in

კაცი, რომელმაც შექმნა Rolex

ყავის სმისას, მნიშვნელოვანია, არ დავკარგოთ დროის კონტროლი. სწორედ ამიტომ, დღეს,  Rolex-ის – შესახებ მოგითხრობთ, რომელიც საათების ერთ-ერთი TOP ბრენდია მსოფლიოში. მისი 119-წლიანი ისტორია, გერმანელ ბიზნესმენ ჰანს ვილსდორფს უკავშირდება, რომელმაც 1905 წელს, საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და ახალი იდეებისკენ სწრაფვა დაიწყო. ორი წლის შემდეგ, მან თავის ძმასთან, ალფრედ დევისთან ერთად, კომპანია Wilsdorf and Davis დააარსა. სწორედ აქედან იწყება მისი წარმატებისკენ მიმავალი გზა.

ჰანსმა დაისახა ძალიან მკაფიო მიზანი: ეწარმოებინა საათები, რომლებიც მფლობელისთვის მთელი ცხოვრების თავგადასავალი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი საათები შესანიშნავ შედეგს აჩვენებდნენ სტატიკური ქრონომეტრის ტესტებისას, ვილსდორფი გაუმჯობესებას არ წყვეტდა. მას ისეთი პროდუქტის მიღება სურდა, რომელიც გარემო პირობების მიუხედავად, კარგად იმუშავებდა. 

წლების განმავლობაში, ჰანსი ბრენდისთვის სახელის მოფიქრებას ცდილობდა, რომელიც სასიამოვნო ჟღერადობის იქნებოდა და ნებისმიერ ენაზე მარტივად წარმოთქვამდნენ. მისი შთაგონება, ლონდონის ქუჩებში ავტობუსით სეირნობისას დაიბადა. მოგვიანებით, ჰანსმა ეს ამბავი ცნობილი სიტყვებით ასე აღწერა: „ჯინმა Rolex ჩამჩურჩულა ყურში“. ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, ბრენდმა მისამართი შეიცვალა და 1919 წელს, ლონდონიდან ჟენევაში გადაინაცვლა.

Rolex-ის 40 წლის იუბილემდე, სულ რაღაც ერთი წლით ადრე, ვილსდორფის ოჯახს ტრაგედია დაატყდა თავს. ჰანსის საყვარელი მეუღლე ფლორენცია მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ჰანსი კვლავ ერთ-ერთი უმდიდრესი, ყველაზე წარმატებული ადამიანი იყო მსოფლიოში, თუმცა მის ცხოვრებაში სიცარიელემ დაისადგურა. სწორედ მაშინ, მან დააარსა ჰანს ვილსდორფის ფონდი და კომპანიის თავისი წილი სრულად ჩადო ქველმოქმედებაში. ეს ქველმოქმედება ჰანსის გარდაცვალების შემდეგაც გრძელდება.

Rolex მისი ინოვაციებითაცაა ცნობილი. 1926 წელს, ბრენდმა პირველი წყალგაუმტარი საათი შექმნა. ამ ყველაფრის აღსანიშნავად, გრძელ დისტანციებზე მოცურავე მერსედეს გლაიტზემ, სწორედ ამ საათით გადაცურა ლა-მანშის სრუტე. მისი 10-საათიანი ლაშქრობის დასასრულს, Rolex-ის ჰერმეტულად დალუქული ქეისი კვლავაც ზუსტ დროს აჩვენებდა. 

სტატისტიკის მიხედვით, Rolex ყოველწლიურად, დაახლოებით, 700 000 – 1 000 000 მექანიკურ ქრონომეტრს აწარმოებს. ბრენდი აგრძელებს ხაზების გაფართოებას ოსტატური და შეუდარებელი საათების შექმნით, მათ შორის: Rolex Submariner, Day-Date President, Cosmograph Daytona.

რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.

Apple-მა რუსეთში თავისი პროდუქტების გაყიდვა შეაჩერა

“არ გაჩუმდე!”, – უკრაინელი დიზაინერების ხმა ომის წინააღმდეგ