in

როგორია კარგი “ბრეინშტორმინგი”?

დავსვათ კითხვები, რომლებიც პრობლემასთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს…

ჰალ გრიგერსენი, MIT Leadership Center-ის აღმასრულებელი დირექტორი დაახლოებით 20 წლის წინანდელ ამბავს იხსენებს, როდესაც ბრეინშტორმინგის ლექციებს ატარებდა. ლექტორი და სტუდენტები საუბრობდნენ იმაზე, რასაც მრავალი ორგანიზაცია ებრძვის: როგორ უნდა შეიქმნას თანასწორობის კულტურა გარემოში, რომელშიც მამაკაცები ბატონობენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა მართლა აწუხებდათ სტუდენტებს, მათ იდეებს შთაგონება აკლდა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

“მრავალი დისკუსიის შემდეგ ენერგიის დონე ნულს უახლოვდებოდა. თვალი შევავლე ჩემს საათს და გადავწყვიტე, მომდევნო სესიისთვის ამოსავალი წერტილი დაგვესახა” მოდით, დავივიწყოთ პასუხების ძიება დღეს და დავსვათ კითხვები, რომლებიც ამ პრობლემასთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს… ვნახოთ, რამდენის ჩაწერას მოვახერხებთ დარჩენილ დროში. 

სტუდენტებმა მორჩილად დაიწყეს შეკითხვების დასმა, ჰალს კი ისინი და დაფაზე გადაჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტებს პასუხები შემდეგი სესიისთვის უნდა მოეძებნათ, მათ მაინც დაიწყეს რამდენიმე საკითხის აქტიური განხილვა. ნულამდე შემცირებული ენერგიის დონე სწრაფად გაიზარდა და ყველა “გამოცოცხლდა”. მოულოდნელად ბევრი კითხვა და საკითხის გადაჭრის სხვადასხვაგვარი გზა გაჩნდა.

როგორც ჰალი იხსენებს, ასეთი მეთოდი იმ დრომდე არასდროს უცდია და სავარაუდოდ, შთაგონება სოციოლოგ პარკერ პალმერის ნაშრომისგან მიიღო. საბოლოოდ, სწორედ ეს ტექნიკა გახდა ის მეთოდოლოგია, რომელსაც ისეთ კომპანიებთან იყენებს, როგორებიცაა Chanel, Danone, Disney, EY, Fidelity, Genentech, Salesforce და ათობით სხვა კომპანიის გლობალური გუნდები, არაკომერციული ორგანიზაციები და ინდივიდუალური ლიდერები.

ფაქტია, ახალი კითხვების დასმა ხშირად ტრანსფორმაციულ იდეებს წარმოშობს. მაგალითად, 1998 წლამდე, პრაქტიკულად, ყველა კარგად გაწვრთნილი ფსიქოლოგი ყურადღებას ამახვილებდა ფსიქიკური აშლილობისა და დეფიციტის მიზეზებზე, თვლიდნენ, რომ კეთილდღეობა ამ უარყოფითი პირობების არარსებობაა. შემდეგ კი, როდესაც მარტინ სელიგმანი გახდა ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, გარკვეული დამატებითი საკითხები წამოაყენა, დასვა კითხვები და შედეგად პოზიტიური ფსიქოლოგიის მოძრაობა წარმოიშვა.

ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადამიანთა უმეტესობა ხშირად კითხვის რეჟიმში რჩება. თუმცა ჰალ გრიგერსენის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია, ფაქტობრივად, პრობლემების ახლებურად გადამუშავების პროცესია. იგი ადამიანებს უფრო კრეატიული აზროვნების ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება. სტატიაში სწორედ ამ მიდგომის გამოყენების დეტალები და შედეგებია წარმოდგენილი.

რა პროცესს უნდა მივყვეთ?

