ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი სახელწოდებით The Gunslinger, რომლის რეჟისორიც ჯერემი ჰესლუპი გახლავთ, რაღაცით შეიძლება 2011 წლის ფილმ Cowboys & Aliens-ს მოგვაგონებდეს. კლასიკური ვესტერნის ფორმულის მიხედვით, მოქმედება პატარა ქალაქში ხდება, სადაც უკანონო ბანდას გმირი წყვილი უპირისპირდება. ფილმის ნარატივი სავსეა ტყვიებით, ექსტრიმით და, რაღა თქმა უნდა, მას სრულყოფილს ხდის გამოყენებული ავტომობილი.
ეს ავტომობილი Rolls-Royce Black Badge Cullinan არის, რომელიც 591 ცხენის ძალას ფლობს და დახვეწილი დიზაინით ამშვენებს სიუჟეტს. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ Rolls-Royce-ს არ შეუკვეთია ეს ნამუშევარი, თუმცა ის ბრენდის მშვენიერი რეკლამა გამოდგა.
ფილმში წარმოდგენილი Black Badge-ის დებიუტი 2019 წელს შედგა, როგორც საბაზისო მოდელის უფრო ძლიერი და უფრო დინამიკური მანქანა. ფილმის რეჟისორის თქმით, ის ზუსტად ასახავს და შეეფერება მთავარი გმირების ხასიათს. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის საერთაშორისო საავტომობილო კინოს ჯილდოზე ფილმმა ნომინაცია მოიპოვა.