ლეგენდარული ბრენდი, დახვეწილი გარემო და ორი გამორჩეული მოდელი – „როლს-როისმა” Spectre და Ghost Series II ოფიციალურად პირველად წარადგინა საქართველოში. დებიუტი მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ ექსკლუზიურ მიღებაზე შედგა.
საღამოს მასპინძელი იყო Rolls-Royce Motor Cars Baku, როლს-როისის ექსკლუზიური დილერი ამიერკავკასიაში.
„საკულტო ფიგურა Spirit of Ecstasy საუკეთესო სიმბოლოა Best of British-ის გადმოსაცემად, – განაცხადა საღამოზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას გაერთიანებული სამეფოს ელჩის მოადგილემ საქართველოში ჩარმიან ლივერმა, – მოხარული ვარ, რომ როლს-როისმა ახალი მოდელები წარმოადგინა საქართველოში და მეამაყება, რომ ბრიტანული დიზაინის, პროექტირებისა და წარმოების ეს საუკეთესო ნიმუშები შეგვიძლია, გავაცნოთ ჩვენს მეგობრებს თბილისში“.
„მაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ თბილისში სამი ახალი მოდელი ბოლო ხუთ წელიწადში. კიდევ უფრო პრივილეგირებულად ვგრძნობ თავს, რომ Rolls-Royce Motor Cars Baku დღევანდელ გამორჩეულ მოვლენას სცენაზე მდგარი ასეთი ეკლექტიკური პერსონაჟებით აღნიშნავს, – განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ბაირამ იაკუბოვმა, – ჩვენი ფილოსოფია მდგომარეობს იმაში, რომ მომხმარებლებთან ჩამოყალიბებული სანდო ურთიერთობები მდგრადი წარმატების საწინდარია. ჩვენ აქ ვიმყოფებით გრძელვადიანი კავშირების დასამყარებლად და შესანარჩუნებლად. ეს მოვლენა ამყარებს ჩვენს ერთგულებას — დავუჭიროთ მხარი Spirit of Ecstasy-ის ნათელ მომავალს საქართველოში“.
Spectre ავტომობილების სრულიად ახალი კლასია – გამორჩეულად მდიდრული ელექტრო სუპერკუპე და პირველი ელექტრული როლს-როისი.
ელეგანტურობისა და ინოვაციის შერწყმით, Spectre აღგაფრთოვანებთ შთამბეჭდავი და, ამავდროულად, დახვეწილი გარეგნული იერით. მისი საოცარი პროპორციები და „ფასტბექის“ გამორჩეული სილუეტი ყველაზე სახელგანთქმულ ისტორიულ ავტომობილებსა და საზღვაო ხომალდებს მოგვაგონებს.
Spirit of Ecstasy-ის ფიგურა ჰაეროვნად განთავსდა, რაც დიზაინის მოდელირებისა და აეროდინამიკურ მილში ტესტირების 830 საათის შედეგია. გარე დიზაინის სრულყოფილება ინტერიერშიც გრძელდება. Spectre აღჭურვილია Bespoke-ის ტექნოლოგიურად ყველაზე პროგრესული ფუნქციებით, რისი შთაგონებაც გახდა ღამის ცის იდუმალი ესთეტიკა. მისი კარი Starlight Doors 4796 ნაზად მოციმციმე „ვარსკვლავს“ მოიცავს.
Spectre ყველაზე შეკავშირებული როლს-როისია დღემდე შექმნილთა შორის. ინჟინრებმა გამოიყენეს „დეცენტრალიზებული ინტელექტის“ რევოლუციური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის თავისუფალ და პირდაპირ ცვლას ავტომობილის 1000-ზე მეტ ფუნქციას შორის, რითაც კიდევ უფრო ამაღლებს მარკის სახელგანთქმულ ტარების ხარისხს.
როლს-როისის ლეგენდარული „ჯადოსნური ხალიჩისებრი ფრენის“ გასავითარებლად Spectre-ის ტესტირების რთული პროგრამა 1500 საათს მოიცავდა. ეს დრო მიეძღვნა ავტომობილის რეკუპერაციული დამუხრუჭების დახვეწას, რათა ის ძალდაუტანებლად, თუმცა ცოცხლად შეიგრძნობოდეს.
ლაჟვარდოვან სანაპიროზე ტესტირებისას დასრულდა Spectre-ის სახელგანთქმული დაკიდების სისტემა Planar-ის ციფრული ინტეგრირებული ევოლუცია; სისტემების აწყობა მძღოლის მოქმედებებსა და საგზაო პირობებზე ზუსტად განსაზღვრული რეაქციებით შესაძლებელი გახდა პროგრამული და აპარატული უზრუნველყოფის უახლესი მიღწევების საშუალებით.