წლების განმავლობაში ჰალი ბრეინშტორმინგის პროცესის ვარიაციებს ამოწმებდა, რომელსაც “კითხვათა ჯგუფს” უწოდებს. ამასთან, ჩაატარა არაერთი ექსპერიმენტი და შედეგად, კითხვების პაკეტი სტანდარტულ ფორმატად იქცა, რომელიც სამი ეტაპისგან შედგება:

1. მოამზადეთ ნიადაგი

პირველ რიგში აირჩიეთ ისეთი გამოწვევა, რომელიც ნამდვილად მოგწონთ. ეს, ალბათ, რთული ამოცანაა – საიდან იცით, რომ კონკრეტული კითხვა ზუსტად შესაფერისია? თუმცა, როდესაც კითხვა გულს აგიჩქარებთ და იმის სურვილი გაგიჩნდებათ, რომ სხვებსაც გაუზიაროთ ის, სწორ გზას ადგახართ.

მოიწვიეთ რამდენიმე ადამიანი, რომელიც საკითხს ახალი პერსპექტივით დაგანახებთ – ამ გზით ცოდნის ფართო ბაზას მიიღებთ, რაც კონსტრუქციული აზროვნების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ამისათვის უმჯობესია, ორი ან სამი ადამიანი მოიხმოთ, რომელთაც პრობლემასთან მიმართებით პირდაპირი გამოცდილება არ აქვთ და რომელთა შემეცნებითი სტილი ან მსოფლმხედველობა თქვენგან ძალიან განსხვავდება.

ამის პარალელურად, ტრადიციული აზროვნების დროს ინდივიდები ჯგუფებზე უკეთ მუშაობენ. ეს იმიტომ ხდება, რომ ჯგუფური დინამიკა, როგორიცაა “სოციალური უსაქმურობა” (სხვის წვლილზე დამოკიდებულობა) და სოციალური შფოთვა (შიში იმისა, თუ როგორ შეფასდება იდეები), ხელს უშლის აზროვნების ღიაობას და ახშობს ე. წ. ინტროვენტულ ხმებს.

ბრეინშტორმინგი კი პირველ რიგში უსაფრთხო გარემოს ქმნის განსხვავებული აზრების გასაზიარებლად. თანაც, მხოლოდ კითხვებზე ფოკუსირება ავტომატურად წარმოქმნის პასუხების მოძიების სურვილს და საბოლოოდ ხელს უწყობს საკითხის ღრმად გაცნობიერებას. გაითვალისწინეთ, რომ ბრეინშტორმინგისას დრო გარკვეულწილად შეზღუდული უნდა იყოს.

გარდა ამისა, ყველა კითხვა არ შეიძლება მიზანშეწონილად ჩაითვალოს, არამედ გარკვეული “ჩარჩოები” არსებობს. მაგალითად, განსხვავებული აზროვნების ტრადიციული ტექნიკა (მაგალითად, შემთხვევითი ასოციაციების შექმნა ან ალტერნატიული პიროვნების მიღება) ხელს შეუწყობს ახალი კითხვების წარმოქმნას. ასევე, სასარგებლოა სინთეზური კითხვები. ხოლო ისეთი კითხვების წამოჭრა, რომლებიც უსაფუძვლო შიშსა და ეჭვს ბადებს, დამანგრეველია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანია ემოციებზე დაკვირვება – როგორი დამოკიდებულება გაქვთ გამოწვევის მიმართ? ნეგატიური, პოზიტიური თუ ნეიტრალური? გააკეთეთ ეს ბრეინშტორმინგის დაწყებამდე და შემდეგ დასასრულს კვლავ მიუბრუნდით.

2. კითხვების ბრეინშტორმინგი 

დააყენეთ ტაიმერი და მომდევნო ოთხი წუთის განმავლობაში საკითხთან დაკავშირებული რაც შეიძლება მეტ კითხვას დააკვირდით. ნუ გააპროტესტებთ რომელიმე მათგანს, რაც უფრო მოულოდნელი და გამომწვევია კითხვა, მით უკეთესია. მართალია, კონტრ-ინტუიციური კითხვები ბევრ ჩვენგანს არასასიამოვნო მდგომარეობაში აყენებს, მაგრამ ისინი აუცილებელია.

