იმ ბრენდის სახელწოდება, რომელზეც დღევანდელ რუბრიკაში გიამბობთ, ბევრისთვის ფუფუნებასთან ასოცირდება. ალბათ ასეცაა, თუმცა ამის გარდა ბრენდი ინახავს მემკვიდრეობას, რომელიც მის ისტორიას მოსაყოლად საინტერესოს ხდის. საუბარია Rolex-ზე, 1905 წელს დაარსებულ საათების მწარმოებელ კომპანიაზე, რომელიც დიდი ხანია გასცდა საათის კომპანიის სტატუსს და იქცა ერთგვარ ფენომენად.
ბრენდის დაარსება
Rolex დაარსდა 1905 წელს ჰანს ვილსდორფის და ალფრედ დევისის მიერ ლონდონში. თავდაპირველად კომპანიას Wilsdorf and Davis ერქვა, 1919 წელს კი მისი საწარმო შვეიცარიაში გადაიტანეს.
დღესდღეობით ბრენდი აწარმოებს ისეთ საკულტო აქსესუარებს, როგორებიცაა Rolex Submariner კოლექცია, Daytona და GMT-Master. მისი კატალოგი კონკურენციას უწევს სხვა წამყვან ძვირადღირებულ საათების კომპანიებს, ასევე, აფინანსებს ბევრ მთავარ სპორტულ ღონისძიებას: ჩოგბურთს, გოლფსა და რბოლას.
წარმატებული წლები
1908 – კომპანიისთვის დიდი წელი იყო. ვილსდორფმა დაარეგისტრირა Rolex, როგორც სავაჭრო ნიშანი. მას სურდა, რომ მისი ბრენდი ადვილად წარმოთქმულიყო ნებისმიერ ენაზე.
1910 წელს, ვილსდორფის მაღალი სტანდარტებისა და Maison Aegler-ის შესანიშნავი პროდუქტის წყალობით, Rolex მაჯის საათი გახდა პირველი, რომელსაც მიენიჭა ქრონომეტრიული შესრულების სერტიფიკატი.
გარდა ამისა, 1914 წელს მას მიენიჭა A კლასის სიზუსტის სერტიფიკატი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მაჯის საათმა მიაღწია ამ ღირსებას ინგლისში და გზა გაუხსნა Rolex-ს, რომ გამხდარიყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული ბრენდი.
სრაფვა უფრო მეტისკენ
ჰანს ვილსდორფი არ დაკმაყოფილდა მხოლოდ ჩვეულებრივი საათების წარმოებით, რომლებიც უბრალოდ ზუსტ დროს აჩვენებდა, მას სურდა ისეთი ნაწარმის შექმნა, რომელიც თავისი მფლობელის იდენტობის ნაწილი გახდებოდა.
პირველი მსოფლიო ომის დროს ძვირფას ნივთებზე საკმაოდ მაღალი გადასახადები იყო დაწესებული. გაძვირდა ლითონი – ოქრო და ვერცხლი, რომლითაც Rolex-ის საათები მზადდებოდა. ვილსდორფმა გადაწყვიტა, რომ მომგებიანი იქნებოდა ჟენევაში გადასვლა, რათა უფრო მჭიდროდ ეთანამშრომლა თავის მომწოდებლებთან ბიენში.
1919 წელს Rolex-ის ბრენდი ვილსდორფთან ერთად გადავიდა და დასახლდა ჟენევაში. Rolex Watch Company ის ადგილია, სადაც დღესაც საკულტო საათები მზადდება.
ორი საკულტო მოდელი
Rolex Oyster, ეს არის მოდელი, რომელმაც კიდევ ერთხელ შეცვალა ბრენდის ისტორია და პოზიცია. მსოფლიოში პირველი წყალგაუმტარი საათი არა მხოლოდ ფუნქციონალობით, არამედ ესთეტიკურობითაც გამორჩეული იყო. მისი კორპუსი ჰერმეტულად ილუქებოდა, რაც მას პრაქტიკულ დანიშნულებასაც აძლევდა.
1931 წელს შედგა პირველი Oyster Perpetual მოდელის დებიუტი. წყალგაუმტარი და მტვრისგან დამცავი კორპუსის კომბინაციამ, ავტომატურ მოძრაობასთან ერთად, უილსდორფის ახალ საუკეთესო ქმნილებას ჩაუყარა საფუძველი.
ბრენდის მიერ გამოშვებული თითოეული მოდელი დღეს უკვე კლასიკადაა ქცეული.
როლექსის ბიუჯეტური ვერსია
Rolex-ის შექმნასთან ერთად, ვილსდორფმა ასევე დააარსა მაღალი ხარისხის, მაგრამ დაბალი ფასის საათების ბრენდი – Tudor, შვილობილი კომპანია, რომელიც დაარსდა 1946 წელს. ვილსდორფი ორივე კომპანიის ზრდაზე ზრუნვას აგრძელებდა და გარდაცვალებამდე, 1960 წლამდე არ შეჩერებულა, აწარმოებდა ინოვაციურ საათებს.
დღეს Rolex ასოცირდება თავგადასავლებთან, ძალაუფლებასა და წარმატებასთან. აწარმოებს სხვადასხვა ზომის, ლითონების, მათ შორის ოქროს, თეთრი ოქროს, უჟანგავი ფოლადის პროდუქტებს, რომლებიც ზოგჯერ, სურვილისამებრ, ბრილიანტითაა გაწყობილი.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.