ავტოისტორიის დღევანდელ რუბრიკაში ნამდვილად გამორჩეულ ბრენდზე უნდა მოგიყვეთ. ავტომწარმოებელზე, რომელიც ფუფუნებასა და სიმდიდრესთან, სილამაზესა და დახვეწილობასთან ასოცირდება.
ეს არის ბრიტანული, ძვირადღირებული მანქანების კომპანია, რომლის შტაბ-ბინაც გუდვუდში მდებარეობს. იგი ცნობილია როგორც მწარმოებელი, რომელსაც მინიმუმადე აქვს დაყვანილი ტექნიკისა და რობოტების გამოყენება მანქანის აწყობის პროცესში და თითქმის ყველა დეტალი ადამიანის ხელით კეთდება. საუბარია Rolls-Royce-ზე, რომლის თითოეული მოდელიც მასზე შეკვეთის მიღების შემდეგ მზადდება.
ისტორიის დასაწყისი
კომპანია ორმა ადამიანმა, ფრედერიკ ჰენრი როისმა და ჩარლზ როლსმა გასული საუკუნის დასაწყისში, კერძოდ, 1904 წელს დააარსეს. სანამ ერთმანეთს გაიცნობდნენ, ორივეს ჰქონდა სურვილი, რომ დაემზადებინა საუკეთესო, უმაღლესი ხარისხის ავტომობილი.
ფრედერიკ ჰენრი როისი დაიბადა 1863 წელს, ფქვილის მწარმოებლის 5-შვილიან ოჯახში. როცა 14 წლის გახდა, რკინიგზის ქარხანაში დაიწყო მუშაობა, სადაც კარგად ისწავლა ალგებრა და ელექტროინჟინერია. მის მიერ პირველი დაფუძნებული კომპანია F.H. Royce and Co იყო, რომელიც აწარმოებდა გადამრთველებს, ნათურების დამჭერებს, კარზე დასაყენებელ ზარებს და სხვა. ის ამ საქმიანობით საკმაოდ პოპულარული გახდა.

მისი პირველი შეხება მანქანებთან Decauville-ის ავტომობილით დაიწყო, როცა მან შეიძინა ის და მიუხედავად იმისა, რომ იმ დროში საკმაოდ ნორმალურ მანქანად ითვლებოდა, როისი მაინც უკმაყოფილო ჩანდა. ამიტომ მან თვითონ დაიწყო მანქანების აწყობა და პირველივე მცდელობა წარმატებული გამოუვიდა.
ეს წარმატება შეუმჩნეველი არ დარჩენია მაღალსიჩქარიანი მექანიზმების მგზნებარე თაყვანისმცემელს, ჩარლზ როლსს, რომელსაც იმ დროისთვის უკვე საკუთარი დილერი ჰყავდა და ჩამოჰყავდა მანქანები სხვა ქვეყნებიდან. როლსმა როისს შესთავაზა თანამშრომლობა და ისტორიის გაგრძელებასაც კი რომ არ მოვყვეთ, მკითხველი მაინც მიხვდება, რომ თანამშრომლობა შედგა, ამ ბრენდის სახელწოდებიდან გამომდინარე.
პარტნიორებმა დააფუძნეს საკუთარი ფირმა და დაიწყეს მანქანების წარმოება. თავდაპირველად მათი მანქანები ორცილინდრიანი იყო, შემდეგ კი სამ და ოთხცილინდრიანებიც გამოუშვეს. Rolls-Royce-ის მანქანებმა სწრაფად მოიპოვეს პოპულარობა არა მხოლოდ წარმოების მაღალი ხარისხით, არამედ სპორტულ შეჯიბრებებში მრავალი გამარჯვების გამო.
დიდი აღიარება
1906 წელს გამოვიდა მოდელი სახელად, Silver Ghost, რომელსაც, მიუხედავად მაღალი ფასისა, უამრავი მომხმარებელი გამოუჩნდა. მანქანის მყიდველმა იცოდა, რაში იხდიდა დიდ თანხას, ეს იყო ავტომობილი, რომელიც ათწლეულები ემსახურებოდა თავის პატრონს.
“ვერცხლისფერი მოჩვენება” უაღრესად კომფორტული და ჩუმი მანქანა იყო, რომელსაც ზოგიერთი ნაწილი ნამდვილი ვერცხლით ჰქონდა დაფარული. სწორედ აქედან წამოვიდა მისი სახელწოდების პირველი სიტყვაც – silver, ხოლო ghost-ს მას ეძახდნენ 7-ლიტრიანი ძრავის უჩუმრად მუშაობისთვის. იგი იყო მშვიდი და მოიპარებოდა, როგორც აჩრდილი…