ეს სავარჯიშო რაოდენობაზეა ფოკუსირებული. მაგალითად, სცადეთ, შეზღუდულ დროში მინიმუმ 15 კითხვის წამოჭრის ლიმი დაადგინოთ. დაწერეთ თითოეული კითხვა და ზუსტად აღწერეთ მისი არსი და გაზიარებისას ჯგუფის წევრებს გულწრფელობისკენ მოუწოდეთ.

ალბათ, გიჩნდებათ კითხვა, არსებობს თუ არა რაიმე სახის მაგია, რომელიც ოთხ წუთში 15 კითხვის დასმაში დაგეხმარებათ… რა თქმა უნდა, არა, მაგრამ დროის ლიმიტი მონაწილეებს ეხმარება, “მხოლოდ კითხვების” წესი დაიცვან. უფრო მეტიც, ერთ საკითხზე უწყვეტი კონცენტრაცია ადამიანის გონებას ნამდვილ მოთხოვნებს უყენებს – ამიტომაც, ამ ვარჯიშის ენერგია ხშირად სამნახევარი წუთის შემდეგ მცირდება (განსაკუთრებით, დამწყებების შემთხვევაში).

ტაიმერის გამორთვის შემდეგ მეორე სწრაფი ემოციური შემოწმება გააკეთეთ. როგორ გრძნობთ თავს ამ დავალების შესრულების შემდეგ? როგორი განწყობა აქვთ ჯგუფის დანარჩენ წევრებს? მთლიანობაში უფრო პოზიტიურები ხართ, ვიდრე ოთხი წუთის წინ? თუ მონაცემები საშუალებას მოგცემთ, განაგრძეთ სავარჯიშო, ან დაისვენეთ და ხვალ ისევ სცადეთ.

კვლევამ აჩვენა, რომ პრობლემების შემოქმედებითი გადაჭრა განსაკუთრებით წარმატებულია, როდესაც მონაწილეები დადებით ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებიან. 1500-ზე მეტი გლობალური ლიდერის გამოკითხვის შედეგად მიღებული მონაცემები მოწმობს, რომ ბრეინშტორმინგს პრობლემებთან დაკავშირებული შეხედულების შეცვლა შეუძლია.

3. განსაზღვრეთ ძიების გზა და განახორციელეთ

შეისწავლეთ თქვენ მიერ დაწერილი შეკითხვები – შეარჩიეთ ისეთი კითხვები, რომლებიც შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე და ინტერესს გაზრდის. შემდეგ კი შეეცადეთ ეს რამდენიმე კითხვა განავრცოთ. ამის კლასიკური გზა Toyota Industries-ის დამფუძნებლის, Sakichi Toyoda-ს მიერ შემუშავებული “ხუთი რატომ” თანმიმდევრობაა… ჰკითხეთ საკუთარ თავს, რატომ არის თქვენი კითხვა აზრიანი. შემდეგ ჰკითხეთ, რატომ არის თქვენ მიერ დასახელებული მიზეზები მნიშვნელოვანი და რა დაბრკოლებებს შეიძლება გადააწყდეთ მათი გადაჭრისას?

დაბოლოს, მინიმუმ ერთი ახალი იდეის განხორციელებაზე მაინც აიღეთ პასუხისმგებლობა. გავიხსენოთ NASA-ს ინჟინრის, ადამ სტელცნერის ტერმინი “მართალი გიჟები”, რომლებიც მარსზე რობოტი როვერის გაგზავნას ახერხებენ. განზე გაწიეთ იმაზე ფიქრი, თუ რა იქნება უფრო მოსახერხებელი და ადვილად განსახორციელებელი. არამედ, წამოჭერით ინოვაციური იდეები და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა შეადგინეთ.

როგორ ვაქციოთ ეს ჩვეულებად?

მართალია, ზემოთ ხსენებული სავარჯიშო ერთ საკითხთან მიმართებით ძირითადად ერთჯერადია, მაგრამ როდესაც კითხვების სერიას მინიმუმ სამჯერ იმეორებთ, მით უფრო ღრმად იძირებით თქვენს აზრებში. არაერთი ლიდერი ასკვნის, რომ საკითხის პირველადი გაგება “ზედაპირული” იყო. კითხვების მრავალგზის განმეორების შემდეგ კი ბევრად უფრო დიდი გამოწვევები იშლება.

