in

ქართველი ექაუნთ დირექტორები თავიანთ პროფესიაზე გვიყვებიან

„იყო ექაუნთ დირექტორი, პირველ რიგში, ნიშნავს ზრუნავდე სხვებზე“, – ალექს ჩიქოვანი.

„ექაუნთ დირექტორი არის social glue, რომელიც სინერგიას ქმნის როგორც გარეთ, კლიენტსა და სააგენტოს შორის, ასევე შიგნით, ექაუნთებსა და კრეატივის გუნდს შორის“, – ანა დონდუა.

„ექაუნთი ის ღერძია, რომელიც პროექტის დასაწყისიდან ბოლო მომენტამდე ყველა ეტაპზე ჩართულია და განაგებს პროცესს“, – ზიზი ნასრაშვილი.

სარეკლამო ინდუსტრიაში პროექტების წარმატება ექაუნთ დირექტორებზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული. ეს არის პოზიცია, რომლის ძირითადი ფუნქცია სააგენტოსა და დამკვეთს შორის ჯანსაღი ურთიერთობის უზრუნველყოფაა. ექაუნთ დირექტორები მხარეებს შორის განვითარებულ პროცესებს წარმართავენ და მის მიმდინარეობას, საჭიროებების შესაბამისად აბალანსებენ. 

ექაუნთ დირექტორები: ზიზი ნასრაშვილი Leavingstone-დან, Windfor’s-ის  წარმომადგენელი ანა დონდუა და ალექს ჩიქოვანი JWT Metro-დან, თავიანთ პროფესიაზე გვიამბობენ. ისინი კრეატიულ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ცენტრალური პოზიციის შესახებ, დაწვრილებით გვიყვებიან და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ექაუნთ დირექტორობის მთავარ მახასიათებლებს, გამოწვევებსა თუ ფუნქციებს გვიზიარებენ.

M: რატომაა მნიშვნელოვანი კომპანიისთვის/პროექტისთვის ჰყავდეს კარგი ექაუნთ დირექტორი?

ალექს ჩიქოვანი

ალექს ჩიქოვანი: სარეკლამო ინდუსტრიაში კლიენტსა და სააგენტოს შორის ურთიერთობა, საკმაოდ კომპლექსური პროცესია, რომელსაც მუდმივი ყურადღება და ზრუნვა სჭირდება. თუ ორ მხარეს შორის არ არის კოლეგიალური, მეტიც, მეგობრული დამოკიდებულება, საბოლოო ნამუშევრის წარმატება საფრთხის ქვეშ დგება. 

ჩემი აზრით, იყო ექაუნთ დირექტორი, პირველ რიგში, ნიშნავს ზრუნავდე სხვებზე. სტრატეგები, შემოქმედებითი ჯგუფი, დაკავებულია საკმაოდ რთული ამოცანების ამოხსნით და მათი ბედნიერება, პროექტის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია. ექაუნთ დირექტორის სამუშაო ცხოვრება დიდწილად ურთიერთობაა. ერთი მხრივ, არის ურთიერთობა კლიენტთან, ინფორმაციის მოძიება მათი საჭიროებების შესახებ, დავალების მიღება და გუნდისთვის მისი გადაცემა, ასევე მიმდინარე პროცესებზე უკუკომუნიკაცია. მეორე მხრივ, უმნიშვნელოვანესია ურთიერთობა გუნდთან, გაგება ვის რა უჭირს, დახმარება, ხომ არ არის სადმე საჭირო ან მიმდინარე პროცესები ხომ არ არის გადასახედი, რაც საერთო ჯამში მუშაობას უფრო ეფექტურს და სასიამოვნოს გახდის.

ანა დონდუა

ანა დონდუა: ექაუნთ დირექტორი სააგენტოს გარეთ და შიგნით ქმნის ეკოსისტემას, სადაც ყველას – კლიენტს, ექაუნთ მენეჯერს, კრეატიულ დირექტორს, ქოფირაითერს და დანარჩენებს, შეუძლიათ კომფორტულად თანაარსებობა. 

ზიზი ნასრაშვილი: ექაუნთ დირექტორი არის ის ადამიანი, რომელიც სააგენტოში მოწინავე ხაზზე დგას და უზრუნველყოფს კლიენტსა და სააგენტოს შორის ურთიერთობის სწორად და ეფექტურად მართვას. ის ღერძია, რომელიც პროექტის დასაწყისიდან ბოლო მომენტამდე ყველა ეტაპზე ჩართულია და პროცესს განაგებს. დაწყებული დავალების მიღებიდან, გაგრძელებული ყველა ეტაპით, რასაც კომპანიები დაგეგმვიდან აღსრულებამდე გადიან.