კომპანია როლს-როისის ცენტრალურ/აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორმა, ფრენკ ტიმანმა განაცხადა: „Spectre-ს აქვს ყველა ის თვისება, რომლითაც როლს-როისი განთქმულია მთელ მსოფლიოში – სიჩუმე, აუღელვებლობა და ჰაეროვნება, – და გვიჩვენებს, რამდენად იდეალურია როლს-როისი ელექტრიფიკაციისთვის. ეს არის განაცხადი განზრახვებისა და ნათელი, თამამი მომავლისა, ვინაიდან როლს-როისი მთლიანად ელექტროეპოქაში გადადის“.
GHOST SERIES II „როლს-როისის” მანევრული და თავდაჯერებული უნიკალური გამოხატულებაა.
Ghost Series II-ის თანამედროვე იერი გადმოცემულია ფარებისა და დღისით მოძრაობის ნათურების განახლებულ გრაფიკაში, რომლებიც ცხაურის ქვედა ნაწილიდან წინა ფრთების კიდისკენ გადადის. წინა ნაწილის ქვედა მხარე ცხაურის ფუძედ გვევლინება და შევსებულია ახალი ქრომირებული დეტალებით, რომლებიც ქმნიან „მცურავ“ ვიზუალურ კვარცხლბეკს Spirit of Ecstasy-ის თილისმისთვის.
Ghost Series II-ის ინტერიერი როგორც ანალოგური, ისე ციფრული ოსტატობის ზეიმია. ახალ მინის პანელში მთელ სიგრძეზე განთავსებული ცენტრალური საინფორმაციო დისპლეი მოიცავს SPIRIT-ის მარკის მოწინავე ოპერაციულ სისტემას. SPIRIT-ი უზრუნველყოფს Series II-ის დისტანციური ფუნქციების ინტეგრაციას Whispers-ში – როლს-როისის დახურულ ციფრულ კლუბში, რომლის წევრობაც მხოლოდ მიწვევის საფუძველზეა შესაძლებელი.
ცენტრალური საინფორმაციო დისპლეის გვერდით, მგზავრის მხარეს, მდებარეობს ახალი Spirit of Ecstasy-ის საათის კაბინა. ამ ვიტრინაში განთავსებულია ანალოგური საათი და განათებული, სარკესავით გაპრიალებული, მთლიანად უჟანგავი ფოლადისგან ჩამოსხმული Spirit of Ecstasy-ის ფიგურა. ავტომობილში ჩაჯდომისას Spirit of Ecstasy ჯერ ქვემოდან ნათდება, თითქოს პროჟექტორი ასხივებს, შემდეგ კი ეს სცენური შუქი რბილ ნათებაში გადადის.
ავტომობილი სალონის უკანა ნაწილში 170 მილიმეტრით მეტ ადგილს გთავაზობთ. ეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ უკანა კარებისა და ღიობების გაფართოების წყალობით, რაც მანქანას ელეგანტურ სილუეტს უნარჩუნებს.
Ghost Series II აგრძელებს კვლევას ტექსტილის სფეროში და გვაცნობს ახალ ვისკოზურ-ბამბუკის ქსოვილს სახელწოდებით Duality Twill.
სარჟული ქსოვილი ნაქარგია მხატვრული გრაფიკით «Duality». ბრენდის დამფუძნებელთა ერთმანეთზე გადახლართული ორი R ინიციალის აბსტრაქტულ ინტერპრეტაციაზე დაფუძნებული დიზაინი ასახავს აშკარა ზღვის გავლენას, მოგვაგონებს გადახლართულ ბაგირებს, რომლებსაც იალქნიან იახტებზე შეხვდებით.
მთლიანად Duality Twill სალონი მოიცავს 2,2 მილიონამდე გვირისტს, 11 მილ ძაფს და 20-საათიანი მუშაობის შედეგია. Series II-ში გამოყენებულია კიდევ ერთი თანამედროვე ტექნიკა – წერტილოვანი პერფორირება. ეს ინოვაციური პრაქტიკა ოსტატებს ხელოვნების ნიმუშების შექმნის საშუალებას აძლევს ტყავში უწვრილესი ნახვრეტების გაკეთებით. დიზაინერებმა ორნამენტი შექმნეს გუდვუდში როლს-როისის სახლის თავზე მოლივლივე ღრუბლების შთაგონებით, რომლებიც მუდმივად იცვლიან ფორმასა და ჩრდილს. ნამუშევარი შედგება 107 000 ნახვრეტისგან, რომელთა ზომა 0,8 და 1,2 მილიმეტრია.
როგორც ფრენკ ტიმანმა აღნიშნა, პირველი Ghost-ის გამოშვებიდან 2011 წელს, ის გახდა ყველაზე მოთხოვნადი მოდელი როლს-როისის 120-წლიან ისტორიაში. მომხმარებლების თხოვნით, Series II-ის ეს ახალი იტერაცია თავისი პრინციპების ერთგული რჩება.
საქართველოში Rolls-Royce-ის ახალი მოდელების პრეზენტაციის ღონისძიებებს ორგანიზება „ანი პირველი ივენთსმა“ გაუწია. პიარმხარდაჭერასა და ფროდაქშენს უზრუნველყოფს სააგენტო „სიმეტრა დიჯითალი“.
[პარტნიორის კონტენტი]