სამი “რაუნდის” დროსაც კი საჭირო დრო მინიმალურია. ეს არის ეფექტური გზა ახალი პერსპექტივებისა და კრეატიულობისკენ. რაც უფრო მეტს ივარჯიშებთ, მით უფრო ადვილი იქნება ეს პროცესი. როდესაც ადამიანები, ამ მიდგომის გამოყენებით, პირველად იწყებენ კითხვების დასმას, ეს პროცესი უჩვეულოდ გამოიყურება, რადგან ეს არ შეესაბამება სამსახურში და ცხოვრებაში დადგენილ ნორმებს. ბავშვობიდან გვასწავლიან, რომ კითხვებს არ უნდა ვსვამდეთ…

ჯეიმს დილონი, რივერსაიდის კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი “კითხვების არ დასმის” ფენომენს იკვლევდა. მისი თქმით, პრობლემა ცნობისმოყვარეობის ნაკლებობაში არ მდგომარეობს, არამედ საქმე იმაშია, რომ უმეტესობას თანმდევი რეაქციის ეშინია. ბავშვობიდან ვსწავლობთ, რომ კითხვების დასმის ნაცვლად, მასწავლებლების მიერ დასმულ კითხვებზე უნდა გვქონდეს კარგად ჩამოყალიბებული პასუხები. ამის საპირისპიროდ კი სხვა მკვლევრები ირწმუნებიან, რომ კითხვების დასმა ადამიანის თანდაყოლილი ქცევაა.

რა თქმა უნდა, მრავალ ბიზნეს ლიდერი აცნობიერებს მუდმივი ინოვაციის საჭიროებს და ცდილობს, ბრეინშტორმინგი წაახალისოს. ამიტომაც, აუცილებელია “კითხვის არ დასმის” ტენდენცია შეიცვალოს. მაგალითად, MIT-ის სამედიცინო ტექნოლოგიების ინოვატორი, რობერტ ლენგერი, ამბობს: “როდესაც სწავლობ, იმის მიხედვით ფასდები, თუ რამდენად კარგად პასუხობს კითხვებს. ვიღაც სხვა კითხვებს სვამს და თუ კარგ პასუხს სცემ, კარგ შეფასებას იღებ. მაგრამ ცხოვრებაში გაფასებთ იმით, თუ რამდენად კარგია თქვენი შეკითხვები”. 

აღსანიშნავია, რომ ადამიანები უკეთ სვამენ კითხვებს, როდესაც თავს უსაფრთხოდ გრძნობენ და აქტიურად ეძებენ ჭეშმარიტებას. ასეთი კულტურის შესაქმნელად ლიდერებმა თავმდაბლობა, ნდობა და სამართლიანობა უნდა გამოიჩინონ. მაგალითად, როდესაც ბრეინშტორმინგი დიდ ჯგუფებში მიმდინარეობს, პროცესში ყველაზე ნაკლებად მაღალი პოზიციის მქონე ადამიანები იღებენ მონაწილეობას. თავის მხრივ, ეს სხვა მონაწილეებს აბრკოლებს, რადგან ლიდერების ენთუზიაზმის ნაკლებობას ხედავენ.

დაბოლოს, ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა შემდგომ პროგრესზე. ჰალის თქმით, ძალიან ცოტა რამ არის იმაზე გამაღიზიანებელი, ვიდრე ადამიანები, რომლებიც მხოლოდ კითხვებს სვამენ. ახალი, უკეთესი და განსხვავებული ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს გარკვეული დრო სჭირდება, რასაც აუცილებლად უნდა მოსდევდეს ახალი გზების ძიება.

წყარო: HBR



მავნე ჩვევები, რომლებზეც უარი უნდა ვთქვათ, თუკი ჯანსაღ ცხოვრებას მივდევთ

18 საინტერესო ფაქტი ნაყინზე, რომელიც არ იცოდი