20-იანი წლები
პირველი მსოფლიო ომის დროს მწარმოებელი იძულებული გახდა, თვითმფრინავების წარმოებაშიც ეცადა ბედი, თუმცა მისი დასრულების შემდეგაც, “როლს როისი” არ ჩქარობდა მორიგი მოდელის გამოშვებას. მხოლოდ 1925 წელს გამოვიდა Phantom I, რომელსაც 7,6 ლიტრიანი ძრავა და 90 ცხენის ძალა ჰქონდა. 1929 წელს იგი შეიცვალა Phantom II-ით 120 ცხენის ძალით, ხოლო 1935 წელს გამოჩნდა Phatom III, ბრენდის პირველი მანქანა 12-ცილინდრიანი სიმძლავრის ბლოკით. ამ ავტომობილის ფასი დღევანდელ აუქციონებზე 700 000 ევროდ არის შეფასებული.

პირველი კაბრიოლეტი და გაბანკროტება
1971 წელს კომპანიამ გამოუშვა თავისი პირველი კაბრიოლეტი, Cornich. თუმცა, ფინანსურმა სირთულეებმა, რომლებიც კომპანიას აწუხებდა 60-იანი წლების დასაწყისიდან, თვითმფრინავის ძრავის და Corniche-ის რესურსებით ინტენსიურმა განვითარებამ საბოლოოდ შეარყია ბრენდის ფინანსური ჯანმრთელობა.
იმავე, 1971 წლის 4 თებერვალს “როლს როისი” ბანკროტად გამოცხადდა. მის გადარჩენაში მთავრობაც იყო ჩართული და 250 მილიონი დოლარის ფულადი ინექციის შემდეგ, Rolls-Royce Motor Holding გაიყო ორ კომპანიად – Rolls-Royce Motor Cars Ltd, რომელიც აწარმოებდა მანქანებს, კომპონენტებს, ძრავებს, ლოკომოტივებსა და მსუბუქ თვითმფრინავებს და Rolls-Royce Ltd, რომელიც აწარმოებდა რეაქტიულ ძრავებს.

1980-90-იან წლებშიც კომპანიის წარმოება მდორედ მიმდინარეობდა. ლონდონის ქარხანა საერთოდ დაიხურა და წელიწადში 100-ზე ნაკლებ ავტომობილს აწარმოებდა. მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა, კომპანია ბოლომდე მაინც არასოდეს გაჩერებულა. მაგალითად, ამ პერიოდში გამოუშვა ახალი მოდელი, რომელსაც ერქვა Camargues და ის გარკვეული ხნის განმავლობაში ყველაზე ძვირფას მანქანად ითვლებოდა ბრიტანეთში.
Camargue-ის ფასი 83000 ფუნტამდე გაიზარდა. წელიწადში მხოლოდ 20-25 მანქანის გაყიდვა იყო შესაძლებელი, რაც Rolls-Royce-ის სტანდარტებით, არ უზრუნველყოფდა მომგებიანობას. ამიტომ, 531 Camargue მანქანის გამოშვების შემდეგ, კომპანიამ შეწყვიტა წარმოება.
BMW & ROLLS ROYCE
1998 წელს Rolls-Royce Motor Cars Limited შეიქმნა, როგორც BMW-ს სრულ საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანია. BMW-მ მიიღო ლიცენზირებული უფლებები Rolls-Royce-ის ბრენდის სახელზე და ლოგოზე Rolls-Royce Holdings plc-ისგან. ეს იმიტომ მოხდა, რომ რთული პირობების გამო ამ წელს ბრენდი, ფაქტობრივად, არსებობას წყვეტდა, ამიტომ მფლობელებმა მისი გაყიდვა გადაწყვიტეს. შეთანხმებაში, რომელიც ორ ბრენდს შორის შედგა, ნათქვამი იყო, რომ ახალი მფლობელი შეინარჩუნებდა სასაქონლო ნიშნებს. თუმცა BMW არ იყო ერთადერთი, მას Volkswagen უწევდა სერიოზულ კონკურენციას, რომელმაც რაღაც დროით დაჯაბნა კიდეც BMW, რადგან მეტი თანხა გადაიხადა და 1998-2003 წლებში თავად აწარმოებდა როლს როისებს. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ წარმოება დაქსაქსული იყო და გარვეული ნაწილი BMW-ს მფლობელობაში მაინც იყო დარჩენილი. ამან დრო მისცა ამ ბრენდს, რომ მას ახალი Rolls-Royce აეშენებინა. 2003 წელს Rolls-Royce Motor Cars Limited გახდა Rolls-Royce-ის ბრენდირებული მანქანების ექსკლუზიური მწარმოებელი, რომელიც უკვე BMW-ს ეკუთვნოდა. სწორედ აქედან იწყება ახალი ერა.