იქიდან გამომდინარე, რომ ექაუნთი კლიენტთან ურთიერთობაზე არის პასუხისმგებელი, იგი  გარკვეულწილად კომპანიის სახეა. კომპანიის სახე კი, ძალიან მნიშვნელოვანია, მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდეს.

M: კონკრეტულად, რა შედის ექაუნთ დირექტორის მოვალეობებში?

ანა დონდუა: ექაუნთ დირექტორს ყველა სააგენტოში სხვადასხვა ფუნქციები აქვს, თუმცა ვთვლი, რომ ეს სამი რამ უყველა ექაუნთ დირექტორის მანტრაში უნდა იყოს:

ბედნიერი კლიენტი

ბედნიერი კრეატიული დირექტორი

ბედნიერი აღმასრულებელი დირექტორი

დანარჩენი ტექნიკაა, რომელსაც ყველა თავისი პროფესიონალიზმის, ცხოვრებისეული გამოცდილების და პერსონალური უნარ-ჩვევების შესაბამისად ართმევს თავს.

ზიზი ნასრაშვილი

ზიზი ნასრაშვილი: ექაუნთ დირექტორი, პირველ რიგში, პასუხისმგებელია კლიენტისა და სააგენტოს შორის ურთიერთობის ე. წ. ქიმიის ჩამოყალიბებაზე. პროექტის მიმდინარეობისას მუშაობს სტრატეგად სტრატეგებთან ერთად, კრეატივად კრეატივებთან ერთად, პროდიუსერად გარე რესურსებთან მუშაობის დროს და ხანდახან ექსტრად გადაღებებზე. 

მის მოვალეობებში შედის კლიენტისგან დავალების, ანუ ბრიფის მიღება, ამ დავალების სწორად აღქმა, საჭიროების შემთხვევაში ბრიფთან დაკავშირებული შეკითხვების დასმა. მაგალითად, რატომ იგეგმება კამპანია? მიზანი რა გვაქვს? ვის გვინდა რომ მივაწვდინოთ ხმა? და ა.შ. შეკითხვების დასმა საჭიროა, რათა დავალება სრულად გაიცხადოს, სანამ გუნდამდე მიიტანს. შემდეგი ნაბიჯია, გუნდთან ერთად ბრიფის გავლა, დავალებების გადანაწილება და მათთან ერთად პროცესების დაგეგმვა.

შემდეგ, ხდება პროექტის ბიუჯეტირება და თაიმლაინის გაკეთება, რაც პროექტის დროს მიმდინარე პროცესების ეტაპებად დაყოფას და ამ ეტაპებისთვის შესაბამისი ვადების გამოყოფას გულისხმობს.

დაბოლოს, ექაუნთ დირექტორი, ამ ვადების დაცვას, დავალების შესაბამისი სამუშაოს მიღებას, ხარისხის კონტროლს კურირებს და აღსრულების ნაწილში, ყველა საჭირო კომპონენტის შესრულებაზეა პასუხისმგებელი.

M: რა სირთულეებთანაა დაკავშირებული ექაუნთ დირექტორის პროფესია?

ზიზი ნასრაშვილი:  ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგალითად, რაღაც ვერ ესწრებოდეს დროში და მოგიწიოს სხვანაირად გადაგეგმვა, მეტი რესურსის მოძიება. უამრავ განსხვავებულ ადამიანთან გიწევს ურთიერთობა და ყველასთან საერთო ენის გამონახვა ყოველთვის მარტივი არ არის. თუმცა, თუ გაწონასწორებული და პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული ადამიანი ხარ, ყველა სირთულეს გადალახავ. ალბათ, ზუსტად ამ გამოწვევების სწორად გადალახვა არის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი. როდესაც რეტროსპექტივაში უყურებ ნებისმიერ პროექტს, ხვდები რას გააკეთებდი ამ გადმოსახედიდან უფრო მარტივად ან სხვანაირად. ყოველ ჯერზე ხვდები, რომ რაღაც ახალი ისწავლე. 

ანა დონდუა: ვსაუბრობთ გეგმების, ქმედებების, გადაწყვეტილებების და ემოციების ისეთ ინტენსივობაზე, რაც ერთი შეხედვით, შესაძლოა, ბევრი ადამიანისთვის რთული კი არა, წარმოუდგენელიც იყოს. თუმცა, საინტერესოც ხომ სწორედ ეს არის. უამრავი ახალი ადამიანი, პროექტების მრავალფეროვნება, და ემოციების ქარტეხილები.

ალექს ჩიქოვანი: არის შემთხვევები, სადაც კლიენტის და შემოქმედებითი ჯგუფის შეხედულებები არ ემთხვევა. ამ მოცემულობაში ექაუნთ დირექტორის მოვალეობაა ეს სიტუაცია განმუხტოს, იპოვოს ტერიტორია, სადაც ორივე მხარე ბედნიერი და საბოლოო ნამუშევარი უკომპრომისოა. ამ ტერიტორიის ძიება, ხშირად, არ არის იოლი, არის ხანგრძლივი და ცდება სამუშაო საათებს. არ ვიქნები სიმართლისგან შორს, თუ ვიტყვი, რომ ცხოვრებაში ყველაფერი გეგმას არ მიჰყვება ხოლმე. რაც არ უნდა კარგად დაგეგმილი იყოს პროექტი, მისი განხორციელება არ ხდება ვაკუუმში, არის გარეშე ფაქტორები, რომლის გათვალისწინებაც შეუძლებელია. ექაუნთის პასუხისმგებლობაა განტოლების ეს ცვლადები რაც შეიძლება მალე დააზუსტოს და მათ გადაწყვეტაში საჭირო, კომპეტენტური ხალხი, რაც შეიძლება მალე ჩართოს პროცესში.

M: რა სახის განათლება, სამუშაო გამოცდილება, პროფესიული და/ან პიროვნული უნარ-ჩვევები სჭირდება ექაუნთ დირექტორს?

ზიზი ნასრაშვილი: სააგენტოში, ექაუნთის პოზიციაზე მუშაობის მსურველ ადამიანს სასურველია, განათლება მარკეტინგისა და კომუნიკაციების განხრით ჰქონდეს მიღებული.

პიროვნულ უნარ-ჩვევებს რაც შეეხება. ჩემს სამყაროში, იდეალური ექაუნთი უნდა იყოს, პირველ რიგში, პოზიტიური და ყველასათვის მოტივაციის მიმცემი ადამიანი. უნდა ჰქონდეს კარგი ორგანიზატორული უნარები და პროცესების დიდ სურათში აღქმა უნდა შეეძლოს. 

ალექს ჩიქოვანი: ექაუნთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ცნობისმოყვარეობა. შეუძლებელია წარმართო პროცესები, შეაფასო ნამუშევარი თუ ის არ გესმის. საჭიროა ცოტ-ცოტა გესმოდეს როგორც კლიენტის ბიზნესის, ასევე სააგენტოს ყველა დეპარტამენტის საქმიანობა. იქნება ეს სტრატეგია, ქოფი, არტ დაირექშენი თუ სხვა. რა თქმა უნდა, ყველაფერში ექსპერტი ვერ იქნები და არც არის საჭირო, თუმცა საბაზისო ცოდნა მაინც აუცილებელია. ამ მრავალფეროვანი ცოდნის შეძენა კი, ცნობისმოყვარეობის გარეშე შეუძლებელია.

ანა დონდუა: ექაუნთ დირექტორს, შესაძლოა, ჰქონდეს გამოცდილების წარმოუდგენლად ფართო სპექტრი, როგორც სააგენტოში, ასევე კლიენტის მხარეს. რაც მეტი, მით უკეთესი.

ვფიქრობ, განათლება ძალიან პირობითია იმ დროში, სადაც ვარსებობთ და ვსაქმიანობთ. ინფორმაციის მიღება შესაძლებელია უამრავი წყაროდან.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ჩემი აზრით არის:

ძლიერი ემოციური ინტელექტი, უნაკლო კომუნიკაციის უნარი, ზღვა ენერგია და მზაობა სიახლეების მიმართ. დანარჩენს იძენ და ავითარებ საკუთარ თავზე მუშაობის პროცესში.


ავტორი: სოლომონ დევსურაშვილი

ჯეფ კუნსმა “ოცნების BMW” წარმოადგინა ლოს ანჯელესში

რატომაა რთული კომპანიის მართვის მონაცემთა ბაზაზე დაფუძნება