე მოღვაწეობის 15 წელს აღნიშნავს

მომხმარებელთა 12 ტიპი, პერსონალიზებული სტატისტიკა და წლის ტრენდები — YouTube-ს ახალი ფუნქციები ემატება