ბრენდის ემბლემა
სხვა მანქანების მწარმოებლებისგან განსხვავებით, Rolls-Royce რჩება თავისი მემკვიდრეობისა და ფესვების ერთგული და კვლავ იყენებს ლოგოს, რომელიც შეიქმნა 1907 წელს. ბრენდის ვიზუალური იდენტობის მიხედვით, სხვადასხვა დროს რედიზაინები განხორციელდა, მაგრამ მთავარი სტილი და ფონტი იგივე რჩება. Rolls-Royce-ის პირველი ლოგო შედგებოდა ბრენდის საკულტო ემბლემისგან, რომელიც გერბს მოგაგონებთ. პირველადი ფერების ძირითადი წამყვანი იყო წითელი, რაც მის ძალაუფლებისკენ მიდრეკილებას გამოხატავდა. ადრეულ წლებშივე შეიქმნა მისი ცნობილი შრიფტი, რომელიც ახლაც გამოიყენება. Rolls-Royce-ის საკულტო ემბლემა შედგება ვერტიკალურად განლაგებული მართკუთხა, მომრგვალებული კუთხით, სიტყვიერი ნიშნითა და ბრენდის მონოგრამით. ნიშანი დიდი ასოებით იყოფა ორ ნაწილად, “Rolls” ზევით და “Royce” ბოლოში. “RR” მონოგრამა შესრულებულია არტ-დეკო შრიფტითა და დახვეწილი ხაზებით.
ემბლემას თან ახლავს სკულპტურა, რომელსაც თავისი ისტორია აქვს. მისი სახელია The Spirit of Ecstasy და იგი წამოადგენს როისის ორნამენტულ სკულპტურას, რომელიც ყოველთვისაა დასმული მანქანის ძარის წინა ნაწილზე, ემბლემის თავზე. ის გამოიხატება ქალის სახით, რომელსაც ფრთებივით აქვს გაშლილი ხელები. იგი ენერგიას, უნიკალურ სილამაზესა და სიმაღლეებისკენ სწრაფვას გამოხატავს. ხშირად მოხსენიებულია ასევე, როგორც ოცნების სიმბოლო. სულ ცოტა ხნის წინ The Spirit of Ecstasy-მ მცირე რედიზაინი განიცადა, რაც მის 111 წლის იუბილეს დაუკავშირეს.
როლს როისი ახლა
Rolls-Royce არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მანქანა, რომელსაც ყიდულობენ არა იმდენად საიმედოობის გამო, არამედ სტატუსისა და სოციალური პოზიციის დემონსტრირებისთვის. ის დღეს BMW AG-ის განყოფილებაა, რომელიც სპეციალიზირებულია Rolls-Royce ბრენდის ქვეშ ძვირადღირებული მანქანების წარმოებაში. მიუხედავად ამისა, BMW-ს ძალისხმევით, ბრენდმა დაძლია კრიზისი და კვლავ მომგებიანი გახდა. კომპანია ყოველწლიურად ყიდის რამდენიმე ათას მანქანას.

მისი ყველაზე წარმატებული და ცნობილი მოდელებია: Black Badge Ghost, Ghost Extended და PHANTOM. აღსანიშნავია, რომ ბრენდმა გასულ წელს გაყიდვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი წარმოადგინა და 5600 მანქანა გაყიდა წელიწადში. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბოლო დროს გამოსული მოდელები დიზაინის მხრივ ყველაზე გამორჩეულია. ისინი მოიცავს დეტალებს, რითაც ამ ბრენდის დიზაინი კიდევ უფრო დახვეწილი გახდა და მისი ელემენტები მიმართულია იმისკენ, რომ ვიზუალური სისტემა შექმნას.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი










